ანა ტატიშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მეორედ მონაწილეობს.

შარშანდელი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა - სტარტზევე წააგო რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან - 2:6, 2:6.

სამაგიეროდ, ჩვენებური ამჟამად ასპარეზობს შეუდარებლად: პირველ წრეში 31 წლის ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი ჩამოიშორა (6:2, 6:0) გზიდან, 29 აგვისტოს კი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფი საბინე ლისიცკის (გერმანია) მძლეველ სორანა კირსტეას აჯობა.

ანაზე ორი თვით უმცროსი კირსტეა რუმინელია, 1496 ქულით დღეისთვის რეიტინგში 38-ეა. ჩვენებურისა და კარპატელის გუშინდელი შეხვედრის პირველი სეტი დაძაბულად და დრამატულად წარიმართა.
როცა ანგარიში გახდა 5:5, ტატიშვილს ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ შანსი მეტოქეს გადაულოცა.

ქართველ ჩოგბურთელს 6:6-ზე ტაიბრეიკებისას მიეცა სეტის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ისევ მოეცარა ხელი და 5:7 წააგო. სამაგიეროდ, ანამ მეორე და მესამე სეტებში მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - ხელთ იგდო ინიციატივა და 6:1, 6:2 გაიმარჯვა, რითაც 160 სარეიტინგო ქულა და 65 000 დოლარი გამოიმუშავა.

მესამე წრეში მისი მეტოქე იქნება რეიტინგში 79-ე ადგილზე მყოფი ლუქსემბურგელი მენდი მინელა. ამ უკანასკნელმა გუშინ ჩეხი კრისტინა პლუშკოვა დაამარცხა - 6:4, 6:4.

საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი ამერიკის ღია პირველობაზე დიდბრიტანელ ანე კეოტაკონგთან ერთად წყვილებშიც იასპარეზებს მე-4 ნომრად განთესილი რუსების - მარია კირილენკოს და ნადია პეტროვას წინააღმდეგ...

ამერიკის გარდა, ევროპაშიც ტარდება ქალთა სხვადასხვა დონის შეჯიბრებები. რუმინეთში 25 000-იან საერთაშორისო ტურნირში სოფიო შაფათავაც მონაწილეობდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ ერთეულთა თანრიგში პირველივე შეხვედრა წააგო (4:6, 4:6) რუმინელ ალექსანდრა დამაშინთან, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში შაფათავამ უკრაინელ ტატიანა არეფიევასთან ერთად წყვილთა პაექრობაც დათმო მეოთხე ნომრად განთესილ დანკა კოვინიჩთან (ჩერნოგორია) და ტადეი მაიერიჩთან (სლოვენია) - 5:7, 2:6.

როტერდამის (ჰოლანდია) 10 000-იან ტურნირში ასპარეზობენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. უკვე გაუწყეთ, რომ გორგოძემ სტარტზე მასპინძელი ლისან ვან რიეტი დაამარცხა - 6:1, 6:7, 6:4. გუშინ მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ შვედ მატილდა ჰამლინს სძლია - 6:2, 6:4 და მე-2 წრეში სწორედ გორგოძეს დაუპირისპირდება.

იტალიის 10 000-იან ტურნირში გამოდიოდა მარგალიტა ჩახნაშვილი. სტარტზე კოლუმბიელ იულიანა ლიზარაზუს ეთამაშებოდა.

პირველი სეტი ჩვენებურმა 2:6 დათმო. მეორეში, როცა ანგარიში იყო 2:1 კოლუმბიელის სასარგებლოდ, ჩახნაშვილმა წინააღმდეგობა შეწყვიტა და, ცხადია, შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული