უკვე გაუწყეთ, რომ ანამ ღია პირველობაზე წარმატებით განვლო ორი წრე - ჯერ 31 წლის ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი ჩამოიშორა გზიდან (6:2, 6:0), მერე თანატოლ რუმინელს - სორანა კირსტეას აჯობა სამ სეტში (6:7 (5:7), 6:1, 6:2). მეთექვსმეტედფინალში ლუქსემბურგელ მენდი მინელას შეხვდა.
ორი წლის წინათ ანას მინელა ჩოგბურთელი დამარცხებული ჰყავდა. ამჯერად რეიტინგში ჩვენებური ლუქსემბურგელზე 6 საფეხურით მაღლა
პაექრობის პირველი სეტი ერთობ დაძაბული გამოდგა. მეტოქეებს თავიდან ძალიან გაუჭირდათ თავიანთ მოწოდებაზე გეიმების მოგება. მერე მენდი დაწინაურდა - 4:2, 5:3. თითქოს მინელა მიზანთან ახლოს აღმოჩნდა, მაგრამ თანდათან მისი იერიშები მინელდა, ცხადია, ანას გააქტიურების გამო და ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხი გეიმი და ხელიც მოიგო - 7:5.
ამ წარმატებამ ტატიშვილს მოტივაცია გაუზარდა და ენერგიაც მოუზღვავა. ამიტომაც მეორე სეტში 6:0 დაჯაბნა მეტოქე და მერვედფინალში გავიდა, რითაც 280 სარეიტინგო ქულა და 120 000 დოლარი გამოიმუშავა.
რაც შეეხება ანას მეტოქეს ტურნირის მერვედფინალში, ბელარუსი ჩოგბურთელი აქამდე ძალიან იოლად მივიდა: ძალების დაუძაბავად სძლია რუს ალექსანდრა პოპოვას - 6:0, 6:1, ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს - 6:2, 6:2 და ჩინელ ცზიე ჟენს - 6:0, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"