ეკა გორგოძის ჰოლანდიური ტრიუმფი

AutoSharing Option
ჰოლანდიური როტერდამის ჩოგბურთელ ქალთა 10 000-დოლარიან ტურნირში ორი ქართველი მონაწილეობდა.

ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ პირველი წრე წარმატებით დაძლიეს და მეორეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სამსეტიან პაექრობაში გორგოძემ 6:4, 2:6, 6:3 იმარჯვა. მეოთხედფინალში ჩვენებურს ბელგიელი ისლან ბონავენტურეს დასამარცხებლად ასევე სამი ხელი დასჭირდა - 3:6, 6:3, 6:2, ნახევარფინალში კი უკრაინელ ანა შკუდანს უფრო იოლად გაუსწორდა - 6:1, 7:5.

გადამწყვეტ პაექრობაში გორგოძე მე-4 ნომრად განთესილ მასპინძელს - ლესლი კერხოვს შეხვდა, რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე ნიკოლე ვან უიტერტი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

პირველი სეტი ქართველმა
ჩოგბურთელმა 7:6 მოიგო, მეორე 2:6 დათმო; სამაგიეროდ, მესამეში 6:4 იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გორგოძემ სამი ტურნირი მოიგო, მათ შორის - ორი წყვილებში.

სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად მან ჯერ გერმანულ რატინგენში აჯობა ყველას, მერე კი ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული