სოფიო შაფათავა იტალიური მესტრეს ტურნირში ითამაშებს

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის სამი წრის წარმატებით გადალახვის შემდეგ 22 წლის ანა ტატიშვილი ჩოგბურთელ ქალთა ლიდერს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ვიქტორია აზარენკას დაუპირისპირდა.

ეს შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ორივე სეტის დასაწყისში ტატიშვილმა გამოცდილ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

ოთხ-ოთხი გეიმის მერე წონასწორობა თანაბარი იყო - 2:2, მაგრამ საბოლოოდ ოსტატობამ თავისი გაიტანა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე ხელი ერთნაირი ანგარიშით - 2:6, 2:6 დათმო (იხილეთ ვიდეო).

ამ წაგების მიუხედავად, ტატიშვილის ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა ნამდვილად წარმატებული იყო - მან ხომ სამი წრის
გავლით მონაგარს 280 ქულა შესძინა და მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.

ამერიკის გარდა, ჩოგბურთელ ქალთა შეჯიბრებები ევროპის ქვეყნების კორტებზეც მიმდინარეობს. იტალიური მესტრეს (50 000$) ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს სოფიო შაფათავა. სტარტზე ჩვენებური ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს გაუწევს მეტოქეობას.

ჰოლანდიაში ორი ტურნირი მოიგო (ერთეულებსა და წყვილებში) ეკატერინე გორგოძემ. მესამე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა: ალფენას (25 000$) საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში გორგოძეს პოლონელმა კატარჟინა პიტერმა აჯობა - 6:4, 6:3.

სამაგიეროდ, ეს ეტაპი შეუფერხებლად განვლო სოფიო ქვაცაბაიამ: ჯერ ჩეხი ლენკა კუნჩიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1, შემდეგ კი რუსი კსენია კირილოვა დაჯაბნა - 7:6, 6:4. ძირითადი ბადის სტარტზე ჩვენებური რუმინელ მიჰაელა ბუზარესკუს შეხვდება. ამავე ტურნირის ძირითად ბადეში მოსინჯავს ძალებს მარგალიტა ჩახნაშვილი. პირველ წრეში იგი მასპინძელ ჩაიენ ევიკს შეეჯიბრება.

ანტალიის 10 000-იან ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს თამარ ჭალაგანიძე - მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ ნიკოლა ჰორაკოვას გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას პოლონელ ოლგა ბროზდასთან ერთად თურქულ გაზიანთეფში წყვილთა პაექრობა მოიგო, ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში კი სწორედ ჭალაგანიძემ აჯობა - 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული