ანა ტატიშვილმა "ბელ ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
11 სექტემბერს კვებეკში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირ "ბელ ჩელენჯზე" (საპრიზო ფონდი 220 000 დოლარი) 22 წლის ანა ტატიშვილმა (რეიტინგით 52-ე) 23 წლის სესილ კარანტაჩევა (ყაზახეთი, 90-ე) სამ სეტში დაამარცხა: პირველი ხელი დაძაბულ პაექრობაში 7:5 მოიგო, მეორე, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 1:6, მესამეში კი მსგავსი ანგარიშით (6:1) რევანში აიღო და მე-2 წრეში გავიდა, სადაც ამერიკელი ჯესიკა პეგელას (165-ე) მძლეველ ხორვატს - პეტრა მარტიჩს (76-ე) დაუპირისპირდება.

მეორე წრეში სამი ქართველით
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გუშინ ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი
15 000 დოლარი) პირველი წრის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში გიორგი ცივაძე დაამარცხა - 6:1, 2:6, 7:5. ალექსანდრე მეტრეველმა გუი მიხელევიჩს (ისრაელი) აჯობა - 6:3, 6:1, მიხეილ ხმიადაშვილმა მე-2 ნომრად განთესილ ჰანს პოდლიპნიკ-კასტილოსთან (ჩილე) წააგო - 1:6, 2:6.

ნოდარ ითონიშვილი იტალიელ მატეო მარაისთან პირველ სეტში 3:6 დამარცხდა, მეორეში კი 7:6 სძლია მეტოქეს, მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა. მე-5 ნომრად განთესილმა იტალიელმა მარაიმ უნდა თქვას, ბედი მაქვსო - მეოთხედფინალში იგი უბრძოლველად გავიდა, რადგან უკრაინელმა ორესტ ტერეშჩუკმა შეჯიბრების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა ირჟი ვესელიმ (ჩეხეთი) იოლად მოუგო ნიკოლაი ჟმირგალას (პოლონეთი) 6:2, 6:2. იგი მე-2 წრეში გიორგი ჯავახიშვილს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (3) პეტერ გოლდშტეინერს (ავსტრია) გაუწევს მეტოქეობას, ალექსანდრე მეტრეველი ჰანს პოდლიპნიკ-კასტილოს შეხვდება. ასპარეზობის დანარჩენი მონაწილეები ასე დაწყვილდნენ: მათეუშ ჟმიგიელი (პოლონეთი) - პიოტრ გადომსკი (პოლონეთი), ოლექსი აროვინი (უკრაინა - ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი), არკადიუშ კოსილა (პოლონეთი) - ტონი ანდროიჩი (ხორვატია), ლორენ რეკოუდერსი (საფრანგეთი) - იან ბელეშა (ჩეხეთი).

რაც შეეხება წყვილთა ასპარეზობას, აქ პირველი წრე ქართველთა სამმა დუეტმა გადალახა: ალექსანდრე მეტრეველსა და გიორგი ცივაძეს იან ბლეჩა და ნიკოლაი ჟმირგალა არ გამოუცხადდნენ. მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე - დემურ დავითაძე, გიორგი ჯავახიშვილი - 6:7, 6:3, 10:4. ნოდარ ითონიშვილი, დავით კვერნაძე - ანტონ გალკინი (რუსეთი), ალექსანდრ კუშაკოვი (უკრაინა) 6:4, 4:6, 10:6.

მაკამ პირველი ბარიერი გადალახა
ქართველი ჩოგბურთელი მარგალიტა ჩახნაშვილი გუშინ საფრანგეთში მონ-დე-მარსანის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) ჩაება. პირველ წრეში ჩვენებურმა უკრაინელი მარინა ზანევსკა დაამარცხა - 6:7, 7:5, 7:5.

მეორე წრეში იგი მე-5 ნომრად განთესილი ფრანგის - ირინა ბრემონდის მძლეველ (3:6, 6:4, 6:4) რუსს, ნატალია ორლოვას დაუპირისპირდება.

ანტალიური 10 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებნენ თამარ ჭალაგანიძე და ანი გოგვაძე.

ჭალაგანიძემ ზედიზედ სძლია ანდრეა-მარი ნიტესკუს ( 6:3, 6:2), პატრიცია კორტესს (6:2, 6:3), 11 სექტემბერს კი ლიტველ აკვილე პარაზინსკაიტესთან დათმო შეხვედრა (7:5, 3:6, 2:6) და ძირითად ბადეში ვერ გავიდა. საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე დამარცხდა ანი გოგვაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული