ანა ტატიშვილი "ბელ ჩელენჯის" მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
21 წლის ხორვატი ჩოგბურთელი პეტრა მარტიჩი WTA-ს რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 76-ეზე გადაინაცვლა.

13 სექტემბერს კანადური კვებეკის "ბელ ჩელენჯის" (საპრიზო ფონდი 220 000 დოლარი) მეორე წრეში იგი 22 წლის ანა ტატიშვილს დაუპირისპირდა.

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ 52-ე საფეხურზე აღზევებული ქართველი ჩოგბურთელი ახლა კარგ ფორმაშია.

ხორვატ მეტოქეს მან წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - პირველ სეტში 6:2 დაამარცხა, მეორეში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთით მეტი გეიმის მოგების საშუალება მისცა და საბოლოოდ 6:3 სძლია, რითაც მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში ჩვენებურს,
რომელმაც უკვე დაიბევა 70 სარეიტინგო ქულა, მეტოქეობას გაუწევს ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი, რომელიც მეორე ასეულის მოთამაშეა: რამდენიმე დღის წინათ 133-ე ადგილიდან 31 საფეხურით დაწინაურდა.

13 სექტემბერს მან დაძაბულ პაექრობაში 113-ე ადგილზე მყოფი მარიანა ლუჩიჩი (ხორვატია) დაამარცხა - 6:7, 6:2, 6:4.

საგულისხმოა, რომ ფლიპკენსმა ასპარეზობის სტარტზე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი დომინიკა ციბულკოვას (სლოვენია, მე-13) აჯობა - 6:2, 3:6, 7:5.

13 სექტემბერს ფრანგულ მონ-დე-მარსანში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა.

მაკა ჩახნაშვილი სტარტზე უკრაინელი მარინა ზანევსკას ძლევის შემდეგ, 13 სექტემბერს ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილ რუს ნატალია ორლოვას დაუპირისპირდა.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 7:5 მოიგო. მეორეში უფრო იოლად გაუმკლავდა მეტოქეს - 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასევე საკვალიფიკაციოდან აღზევებულ ევა ფერნანდეს-ბრუგუესს (ესპანეთი) შეხვდება.

პირინეელმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ელისა კოსტოვას (ბულგარეთი) აჯობა - 6:1, 7:6, 13 სექტემბერს კი თურქი პემრა ოზგენი დაჯაბნა - 6:1, 6:2.

მე-2 წრის დანარჩენი შეხვედრები: მიჰაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი, 1) - პაულა ქრისტინა გონსალესი (ბრაზილია) 7:5, 6:0, სტეფანი ფოგთი (ლიხტენშტეინი, 8) - ელიზ ლიმი (საფრანგეთი) 7:5, 6:4, თელიანა პერეირა (ბრაზილია) - ბეატრის გარსია-ვიდაგანი (ესპანეთი) 6:4, 6:3, ანდრეა გამიზი (ვენესუელა) - მანონ არკანგიოლი (საფრანგეთი) 6:1, 6:3, თიმეა ბაკსინსკი (შვეიცარია) - ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი) 6:3, 6:1, მირთილ გეორგესი (საფრანგეთი) - მაილენ აუროუქსი (არგენტინა) 2:6, 6:2, 6:4.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: ბუზარნესკუ - ფოგთი, პერეირა - გამიზი, ბაკსინსკი - გეორგესი, ჩახნაშვილი - ფერნანდესი.

მეორე ბარიერიც გადალახეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული