ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ლადო ჩიხლაძის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც ჩოგბურთელ ვაჟთა თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ამ შეჯიბრებას (სპორტის სამინისტროს ღია პირველობა, საპრიზო ფონდი 15 000$) ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებმა უმასპინძლა.

ფინალში ბასილაშვილი ხორვატ ტონი ანდროიჩს დაუპირისპირდა. ამ ჩოგბურთელებმა წინა დღეს დაძაბული პაექრობები გადაიტანეს. ჩვენებურმა პირველ ნომრად განთესილ ირჟი ვესელის (ჩეხეთი) სამ სეტში აჯობა - 4:6, 6:4, 6:3. ფაქტობრივად, იმავე ანგარიშებით ანდროიჩმა თბილისის წინა ტურნირის გამარჯვებული ფრანგი ლორენ რეკოუდერსი დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:3.

გულშემატკივრები გა
დამწყვეტ პაექრობაშიც საინტერესო ორთაბრძოლას ვარაუდობდნენ და იმედიც გაუმართლდათ. პაექრობა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

პირველი ხელი ბასილაშვილმა შედარებით იოლად მოიგო - 6:3. მეორეში, როცა ანგარიში თანაბარი იყო - 4:4, ხორვატმა ჯერ ბრეიკი, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მოიგო (6:4) და საერთო ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი დრამატულად წარიმართა: 4-4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი აუღო მეტოქეს და 5:4 დაწინაურდა. მერე ორმაგი მატჩპოინტიც მიიღო, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და გეიმი წააგო.

შეხვედრის ბედი ტაიბრეიკებმა გადაწყვიტა: ბასილაშვილმა 7:1 გაიმარჯვა და მთავარი პრიზი - 1 950 დოლარი დაიმსახურა. მეორეადგილოსან ანდროიჩს 600 დოლარით ნაკლები ერგო.

- ხუთი წლის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე პირველად წინა კვირას ვიასპარეზე, - გვითხრა ფინალური ორთაბრძოლის დამთავრებისთანავე ნიკოლოზმა. - მაშინ იმედები გავუცრუე გულშემატკივრებს, რადგან ზაფხულის თითქმის ერთთვიანი უქმობის მერე ჩავები შეჯიბრებაში და სპორტული ფორმის აღდგენა ვერ მოვასწარი.

ახლა კი თავს კარგად ვგრძნობ. წლეულს ეს უკვე მესამე 15-ათასიანი ტურნირი მოვიგე, ორის ფინალისტიც ვიყავი, 30 ქულა მოვიმატე და რეიტინგშიც წინ წავიწევ, მით უმეტეს, რომ რვა თვის განმავლობაში ქულებს არ დავკარგავ.

- ქომაგებმა იციან, რომ წინა ტურნირებში რუსეთის სახელით იასპარეზე...
- კონტრაქტიდან გამომდინარე, სხვაგვარად არ შემეძლო. ახლა უკვე თავისუფალი ვარ და ორი კვირაა, ისევ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას დავუბრუნდი.

- რომელ ტურნირებში იასპარეზებ?
- ერთი კვირის შემდეგ ლერმონტოვში (რუსეთი) 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირი დაიწყება; შემდეგ ტაშკენტის 125 000-იან ტურნირზე გავემგზავრები, რომელსაც ნახევარმილიონიანი კრემლის თასი მოსდევს.

იქაც გამოვცდი ძალებს. წლის ბოლომდე ევროპაში სამ ჩელენჯტურნირში მაქვს მონაწილეობა დაგეგმილი. ასე რომ, აქტიური შემოდგომა მელის და ვეცდები, ის უხვმოსავლიანი იყოს.

ლეილა მესხი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "სამი წელიწადია, საქართველოში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირები არ ჩაგვიტარებია, რასაც ძალიან განვიცდიდი.

წლეულს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებითა და თანადგომით ტრადიცია აღვადგინეთ. შეჯიბრებაში ბევრმა ქართველმა ჩოგბურთელმა იასპარეზა - როგორც გამოცდილებმა, ისე - ახალგაზრდებმა. რადგანაც ეს შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის ეტაპად მიიჩნეოდა, არ დაბეგრილა. ამიტომ ბიჭებს საშუალება ჰქონდათ, სარეიტინგო ქულებიც მოეგროვებინათ და გარკვეული თანხაც გამოემუშავებინათ.

კარგი შედეგები აჩვენეს ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ, რომლებიც საქართველოს ნაკრების წევრები არიან. განსაკუთრებით სასიხარულო კი ის არის, რომ ბასილაშვილი დაგვიბრუნდა და ტურნირიც მოიგო. ნიკას რუსეთში გადასვლა ჩვენთვის მეტად მტკივნეული იყო.

პერსპექტიული სპორტსმენია და მისი ხელი ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდა. მენეჯერს რომ არ ეიძულებინა, ფედერაციას არ შეიცვლიდა, რადგან მას საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის საქართველოს სახელით სურდა გამოსვლა.

ჩვენც არ გვქონდა მის დასახმარებლად სათანადო სახსრები, გვერდში ვერ დავუდექით.

ახლა ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება: ჩვენი ფედერაცია, სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ბასილაშვილს საერთაშორისო ტურნირებზე საასპარეზოდ და რეიტინგის ასამაღლებლად მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს".

დაბრუნდა და გაიმარჯვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული