ნახევარფინალი და ფინალი უქართველებოდ

AutoSharing Option
ბათუმში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი), რომელშიც 14 ჩვენებური ჩაება, მაგრამ ნახევარფინალამდე ყველა დაემშვიდობა შეჯიბრებას.

ასპარეზობის მე-2 ნომრად იყო განთესილი სოფიო ქვაცაბაია, თუმცა მე-7 ნომერი უკრაინელის - ანა შკუდუნის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლო. ქართველმა ჩოგბურთელმა დაძაბულ პაექრობაში ორივე სეტი დათმო - 5:7, 5:7 და გულშემატკივრებში გადაინაცვლა.

მისი ბედი გაიზიარა ეკატერინე გორგოძემ (მე-6) - ტურნირის რეიტინგფავორიტ იულია კალაბინასთან (რუსეთი) დამარცხდა - 6:7, 2:6. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნახევარფინალში ევგენია პაშკოვას (რუსეთი, 4) მძლეველ ანი ამირაგიანს (სომხეთი,
8) შეხვდება. მეორე ნახევარფინალში შკუდუნი და მისი თანამემამულე ოლგა იანჩუკი (20 სექტემბერს მან თავისი და - ელიზავეტა იანჩუკი დაჯაბნა - 2:6, 6:1, 6:3) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ეკატერინე გორგოძისა და სოფიო ქვაცაბაიას პირველ ნომრად განთესილი დუეტი, რომელმაც წლეულს ორი ევროპული ტურნირი მოიგო, ბათუმში მესამე ნომერ იულია კალაბინასთან და ევგენია პაშკოვასთან სამ სეტში დამარცხდა: 5:7, 6:4, 9:11. რუსების წყვილს ფინალში ალონა ფომინა და ანა შკუდუნი (4) შეხვდებიან. უკრაინელებმა ალემანებს - ტერეზა კლეინშტეუბერსა და რია საბეის დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 6:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული