25-შივე ცნობილი გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთა ვინაობა. ესენი არიან: ვიქტორია კანი, მარგარიტა ლაზარევა (ორივე - რუსეთი), ანა შკუდუნი და განა პოზნიხირენკო (ორივე - უკრაინა), რომლებმაც, შესაბამისად, ლაურა პოუს-ტიო (ესპანეთი, 4:6, 7:6, 6:0), ჰილდა მელანდერი (შვედეთი, 7:5, 5:7, 7:6), დარია ლებეშევა (ბელორუსი, 6:3, 6:0) და ოლგა იანჩუკი (უკრაინა, 6:3, 7:5) დაამარცხეს. ოთხივე ჩოგბურთელი ძირითად ბადეში იასპარეზებს, სადაც 25 სექტემბერს უკვე გაიმართა პირველი წრის რამდენიმე ორთაბრძოლა: სოფიო შაფათავამ ინეს ფერერ-სუარესი (ესპანეთი) დაჯაბნა - 6:1, 7:6; ოქსანა კალაშნიკოვამ დაძაბულ პაექრობაში ანასტასია გრიმალსკას (იტალია) პირველი სეტი 7:5 მოუგო, მეორეში 5:2 რომ დაწინაურდა, იტალიელმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა. მე-4 ნომრად განთესილმა ალექსანდრა კრუნიჩმა (სერბეთი) რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) აჯობა - 6:3, 6:4, ტურნირის მეორე ნომერმა ელინა სვიტოლინამ (უკრაინა) ეკატერინა ძენალევიჩს (ბელორუსი) ორ სეტში სძლია - 6:3, 6:1.
რუსულ ლერმონტოვში ჩოგბურთელ ვაჟთა 50 000-იანი ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ამას წინათ თბილისის 15 000-იანი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, მეორე ნომრად განთესილ ანდრეი კუზნეცოვს (რუსეთი) დანებდა - 4:6, 4:6. არადა, 2010 წლის ოქტომბერში ბასილაშვილმა იგი ორ სეტში დაამარცხა - 7:5, 7:5. ლერმონტოვშივე ასპარეზობს, ოღონდ რუსეთის სახელით, თეიმურაზ გაბაშვილი. ტურნირის სტარტზე მან ჯეიმს დუკვოტი (ავსტრალია) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"