თელავის საერთაშორისო ტურნირი: ქართველებმა მაყურებლებში გადაინაცვლეს

AutoSharing Option
თელავში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი). 28 სექტემბერს ერთეულთა თანრიგში გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები.

სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენებურები ვერ მოხვდნენ. სოფიო შაფათავამ ორ სეტში დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრა კრუნიჩთან (სერბეთი) - 2:6, 4:6.

ტურნირზე "ველურ ბარათით" მიწვეული ოქსანა კალაშნიკოვა ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოხვედრილ ანა შკუდუნთან (უკრაინა) დამარცხდა - 1:6, 4:6.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ (უკრაინა) სამ სეტში აჯობა გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამს (მე-8) - 6:2, 1:6, 6:1, ხოლო მეორე ნომერმა ელინა სვიტოლინამ (უკრაინა) ტერეზა მრდეზა
(ხორვატია, 5) დაჯაბნა - 6:2, 6:1.

ამდენად, ნახევარფინალში ითამაშებენ: ცურენკო - კრუნიჩი, შკუდუნი - სვიტოლინა.

მართალია, ერთეულებში ვერა, მაგრამ თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილებში იყოჩაღა - ბელარუს ეკატერინა ძეჰალევიჩთან ერთად სტარტზე პირველ ნომრად განთესილ უკრაინელ დებს - ლუდმილა და ნადია კიჩენოკებს აჯობა. 28 სექტემბერს კი ელიზავეტა იანჩუკისა (უკრაინა) და ალექსანდრა სასნოვიჩის (ბელარუსი) დუეტს სძლია - 6:4, 6:0.

ფინალში კალაშნიკოვა და ძეჰალევიჩი რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცს (გერმანია) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მეორე ნომრად განთესილი ლეტისია კოსტასი და არანჩა პარა-სანტოია (ორივე - ესპანეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3.

* * *
28 სექტემბერს სტარტი აიღო ჩინეთის ღია პირველობამ (საპრიზო ფონდი 4.828.050 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპის რეიტინგფავორიტი გახლდათ 22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი (რეიტინგით 52-ე).

სამწუხაროდ, იგი პირველსავე წრეში ესპანელ ლარა არუაბარენა-ვესინოსთან (ესპანეთი) დამარცხდა - 4:6, 3:6.

წყვილებში ტატიშვილი ყაზახ გალინა ვოსკოვოევასთან ერთად ტიმეა ბაშჩინსკის (შვეიცარია) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული