განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა ილაპარაკა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალთა ჩოგბურთში სერიოზული წინსვლაა, რასაც ანა ტატიშვილის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის 51-ე საფეხურზე დამკვიდრებაც მოწმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანამ, რომელსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 130 ათასი ლარით დაეხმარა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური თავად მოიპოვა.
ფედერაციის პრეზიდენტის უშუალო მცდელობით, საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ლიცენზია მაკა ჩახნაშვილს ერგო.
ბრიტანეთის დედაქალაქში მან წყვილებში ანასთან ერთად
მომხსენებელი საქართველოში ჩატარებულ ქალ-ვაჟთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირებსაც შეეხო.
მოხსენების გარშემო გამართული კამათის შემდეგ გაიმართა არჩევნები. პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდნენ ლეილა მესხი და სახელოვანი ჩოგბურთელის - ალექსანდრე მეტრეველის ვაჟი ალექსანდრე მეტრეველი-უმცროსი.
57 დელეგატიდან 33-მა ხმა მეტრეველს მისცა, 22-მა - მესხს, ორი ბიულეტენი გაბათილდა.
ალექსანდრე მეტრეველი: "დღევანდელ ქართულ ჩოგბურთში ბევრი პრობლემაა. ჩამოსაყალიბებელია სხვადასხვა ასაკში ნაკრები გუნდები, გასაძლიერებელია კლუბები, მისახედია ჩოგბურთი რეგიონებში, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. დამოუკიდებლად არაფერს გავაკეთებ, ძლიერი გუნდით მოვდივარ და ყველაფერს ერთობლივად გადავწყვეტთ".
ლეილა მესხი: "მეტრეველების ოჯახს გამარჯვებას ვულოცავ. ქართულ ჩოგბურთს 17 წელიწადი ვხელმძღვანელობდი და ამ ხნის განმავლობაში ფედერაციას საკუთარი სახსრებით ვინახავდი.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჩოგბურთში ვრჩები. თბილისში უდიდესი ბაზა მაქვს.
უწინდებურად განვაგრძობ ტურნირების ჩატარებას. მზად ვარ, დავეხმარო ახლად არჩეულ ფედერაციას, რადგან ჩოგბურთი ჩემი ცხოვრებაა. გვერდით დავუდგები ყველა იმ ადამიანს, ვინც სპორტის ამ სახეობისთვის იზრუნებს".
ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი: "არჩევნები ცივილიზებულად კონკურენტულ გარემოში გაიმართა. სასიამოვნოა, რომ ორივე მხარემ საერთო ენა გამონახა.
ეს ხელს შეუწყობს ჩვენთან ჩოგბურთში არსებული ყველა პრობლემის დროულად გადაჭრას. უპირველესად, ბაზებია მისახედი.
მესმის, ძვირადღირებული სპორტია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ იგი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რათა ნიჭიერი ბავშვები არ დავკარგოთ. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ამას შეძლებს".
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"