უკვე გაუწყეთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქულ საკურორტო ქალაქში ორი 10 000-იანი შეჯიბრება მოიგო და მესამესაც უმიზნებს.
ეს ასპარეზობა 17 დეკემბერს დაიწყო და ქართველი სპორტსმენი აქაც ძირითად ბადეში პირველ ნომრადაა განთესილი.
ბასილაშვილს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბეს გოგონებმა. ანტალიის 50 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ჩვენებური ჩაება.
ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში კატარჟინა კავა (პოლონეთი) დაამარცხა - 7:5, 7:5, მეორეში კი თავად დანებდა გერმანელ კრისტინა ბაროისს და მაყურებლებში გადაინაცვლა. მისი ბედი
პირველ წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკა ჩახნაშვილი და ნათია გეგია. უფრო გამოცდილმა ჩახნაშვილმა იმარჯვა - 6:3, 6:2, თუმცა მან მეორე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო - მისი წინსვლა ჟასმინა ტინჯიჩმა (ბოსნია) შეაჩერა - 6:4, 7:6.
ძირითად ბადეში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ კიარა ჩოლს (აშშ) შეხვდება.
კალაშნიკოვა წყვილებშიც მოსინჯავს ძალებს. იგი ბოსნიელ მერვანა ჯუკიჩ-სალკიჩთან ერთად პირველ ნომრად არის განთესილი და სტარტზე ალექსანდრა დულგანერუს (რუმინეთი) და მენდი მინელას (ლუქსემბურგი) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.
ეკატერინე გორგოძემ ევგენია პაშკოვასთან (რუსეთი) ერთად იასპარეზა, მაგრამ აქაც მოეცარა ხელი - ილონა კრემენს და ლიძია მაროზავას (ორივე - ბელორუსი) დანებდა - 2:6, 6:7.
ანტალიაშივე ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იანი ტურნირიც მიმდინარეობს. იქ თამარ ჭალაგანიძე გამოდიოდა, მაგრამ კვალიფიკაციას ვერც მან გაართვა თავი: მართალია, ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში სლოვაკ დომინიკა ლასკოვას აჯობა - 6:0, 6:3, მაგრამ მეორეში იტალიელ ჯოვანა ფიორეტისთან დამარცხდა - 3:6, 2:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"