ქართველი ჩოგბურთელები წყვილებში უკეთ ასპარეზობენ

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, როგორც გაუწყეთ, ჩინური გუანჩჟოუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მონაწილეობს.

ერთეულებში იგი სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას, წყვილებში კი ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად ორი ეტაპი დაძლია.

პირველ წრეში მასპინძლები - ძია სიან ლუს და ძია-ძიან ლუს დუეტი დაამარცხა (6:4, 6:1), 9 იანვარსაც ჩინელებს - თინ ლის და ძინ-ძინ ლუს აჯობა იოლად - 6:1, 6:1. 10 იანვარს ნახევარფინალშიც მასპინძლებს - ჩენ ლიანსა და შენ-ნან სუნს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა მეწყვილესთან ერთად ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი. მეორე ნახევარფინალში აკარი
ინოე - მიკი მიიამურა (ორივე - იაპონია) და ირინა ბურიაჩოკი - ნადია კიჩენოკი (ორივე - უკრაინა) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

სოფიო ქვაცაბაია ანტალიის 10.000-იან ტურნირში სცდის ძალებს. ერთეულთა თანრიგში ისიც პირველსავე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას.

წყვილებში კი მის მძლეველ მარიანა ზაკარლიუკთან (უკრაინა) ერთად გამოდის. სტარტზე ჩვენებურმა და მისმა მეწყვილემ ანგელინა კლიმოვას (გერმანია) და იოანა პოსირკას (რუმინეთი) მოუგეს - 6:2, 6:2.

მეოთხედფინალში ისინი მარიტ ბოონსტრას (ჰოლანდია) და მარიანას დას - ტაისია ზაკარლიუკს (უკრაინა) დაუპირისპირდებიან.

* * *

შეგახსენებთ, რომ 14 იანვრიდან მელბურნის კორტებზე ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება. უკვე გამოქვეყნდა საკვალიფიკაციო ბადის შემადგენლობა, რომელშიც პირველ ნომრადაა განთესილი უკრაინელი ლესია ცურენკო.

იგი მსოფლიო რეიტინგით 83-ე ადგილზეა. კვალიფიკაციაში არ ფიგურირებს 22 წლის ქართველი ჩოგბურთელის - ანა ტატიშვილის გვარი. ეტყობა, იგი ძირითად ბადეშია დაშვებული. მისი წილისყრა კი 11 იანვარს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული