სოფიო ქვაცაბაია: ანტალიის ტურნირზე ძნელი ბრძოლა გველის

AutoSharing Option
გასულ კვირას ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში თამაშობდა სოფიო ქვაცაბაია.

ერთეულთა თანრიგის სასტარტო შეხვედრა ჩვენებურმა უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან დათმო, წყვილებში კი სწორედ მარიანასთან ერთად ზედიზედ სამ დუეტს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილ ჩიაკი ოკადაეს (იაპონია) და მელის სეზერის (თურქეთი) ტანდემთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

15 იანვარს სოფიოს თურქეთში შევეხმიანეთ და ანტალიურ ბატალიებზე შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

- მარიანა ზაკარლიუკი საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელია. WTA-ს რეიტინგით იგი 280-ე იყო, ამჟამად მესამასეა. წყვილებშიც
კარგად თამაშობს.

ამიტომაც ვძლიეთ სამ მეტოქეს, მათ შორის - ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ უნგრელ რეკა-ლუკა იანის და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას.

გადამწყვეტ პაექრობაშიც, ალბათ, არ გაგვიჭირდებოდა გამარჯვება, მაგრამ ჩემმა მეწყვილემ ფეხის კუნთი გაიწყვიტა და მთელი დატვირთვით ვერ ითამაშა.

- ანტალიის მორიგ ტურნირში ახალ მეწყვილესთან ერთად იასპარეზებ...
- დიახ, მე და შინიკოვა გამოვალთ ერთად, რადგან მარიანა ზაკარლიუკი ტრავმის გამო ერთდროულად ორ ფრონტზე ვერ გამოვა.

ისაბელასთან ტანდემში უწინაც მიასპარეზია, ერთხელ ფინალშიც ვიყავით.

პირველ ნომრად ვართ განთესილები. სტარტზე მეტოქე არ გვყოლია. ოთხშაბათს რეკა-ლუკა იანის და სლოვენიელი ნასტია კოლარის დუეტს დავუპირისპირდებით.

მოგეხსენებათ, ფავორიტების წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ასე რომ, ძნელი ბრძოლა გველის.

- ანტალიის შემდეგ რომელ ტურნირში გეგმავ მონაწილეობას?
- ერთი კვირის მერე ისრაელში გავემგზავრები და 28 იანვრიდან ეილათის 75.000-იან ტურნირში ჩავებმები. იმ ასპარეზობის დამთავრებისთანავე იქვე 6-9 თებერვალს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველი ლიგის შეჯიბრება გაიმართება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიის, ბელორუსის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, ხორვატიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ისრაელის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიისა და თურქეთის ქალთა ეროვნული გუნდები მეორე პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებენ. ეს შეჯიბრება კი 2013 წლის აპრილშია დაგეგმილი.

რაც შეეხება ევროაფრიკული ზონის პირველი ლიგის ასპარეზობას, იქ მონაწილე 16 გუნდი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც საუკეთესოები სწორედ იმ ორი საგზურისთვის შეეცილებიან ერთმანეთს, ბოლო ადგილებზე გასულნი კი ლიგაში დასარჩენად გაირჯებიან...

* * *
ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ წინასწარი განაცხადით, საქართველოს ნაკრები ეილათში ასეთი შემადგენლობით გამოვა: სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე და მოთამაშე კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი.

ფედერაციის თასის გათამაშებისთვის მზადების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი ანტალიის ქალთა ახალ ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) დავუბრუნდეთ. 15 იანვარს აქ ძირითადი ბადის სასტარტო შეხვედრები გაიმართა.

სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი, იოლად დაამარცხა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული სერბი დუნია სანკიჩი - 6:1, 6:1 და მეორე წრეში ჰოლანდიელი მარით ბოონსტრას მძლეველ (6:3, 5:7, 6:3) მი იოოს (კორეა) დაუპირისპირდება.

16 იანვარს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისაბელა შინიკოვასთან ერთად იანი-კოლარის დუეტს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული