სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის ერთეულთა ფინალშია

AutoSharing Option
თბილისელმა ჩოგბურთელმა სოფიო ქვაცაბაიამ ზედიზედ მეორედ იასპარეზა ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი).

ერთი კვირის წინ მან ფინალში უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან ერთად გააღწია წყვილებში, იქ კი რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) და ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან დამარცხდა.

ქვაცაბაიამ ამჯერად ერთეულთა თანრიგში იყოჩაღა: მეხუთე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა სტარტზე დუნია სანკიჩს (სერბეთი, 6:1, 6:1) სძლია, შემდეგ მი იოო (კორეა, 6:0, 6:4) და ელინ ბოეიკენსი (ბელგია, 7:5, 7:6) ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი - რუმინელი ალექსანდრა დულგნერუ
დაამარცხა - 6:4, 6:2 და გადამწყვეტ შეხვედრაში რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდება (ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ისალინ ბონავენტურეს (ბელგია, 6:3, 6:2) აჯობა).

ისინი შარშანწინ თბილისის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველ სეტს ქართველი ჩოგბურთელი 4:0-ს რომ იგებდა, ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იანი მაშინ ფინალში უკრაინელ ლესია ცურენკოსთან დამარცხდა; სამაგიეროდ, ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად წყვილთა პაექრობაში აჯობა ყველას...

* * *

საფრანგეთის 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება მარგალიტა ჩახნაშვილი, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში შვეიცარიელ კონი პერინთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:6, 0:6.

შვეიცარიელი, თავის მხრივ, ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დანებდა - 3:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული