ნოდარ ითონიშვილი: კორტს დავუბრუნდი, მაგრამ მომავალი უიმედოა

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ვაჟებს დაეთმო. შეჯიბრებაში 32 მამაკაცი ჩაება. პირველი ნომერია გიორგი ცივაძე, რომელმაც იოლად სძლია ლაშა გულიაშვილს - 6:2, 6:1. ორგანიზატორებმა მეორე ნომრად განთესეს 23 წლის საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი ნოდარ ითონიშვილი, რომელიც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, წელიწადია, კორტზე არ გასულა. თუ არ ჩავთვლით ნაკრების შემადგენლობაში წლეულს ერთადერთ შეხვედრას. ნოდარი ახალგაზრდებში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონია, უფროსებშიც მოუპოვებია ოქროს მედალი. მეოთხე წელიწადია, ეროვნულ გუნდში თამაშობს. იძულებითი შესვენების შემდეგ გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზა - რობერტ ჩაჩავას
ორ სეტში (6:4, 6:4) სძლია და მეორე წრეში გავიდა.

- სამი წელიწადია, წელის ტრავმა მაწუხებს, ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებდი ტურნირებში მონაწილეობას და ნაკრების სპორტული ღირსების დაცვას, - გვითხრა ითონიშვილმა. - წლეულს მარტო ერთი შეხვედრა ჩავატარე. დიდი უქმობის შემდეგ დავუბრუნდი კორტს, მაგრამ სამომავლოდ იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს. დაუფინანსებლობის გამო უცხოეთში შეჯიბრებებზე ვერ მივდივართ. აქამდე თბილისის საერთაშორისო ტურნირებში მაინც ვმონაწილეობდით, წლეულს ეს სიამოვნებაც გამოგვაცალეს ხელიდან. ნაკრების წევრებს ერთადერთ ბედნიერებად ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობაღა დაგვრჩა. დევისის თასზე ევრო-აფრიკის მესამე ზონაში ვართ. იმის იქით აღარაფერია, არადა, ორი წლის წინათ უმაღლეს ეშელონში დასაწინაურებლად ვიბრძოდით. დაფინანსება თუ არ იქნა, საქართველოში ვაჟთა პროფესიული ჩოგბურთისგან არაფერი დარჩება - ვინც პერსპექტიულია, ალბათ, თავს უშველის, მოყვარულები კი ყოველთვის მოიძებნებიან...

გუშინ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: შოთა მეფარიძე-გიორგი ხოხბა 6:1, 6:4, დემეტრე მაღრაძე-კარენ სარქისიანი 6:2, 6:1, სერგო სიხარულიძე-თორნიკე წერეთელი 6:0, 6:1, ზურაბ ზედანია-სოზარ გოქაძე 7:6, 7:5, ალექსანდრე დავლიანიძე-რატი ძიძიგური 6:0, 6:2, ალექსანდრე მაღლაკელიძე-გიორგი შუხოშვილი 6:3, 6:3, ლუკა ფილფანი-ზვიად ზაალიშვილი 6:7, 6:2, 7:5, დემეტრე თაქთაქიშვილი-მერაბ ქაშიბაძე 6:1, 6:2.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული