სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მეორე დღეა, წარმატებით ასპარეზობს ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

13 მარტს, მეორე წრეში მან რუმინელი ანა ბოგდანი დაამარცხა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველი სეტი დაძაბულ პაექრობაში მოიგო - 6:4, მეორე ხელი კი უბრძოლველად დათმო - 0:6, თუმცა მესამეში შეძლო ძალების მობილიზება, კარპატელს 7:6 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სლოვაკ ლენკა იურიკოვას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა, ფაქტობრივად, უბრძოლველად გადალახა მე-2 წრე, რადგან პირველ სეტში, როცა ანგარიში იყო 1:1, მისმა მეტოქემ - დიანა ბეზეანიმ
(რუმინეთი) ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

წინ მიიწევს ტურნირის რეიტინგფავორიტი კრისტინა დინუ (რუმინეთი). 13 მარტს მან კანადელი ერინ როუტლიფი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2 და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ოკეანისგაღმელს - მე-6 ნომერ ამერიკელს - ნიკოლ მელიჩარს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში სოფიო შაფათავა უკრაინელ ალიონა ფომინასთან არის შეამხანაგებული. 13 მარტს სოფიომ და ალიონამ იანა ფეტი (ხორვატია) და ევგენია კრივორუჩკო (უკრაინა) დაამარცხეს - 6:2, 6:2.

მეოთხედფინალში ქართულ-უკრაინულ ტანდემს კიმ იანა ჰაუსლერისა (შვეიცარია) და ტინა შიეტლის (ავსტრია) დუეტი ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული