ინდიან უელსი: საჩოგბურთო სუპერკლასიკოს ვნახავთ

AutoSharing Option
ინდიან უელსში მორიგი სათამაშო დღე თითქმის მთლიანად მამაკაცებს დაეთმოთ, რომლებმაც სრულად ითამაშეს მერვედფინალური ეტაპი, ქალებს შორის კი მხოლოდ ორი ნახევარფინალი გაიმართა.

კაცებში მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - მივიღებდით თუ არა მეოთხედფინალში თანამედროვე ჩოგბურთის "სუპერკლასიკოს": როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რიგით 29-ე დაპირისპირებას. ამისთვის შვეიცარიელს უნდა დაემარცხებინა თანამემამულე სტანისლას ვავრინკა, ნადალს კი - ლატვიელი ერნესტ გულბისი.

ფედერერისა და ვავრინკას მატჩი დასრულდა ისე, როგორც მათი წინა 12 დაპირისპირება - როჯერმა მოიგო, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. პირველ სეტში ვავრინკამ ბრეიკით დაწინაურება შეძლო,
მაგრამ ფედერერმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით პარტიაში ზედმეტი პრობლემები აიცილა თავიდან. როჯერს შეეძლო, ორ სეტში მოემთავრებინა საქმე, მაგრამ მეორე პარტიაში 5:4-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, ტაი-ბრეიკზე კი ერთხელაც არ გასულა წინ.

დაძაბული ბრძოლა იყო მესამე პარტიაში, სადაც კვლავ პირველი ბრეიკი ვავრინკამ შეასრულა. როჯერმა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თუმცა ბოლოსკენ ერთი "დაფარული" მატჩბოლის მოგერიებაც მოუწია. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ეს საფრთხე აიცილა და კიდევ ერთი ბრეიკით მიიყვანა საქმე ურთულეს გამარჯვებამდე.

ასევე სამსეტიანი იყო ნადალისა და გულბისის მატჩი. ბალტიისპირელს ზედიზედ 13 მატჩი ჰქონდა მოგებული. ესპანელის ანალოგიური სერია 10 მატჩს უტოლდებოდა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი იყო ჩატარებული ჰარდის საფარზე.

პირველ სეტში მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ მეათე გეიმში ნადალს მოულოდნელი ჩავარდნა დაემართა, რაც პარტიის დაკარგვად დაუჯდა.

მეორე სეტში ნადალმა ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება, რასაც გულბისმა ერთი ბრეიკი შეაგება და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა. მატჩის მშვენება გახდა მესამე სეტი. მე-10 გეიმში ესპანელმა ბეწვის ხიდზე გაიარა - გულბისს ორი ქულა სჭირდებოდა მატჩის მოსაგებად, მაგრამ რაფამ მაინც არ მისცა მეტოქეს თუნდაც ერთი მატჩბოლი. ამის შემდეგ გულბისმა ჩააგდო საკუთარი გეიმი და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა ნადალს საკუთარ მოწოდებაზე სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა. ლატვიელმა ორი საფრთხე მოიგერია, მაგრამ მესამეზე ესპანელმა უშეცდომოდ ითამაშა.

მერვედფინალში მოიგეს სხვა ფავორიტებმაც. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რევანში აუღო სემ კუერის შარშან პარიზის მასტერსზე დამარცხების გამო. მაშინ მსოფლიოს პირველმა ნომერმა პირველი სეტი 6:0 მოიგო, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში დამარცხდა.

14 მარტის მატჩშიც სერბმა პირველ სეტში "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მეორეში კი იოლი გამარჯვების რამდენიმე შანსი გაუშვა ხელიდან - ჯერ დაკარგული ბრეიკი დააბრუნებინა ამერიკელს, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე 1:5-დან გაათანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ბოლოს მაინც ორ სეტში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგაზე გავიდა.

* * *
როგორც გითხარით, ორი მეოთხედფინალი გაიმართა და ისე გამოვიდა, რომ ინდიან უელსის ფინალში აუცილებლად ითამაშებს რუსი ჩოგბურთელი - სახელად მარია. მარია კირილენკომ და მარია შარაპოვამ, შესაბამისად, დაამარცხეს პეტრა კვიტოვა და სარა ერანი და პირველი ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს.

გვიან ღამით უნდა გამართულიყო მეოთხედფინალი გერმანელ ანჟელიკ კერბერსა და ავსტრალიელ სამანტა სტოსურს შორის, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაზიანებული კოჭის გამო ვერ შეძლო მოედანზე გასვლა. კერბერის მეტოქე ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკასა და კაროლინ ვოზნიაცკის შეხვედრაში გაირკვევა.

კაცები
1/8-ფინალი
კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ჟილ სიმონი (საფ, 13) 6:3, 1:6, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-მილოშ რაონიჩი (კან, 17) 4:6, 7:5, 6:4; ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)-რიშარ გასკე (საფ, 10) 6:1, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18) 6:3, 6:7(4), 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-კარლოს ბერლოკი (არგ) 7:6(4), 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ერნესტ გულბისი (ლატ) 4:6, 6:4, 7:5; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ტომი ჰაასი (გერ, 19) 6:1, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სემ კუერი (აშშ, 23) 6:0, 7:6(6).

1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ცონგა (8); მარეი (3)-დელ პოტრო (7); ბერდიხი (6)-ანდერსონი; ნადალი (5)-ფედერერი (2).

ქალები
1/4-ფინალი
მარია კირილენკო (რუს, 13)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 4:6, 6:4, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-სარა ერანი (იტა, 6) 7:6(6), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინდიან უელსი: შვიდი ლიდერი და ერთი გამონაკლისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული