სხვათა შორის, შვეიცარიელი ზედიზედ შვიდი ტურნირია ვერ ახერხებს ტიტულის დაცვას. ამჯერად, მან მეოთხედფინალიდან დატოვა ტურნირი, როცა რაფაელ ნადალთან წააგო უშანსოდ. ამით ენდი მარეიმ მიიღო ფედერერის გასწრების შანსი – ბრიტანელს ამისთვის ფინალში გასვლა სჭირდებოდა, მაგრამ მანაც მეოთხედფინალში წააგო ხუან მარტინ დელ პოტროსთან. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში პირველი ნომრის ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჩერება შეძლო. საბოლოოდ, სერბმა გაიმეორა შარშანდელი შედეგი და გაიმყარა ლიდერობა რეიტინგში. ამ
რაც შეეხება ნადალს, რომელმაც შეძლო მასტერსის მოგება, ის საუკეთესო ოთხეულში დაბრუნდა, რაშიც დავიდ ფერერიც დაეხმარა, რომელმაც პირველი წრე წააგო ინდიან უელსში. თუმცა “დიდი ოთხეულის” აღდგენა ხანგრძლივი დროით არ მოხდა, რადგან ნადალი არ ჩავიდა მაიამიში სათამაშოდ და ამის გამო, ისევ მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდება.
ინდიან უელსის ფინალისტმა დელ პოტრომ შეინარჩუნა მეშვიდე ადგილი. არგენტინელი აგრძელებს ტომაშ ბერდიხის დევნას, რომელიც თავად გამოვიდა წარმატებით ინდიან უელსში – ის აქ პირველად გავიდა ნახევარფინალში.
შარშანდელი ფინალისტი ჯონ ისნერი პირველივე მატჩში დამარცხდა და რეიტინგში 23-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამერიკელმა 2011 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად დატოვა TOP20. გარდა ამისა, ჯონმა დაკარგა აშშ-ის პირველი ჩოგანის სტატუსი. ეს საპატიო მისია სემ კუერიმ ჩაიბარა - კარიერაში პირველად. ის ამერიკის რიგით მე-13 პირველი ჩოგანი გახდა. არადა, კუერი ამერიკელ ლიდერთა შორის ერთადერთია, რომელიც არასოდეს ყოფილა ATP-ის კლასიფიკაციის TOP10-ში.
დაბოლოს იმის შესახებ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგში პირველ საფეხურზე ყოფნით გაუსწრო ლეგენდარულ სტეფან ედბერგს და ამ მაჩვენებლით მეათე ადგილზე გადავიდა.
1. ფედერერი (შვეიცარია) - 302 კვირა
2. სამპრასი (აშშ) - 286
3. ლენდლი (ჩეხოსლოვაკია) - 270
4. კონორსი (აშშ) - 268
5. მაკინროი (აშშ) - 170
6. ბორგი (შვედეთი) - 109
7. ნადალი (ესპანეთი) - 102
8. აგასი (აშშ) - 101
9. ჰიუიტი (ავსტრალია) - 80
10. ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 73
11. ედბერგი (შვედეთი) - 72
* * *
ინდიან უელსში ქალებიც თამაშობდნენ უმაღლესი კატეგორიის ტურნირში, რომელსაც, ტრადიციულად პირადი მოსაზრებების გამო ტოვებდა სერენა უილიამსი. თუმცა მის პირველობას კლასიფიკაციაში არაფერი ემუქრებოდა, რადგან კონკურენტებს ბევრი ქულა ჰქონდათ დასაცავი - აზარენკას 1000 ქულა ტიტულისთვის და შარაპოვას - 700 ქულა ფინალისთვის.
ვიქტორიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც კაროლინ ვოზნიაცკის უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩიდან მოიხსნა. ფორმალურად, აზარენკა მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. ბელარუსმა ინდიან უელსში მხოლოდ 250 ქულა დააგროვა და შესაბამისად, 750 დაკარგა.
აზარენკას გასასწრებად, შარაპოვას შარშანდელი შედეგის გამეორება სჭირდებოდა. ოფიციალურად, მარიამ მეორე ადგილი ნახევარფინალში მარია კირილენკოს დამარცხებით გაინაღდა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და ფინალში დამაჯერებლად მოუგო კაროლინ ვოზნიაცკის. კალიფორნიაში გამარჯვებით შარაპოვა 10000-ქულიან ზღვარს გადაცდა და ახლა, სერენას მხოლოდ 350 ქულით ჩამორჩება.
შარაპოვას აღზევების გარდა, პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა. პეტრა კვიტოვამ მეშვიდე ადგილი დაუთმო სარა ერანის, გარდა ამისა, ფინალში გასვლით ვოზნიაცკიმ სამანტა სტოსურს გაუსწრო. ავსტრალიელი TOP10-ის ზღვარზეა, მაგრამ იქიდან გაძევება არ ემუქრება, რადგან მე-11 ადგილზე მყოფ ბარტოლის ათასზე მეტი ქულით უსწრებს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონა ბარტელი გადავიდა 23-ე ადგილზე, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ. კირსტენ ფლიპკენსი 28-ე ნომერია და პირველად შევიდა საუკეთესო 30-ს შორის, ხოლო ახალგაზრდა ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი პირველად მოხვდა TOP50-ში.
* * *
მაიამიში იწყება ზედიზედ მეორე მასტერსი მამაკაცებს შორის და ქალების უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. ამჯერად, გამორიცხული არ არის WTA-ის კლასიფიკაციაში ლიდერის ცვლილება. პირველი ნომერი სერენა უილიამსი ფლორიდაში შარშანდელ მეოთხედფინალს იცავს - მაშინ მან ამ სტადიაზე კაროლინ ვოზნიაცკისთან წააგო. პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, უმცროს ამერიკელს შარშანდელი შედეგის გამეორება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას ტიტულიც არ ეყოფათ პირველ ადგილზე გასასვლელად - ისინი, შესაბამისად, 50 და 40 ქულამდე მიუახლოვდებიან ამერიკელს. თუ უმცროსი უილიამსი ნაადრევ სტადიაზე დატოვებს ტურნირს, მაშინ ვიქტორიასა და მარიას მოგება დასჭირდებათ ამერიკელის დასაქვეითებლად. გარდა ამისა, ბელარუსი და რუსი ერთმანეთში მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რუსი შარშანდელ ფინალს იცავს, ბელარუსი - მეოთხედფინალს. შარშანდელი ქულების გამორიცხვის შემდეგ, აზარენკა ვირტუალურად ჯერჯერობით უსწრებს შარაპოვას 10 ქულით.
მაიამიში ტიტულს იცავს აგნიეშკა რადვანსკა. პოლონელი დიდი ხანია დამაჯერებლად ინარჩუნებდა ადგილს პირველ ოთხეულში, მაგრამ ახლა, წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდეგ კვირას გამოვარდეს TOP4-დან.
მამაკაცებს შორის პირველი ადგილისთვის ბრძოლა მოსალოდნელი არ არის. ჯოკოვიჩი ფლორიდაში იცავს ტიტულს, მარეი - ფინალს. შარშანდელი ფინალის გამეორების ალბათობა დიდია, რადგან ფედერერმა და ნადალმა უარი განაცხადეს მაიამიში გამოსვლაზე. ამიტომაც, ესპანელი დაკარგავს ქულებს შარშანდელი ნახევარფინალისთვის და ისევ დაუთმობს მეოთხე პოზიციას ფერერს.
ATP
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 280
2(2) . როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 715
3(3). ენდი მიურეი (ბრიტ) 8 350
4(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 745
5(4). დავიდ ფერერი (ესპ) 6 630
6(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 5 010
7(7). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 830
8(8). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 750
9(9). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 3 090
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 960
11(12). მარინ ჩირიჩი (ხორ) 2 570
12(11). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 435
13(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 300
14(14). ხუან მონაკო (არგ) 2 185
15(16). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 135
16(17). მილოშ რაონიჩი (კან) 2 095
17(18). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 960
18(19). ტომი ჰაასი (გერ) 1 925
19(20). ანდრეას სეპი (იტა) 1 785
20(23). სემ კუერი (აშშ) 1 760
WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 10 365
2(3). მარია შარაპოვა (რუს) 10 015
3(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 9 575
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 7 395
5(5). ნა ლი (ჩინ) 5 880
6(6). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 400
7(8). სარა ერანი (იტა) 5 160
8(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 5 150
9(10). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 130
10(9). სამანტა სტოსური (ავსტრა) 4 005
11(11). მარიონ ბარტოლი (საფ) 3 155
12(12). ნადია პეტროვა (რუს) 3 050
13(15). მარია კირილენკო (რუს) 2 871
14(14). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 695
15(16). რობერტა ვინჩი (იტა) 2 545
16(17). სლოან სტივენსი (აშშ) 2 490
17(13). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 466
18(20). ვენუს უილიამსი (აშშ) 1 940
19(18). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 1 930
20(19). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 1 905
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინდიან უელსი: როცა აზარენკა და უილიამსი არ თამაშობენ