პირველ სეტში არგენტინელმა ერთბრეიკიანი უპირატესობა გაანიავა და პარტია ტაი-ბრეიკზე დათმო. ამას მოჰყვა წვიმით გამოწვეული პაუზა, მაგრამ იძულებითმა დასვენებამ არგენტინელს ვერ უშველა და მან მეორე სეტში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. როგორც ჩანს, დელ პოტრო ძალიან
ასევე გამოეთიშა ბრძოლას კიდევ ერთი არგენტინელი - ხუან მონაკო, რომელმაც შარშან, მაიამიში ნახევარფინალში ითამაშა. თუმცა, მონაკოს წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, ესპანელ ალბერტ რამოსთან წაგება გასაკვირი არ ყოფილა.
წარმატებით დაიწყო ტურნირი ბრიტანელმა ენდი მარეიმ, რომელსაც იოლი გასეირნება გამოუვიდა ბერნარდ ტომიჩთან - 6:3, 6:1. მაიამის მასტერსის 2009 წლის ჩემპიონმა პირველი მოწოდებით ქულების 80 პროცენტი აიღო, თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი გააკეთა და 56 წუთში მოამთავრა საქმე. ეს ამ ჩოგბურთელთა მეორე შეხვედრა იყო და მარეიმ 2:0 წაიყვანა ანგარიში.
მათ შორის პირველი მატჩი წელს, ბრისბენის ტურნირის ნახევარფინალში შედგა და მაშინ ენდიმ მოიგო, რის შემდეგაც ფინალში გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა. სხვათა შორის, მარეის მეტოქე მესამე წრეში სწორედ ეს ბულგარელი ჩოგბურთელი იქნება.
ჟო-ვილფრიდ ცონგამ მართალია, ორ სეტში მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკის, მაგრამ ფრანგს საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. თუმცა ეს გასაკვირი არ ყოფილა, რადგან აღნიშნულ მატჩამდე ტროიცკი ურთიერთშეხვედრებში უგებდა ცონგას - 3:2.
მატჩში ტროიცკის ორჯერ ჰქონდა სეტბოლი პირველ სეტში - 5:4-ზე და ასევე ტაი-ბრეიკზე (6:5-ზე). ფრანგმა ორივე საფრთხე მოიგერია, ტაი-ბრეიკი 8:6 მოიგო, მეორე სეტში კი ორი ბრეიკით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
აგრძელებს ამ სეზონში წარმატებულ გამოსვლას ფრანგი რიშარ გასკე. ტურნირის მერვე ნომერმა 87 წუთში მოუგო ოლივიე როხუსს. ფრანგმა ხუთჯერ აიღო ბელგიელის მოწოდება - 7:5, 6:2. გასკეს სტატისტიკა წელს 18 მოგება და მხოლოდ 4 წაგებაა. მან უკვე ორი ტიტულის მოგება მოასწრო - დოჰასა და მონპელიეში.
ბეწვის ხიდზე გაიარა ამერიკელმა ჯონ ისნერმა. მისი მეტოქე, ხორვატი ივან დოდიგი მესამე სეტში 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მასპინძელმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და იქ 7:5 მოიგო. ისნერმა კარგად გამოიყენა თავისი მთავარი იარაღი და 24 ეისი ჩააწოდა. ამერიკელისთვის მესამე წრეში გასვლა უკვე წარმატებაა, რადგან ინდიან უელსში მან პირველივე წრე წააგო ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან, რის გამოც, ახალ რეიტინგში ტოპ-ოცეულიდან გამოვარდა.
შემდეგ წრეში ისნერის მეტოქე კიდევ ერთი ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელმაც სანტიაგო ხირალდოსთან მატჩში რვიდან შვიდი ბრეიკი მოიგერია და 6:2, 7:6(6) მოიგო. ჩილიჩს ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული ისნერის წინააღმდეგ.
ინდიან უელსში ისნერის წარუმატებლობის შემდეგ, ამერიკის ახალი პირველი ნომერი გახდა სემ კუერი. ამ სტატუსით მან პირველი მატჩი პოლონელი ლუკაშ კუბოტის წინააღმდეგ ჩაატარა და პირველი სეტის წაგების შემდეგ, მომდევნო ორი პარტია ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოიგო. კუერი მერვედ თამაშობს მაიამის მასტერსზე, მაგრამ მხოლოდ მეორედ გავიდა მესამე რაუნდში.
ყველაზე იოლად მეორე წრის ბარიერი ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ გადალახა, რომელმაც 48 წუთში გაანადგურა არგენტინელი გვიდო პეია - 6:0, 6:3. ალმაგრომ საკუთარ მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო და ოთხი ბრეიკი გააკეთა.
გაუჭირდა ტომაშ ბერდიხს, რომელსაც ორი საათი და 14 წუთი დასჭირდა დანიელ ხიმენო-ტრავერის დასამარცხებლად. ჩეხი 2013 წელს ძალიან კარგად გამოიყურება. მაიამიმდე მან ხუთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მინიმუმ მეოთხედფინალში გადიოდა.
ფანტასტიკულად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე მილოშ რაონიჩმა. მან 64 წუთში გაანადგურა ფრანგი გიიომ რუფენი - 6:2, 6:4. კანადელმა 22-ჯერ შეასრულა პირველი მოწოდება და ყველა ქულა აიღო.
დღის ბოლო მატჩში ალეხანდრო ფალამ ბრძოლას გამოთიშა 25-ე ნომრად განთესილი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო - 6:3, 7:6(6). კოლუმბიელმა მეორე სეტში პატარა სასწაული ჩაიდინა - 0:5-დან გადაარჩინა პარტია.
II წრე
ტობიას კამკე (გერ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 5) 7:6(5), 6:1; იურგენ მელცერი (ავსტრია)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 31) 6:3, 6:4; ალბერტ რამოსი (ესპ)-ხუან მონაკო (არგ, 12) 6:2, 4:6, 6:3; სომდევ დევარმანი (ინდ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 4:6, 6:4, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 11)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:3, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-დუდი სელა (ისრ) 6:2, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 19)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:2, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 26)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:3, 7:6(4); ქსავიე მალისე (ბელ)-ჟერემი შარდი (საფ, 22) 6:3, 6:2; ფაბიო ფონინი (იტა, 32)-მაიკლ ლოდრა (საფ) 6:4, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:1, 6:0; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-ფლორიან მაიერი (გერ, 23) 6:3, 7:6(3); ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 24) 6:2, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) უარი; ტომი ჰაასი (გერ, 15)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:0, 5:7, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 18) 7:6(5), 4:6, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 8)-ოლივიე როხუსი (ბულ) 7:5, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 14)-გიიომ რუფენი (საფ) 6:2, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 29)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:4, 1:1 უარი; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 21) 7:6(5), 3:6, 6:3; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 25); 6:3, 7:6(6); იარკო ნიემინენი (ფინ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ, 27) 6:2, 6:2; მიხაილ იუჟნი (რუს, 28)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 1:6, 6:0; ჯონ ისნერი (აშშ, 20)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 7:5, 7:6(5); სემ კუერი (აშშ, 17)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 4:6, 6:3, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:2, 7:6(6); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 7:6(6), 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:3, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-გვიდო პეია (არგ) 6:0, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 5:7, 7:6(3), 6:2; ანდრეას სეპი (16)-ალიაშ ბედენე (სლოვენ) 7:5, 5:7, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მაიამის ტურნირი: სერენა ულიამსის დაბრუნება, ვიქტორია აზარენკამ უარი