აშშ-სერბეთი
ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ამერიკის ქალაქ ბოისში გაიმართება. მასპინძლების დამრიგებელმა ჯიმ კურიემ შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა არჩევანი: სემ კუერი, ჯონ ისნერი, ბობ ბრაიანი და მაიკ ბრაიანი.
სერბების რიგებში მთავარი სიახლე ის არის, რომ ამერიკელთა წინააღმდეგ ითამაშებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს მერვედფინალში. ჯოკოს გარდა, სერბთა კაპიტანმა ბოგდანოვიჩმა ნაკრებში უხმო: ვიქტორ ტროიცკის, ნენად ჟიმონჟიჩსა და ილია ბოჟოლიაკს.
არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში უმასპინძლებს საფრანგეთს. კვლავ არ ითამაშებს მასპინძელთა რიგებში ხუან მარტინ დელ პოტრო. მის გარეშე მარტინ ჰაიტეს გუნდმა ასეთი სახე მიიღო: ხუან მონაკო, ორასიო სებალიოსი, კარლოს ბერლოკი და დავიდ ნალბანდიანი.
თუ ჟილ სიმონს არ ჩავთვლით, ფრანგების დამრიგებელმა არნო კლემანმა ყველა უძლიერესს მოუყარა თავი: ჟო-ვილფრიდ ცონგას, რიშარ გასკეს, ჟულიან ბენეტოს და მიკაელ ლოდრას.
ყაზახეთი-ჩეხეთი
დევისის თასის მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთის ნაკრები სტუმრად, ასტანაში შეხვდება ყაზახეთს.
ჩეხებს უბრუნდებათ რადეკ შტეპანეკი, რითაც სტუმართა შემადგენლობამ ოპტიმალური სახე მიიღო: ტომაშ ბერდიხი, შტეპანეკი, ლუკაშ როსოლი და იან ჰაიეკი.
ყაზახების შემადგენლობა კი უცვლელი და ნაცნობია - ამ გუნდის კაპიტნის, დიას დოსკარიევის განკარგულებაში არიან: მიხაილ კუკუშკინი, ანდრეი გოლუბევი, ევგენი კოროლიოვი და იური შჩუკინი.
კანადა-იტალია
მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების სენსაციურად ძლევის შემდეგ კანადა პირველად ითამაშებს დევისის თასის მეოთხედფინალში და ბუნებრივია, ამ მნიშვნელოვან მოვლენას ამ ქვეყნის არც ერთი წამყვანი მოთამაშე არ გამოაკლდება. მასპინძელთა შემადგენლობა ასეთია: მილოშ რაონიჩი, ვაჩეკ პოსპიშილი, ფრანკ დანჩევიჩი, დანიელ ნესტორი.
იტალიის ნაკრები კი ასეთი კვარტეტით ჩადის ვანკუვერში: ანდრეას სეპი, ფაბიო ფონინი, პაოლო ლორენცი, სიმონე ბოლელი.
დევისის თასის მეოთხედფინალი 5-7 აპრილს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევისის თასი: კანადამ ისტორია შექმნა