მაიამის მასტერსი: სერენა უილიამსი VS აგნიეშკა რადვანსკა

AutoSharing Option
მაიამიში ქალმა ჩოგბურთელებმა პირველი ნახევარფინალური წყვილის დაკომპლექტება მოასწრეს. პირველები კორტზე სერენა უილიამსი და ჩინელი ნა ლი გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღიას ფინალის შემდეგ აზიელი პირველ ტურნირს თამაშობდა, მან მეოთხედფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია, სერენა კი ბოლომდე თავდაჯერებული არ ჩანდა და ერთი სეტის დათმობაც მოუწია. ამიტომაც პროგნოზებისას ყველა რთულ ბრძოლას წინასწარმეტყველებდა.

პროგნოზი გამართლდა. პირველმა სეტმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ამერიკელი სულ მცირე უპირატესობას ფლობდა - ერთით მეტი “ვინერსი” და სამით ნაკლები უნებლიე შეცდომა დააფიქსირა, ხოლო ბრეიკ-პოინტების რაოდენობა თანაბარი
იყო: სამ-სამი. სერენამ მხოლოდ იმის ხარჯზე მოიგო პარტია, რომ ამ სამი შანსიდან ერთი გამოიყენა, ლიმ - ვერცერთი და 42 წუთში დაფიქსირდა ანგარიში 6:3.

მეორე სეტი უილიამსისთვის კარგად დაიწყო - მან ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, მაგრამ 0:2-დან ნა ლიმ სასწაული მოახდინა, როცა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო, 5:2 დაწინაურდა და სეტბოლიც მოიპოვა, თუმცა ამერიკელის გეგმებში არ შედიოდა მესამე სეტის თამაში. მან გადაარჩინა მერვე გეიმი, შემდეგ ხუთიდან ოთხი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც უკვე შტორმივით გადაუარა მეტოქეს - შემოკლებულ გეიმში ექვსი "ვინერსი" მითვალა - 6:3, 7:6(5).

აღსანიშნავია, რომ სერენამ ბოლო ხუთი მატჩი ისე მოუგო ჩინელს, რომ სეტი არ წაუგია.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა ამ ტურნირზე, როცა მსოფლიოს პირველ ჩოგანს ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა უწევს. მესამე წრეში 0:3-დან გადაარჩინა პირველი სეტი, მერვედფინალში კი 2:6, 1:4-ით იყო ჩამორჩენილი დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ნა ლიზე გამარჯვება 59-ე იყო უილიამსისთვის მაიამიში და ის ამით ტურნირის აბსოლუტურ რეკორდსმენ შტეფი გრაფს გაუთანაბრდა. სწორედ ამ ჩოგბურთელებს აქვთ მოგებული ყველაზე მეტჯერ (ხუთ-ხუთჯერ) ეს შეჯიბრი.

* * *
სერენა უილიამსის მეტოქე აგნიეშკა რადვანსკასა და კირსტენ ფლიპკენსის მატჩში ირკვეოდა. შარშან ბელგიელ ჩოგბურთელს რამდენიმე თვე გაუცდა ტრავმის გამო და ამ მიზეზით ზაფხულში WTA-ს კლასიფიკაციაში 262-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თუმცა ამას მოჰყვა თანდათანობით წინსვლა - ახლა ფლიპკენსი TOP30-ში შედის და მაიამიში ბოლო წლებში თავის საუკეთესო ტურნირს თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალამდე მან პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას.

ფლიპკენსი რადვანსკას წინააღმდეგაც კარგად გამოიყურებოდა. მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პირველი სეტი, 4:1 დაწინაურდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა საქმე - 6:4. მართალია, ბელგიელმა ცუდად დაიწყო მეორე პარტია და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ისევ მოიპოვა ინიციატივა და გაათანაბრა ანგარიში – 4:4. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს კირსტენის ბოლო წარმატება იყო მატჩში. პოლონელმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მესამეში კი 5:0 დაწინაურდა.

მართალია, ბელგიელმა ორი გეიმი აიღო და თითქოს მატჩში დაბრუნდა, მაგრამ რადვანსკამ მატჩზე წარმატებით ჩააწოდა და ნახევარფინალში სერენაზე გავიდა.


წაგების მიუხედავად, ფლიპკენსმა წარმატებული ტურნირი ჩაატარა და ორშაბათიდან კარიერაში უმაღლეს საფეხურს მიაღწევს - 22-ე ჩოგანი გახდება. რაც შეეხება სერენასა და აგნიეშკას მომავალ ნახევარფინალს, უილიამსს ოთხიდან ოთხ მატჩში ჰყავს დამარცხებული პოლონელი და ამ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

1/4-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ნა ლი (ჩინ, 5) 6:3, 7:6(5); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 30) 4:6, 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამის ტურნირი: მაიამიში სენსაციები არ იციან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული