მაიამის მასტერსი: მარია შარაპოვა პირველი ფინალისტია

AutoSharing Option
მაიამის მასტერსზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა - ფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეხვდებიან ესპანელი დავიდ ფერერი და გერმანელი ტომი ჰაასი.

მათ განსხვავებული მეოთხედფინალები ჩაატარეს. ჰაასმა დაამტკიცა, რომ მის მიერ მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის განადგურება შემთხვევითობა არ ყოფილა. ამჯერად 34 წლის გერმანელმა 64 წუთში "გადაუარა" ფრანგ ჟილ სიმონს - 6:3, 6:1. აქ ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნახევარში იყო, მაგრამ 3:3-ის შემდეგ ჰაასმა მომდევნო 10 გეიმიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ტომიმ საკუთარ მოწოდებაზე ქულების 78 პროცენტი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა
მეტოქეს.

ჰაასი პირველი გერმანელია ისტორიაში, ვინც მაიამის მასტერსის ნახევარფინალში ითამაშებს. ტომი 2006 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ამ კატეგორიის ტურნირის საუკეთესო ოთხეულში. იმასაც შეგახსენებთ, რომ გერმანელს თავისი ბოლო მასტერსი 2001 წელს აქვს მოგებული.

რაც შეეხება დავიდ ფერერს, მას სამი სეტის ჩატარება დასჭირდა ავსტრიელი იურგენ მელცერის დასამარცხებლად. პირველი პარტია ნაადრევი ბრეიკის წყალობით მელცერს დარჩა, მეორე სეტში კი პირველი ექვსი გეიმი მიდიოდა თანაბარი თამაში, რის შემდეგაც ავსტრიელმა სრული კრახი განიცადა - ზედიზედ ცხრა გეიმი წააგო და 6:4, 3:6, 0:6 დამარცხდა.

ფერერს კარიერაში ორჯერ ჰყავს დამარცხებული ჰაასი, მაგრამ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 2008 წლის შემდეგ არ უთამაშიათ.

* * *
ქალებს შორის ცნობილია პირველი ფინალისტი, თუმცა სანამ მასზე გეტყოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ბოლო ორი მეოთხედფინალი.

მარია შარაპოვამ ორსაათნახევარი მოანდომა იტალიელი სარა ერანის დამარცხებას. რუსმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 7:5 მოიგო; ამასთან, მეორე პარტიაში სამი სეტბოლის მოგერიება მოუწია. ამ მოგებით შარაპოვამ 10 მატჩამდე და 20 სეტამდე აიყვანა მოგებათა სერია.

მარიას მეტოქე ნახევარფინალში ელენა იანკოვიჩი გახდა, რომელსაც ასევე შთამბეჭდავი შედეგები აქვს ბოლო პერიოდში - უკანასკნელი 10 მატჩიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

სერბის ბოლო მსხვერპლი გახდა იტალიელი რობერტა ვინჩი, თუმცა ელენამ საკმაოდ რთული მომენტი გადაიტანა მესამე სეტში, როცა 0:2 ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა და მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4, 6:7(3), 6:3.

* * *
სათამაშო დღე სწორედ შარაპოვასა და იანკოვიჩის ნახევარფინალით გაიხსნა. ამ მატჩამდე მარია 6:1-ს უგებდა ურთიერთშეხვედრებში სერბს და ამჯერადაც დაამტკიცა, რომ იანკოვიჩი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეტოქეა.

მარიამ ისეთ ტემპში დაიწყო თამაში, რომ ელენამ მატჩში პირველი ქულა 0:2-სა და 0:40-ზე აიღო. თუმცა იქვე შარაპოვამ ზედმეტად ირწმუნა თავისი უპირატესობა, მოდუნდა და მეტოქეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცა - 2:3. თუმცა მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და შარაპოვამ სამი გეიმის აღებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ბევრი არაფერი შეცვლილა. იანკოვიჩმა პირველი გეიმი 0:4-ზე აიღო, მაგრამ უფრო შორს ვერ წავიდა და საბოლოოდ, ერთ საათში 2:6, 1:6 დამარცხდა. რუსის მეტოქე ფინალში სერენა უილიამსისა და აგნიეშკა რადვანსკას მატჩში გაირკვევა.

შარაპოვას აქვს შანსი, გახდეს მესამე ქალი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში ზედიზედ მოიგებს ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებს. მანამდე ეს ორჯერ გააკეთა შტეფი გრაფმა და ერთხელ - კიმ კლაისტერსმა.

კაცები

1/4-ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 3)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 4:6, 6:3, 6:0; ტომი ჰაასი (გერ, 15)-ჟილ სიმონი (საფ, 11) 6:3, 6:1.

ქალები

1/4-ფინალი
მარია შარაპოვა (რუს, 3)-სარა ერანი (იტა, 8) 7:5, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-რობერტა ვინჩი (იტა, 15) 6:4, 6:7(6), 6:3.

1/2-ფინალი
მარია შარაპოვა (რუს, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 22) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამის მასტერსი: სერენა უილიამსი VS აგნიეშკა რადვანსკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული