მაიამის მასტერსის პროგნოზირებადი ფინალი ქალებში მარია შარაპოვა VS სერენა უილიამსი

AutoSharing Option
მაიამის მასტერსზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს ბრიტანელმა ენდი მარეიმ და ფრანგმა რიშარ გასკემ.

მარეი, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩის გავარდნის შემდეგ ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი აქვს, ხორვატ მარინ ჩილიჩს ხვდებოდა. უნდა ითქვას, რომ ჩილიჩმა მატჩი უკეთ დაიწყო და ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ მალევე უშვებდა ხელიდან ამ უპირატესობას. ამასთან, მარეი თანდათან უმატებდა თამაშს და სეტის ბოლოს, უკანა ხაზზე თამაშში მისი უპირატესობა აშკარა იყო. ჩილიჩი ცდილობდა რაღაცის შეცვლას, მაგრამ ამის ნაცვლად, საკუთარი გეიმი წააგო და სეტი მეტოქეს ჩააბარა.

მეორე
სეტში ენდის უფრო იოლად ჰქონდა საქმე. მან თავიდანვე ბრეიკით წაიყვანა ანგარიში და ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. გარკვეული პრობლემები მარეის ბოლოს შეექმნა, როცა ვერაფრით დაასრულა შეხვედრა. ჩილიჩმა ექვსი (!) მატჩბოლის მოგერიება მოახერხა, მაგრამ მეშვიდე ცდაზე მარეიმ მაინც მოიპოვა ნახევარფინალის საგზური - 6:4, 6:3.

მეორე ნახევარფინალში რიშარ გასკემ კიდევ უფრო იოლად დაამარცხა ტომაშ ბერდიხი - 6:3, 6:3, რაც სრულიადაც არ ყოფილა მოულოდნელი შედეგი, რადგან ჩეხმა უღიმღამოდ წარმართა ტურნირის სტარტი, როცა ორჯერ გადაურჩა დამარცხებას დანიელ ხიმენო ტრავერთან და ალეხანდრო ფალასთან შეხვედრებში, ამჯერად კი კლასით უფრო მაღალ მეტოქესთან 74 წუთში განადგურდა. ჩეხს მხოლოდ ორი ბრეიკი ჰქონდა და შანსი ვერ გამოიყენა, თავად კი სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

* * *
მაიამის ქალთა ტურნირში კი ფინალური წყვილი დაკომპლექტდა. მარია შარაპოვამ გაანადგურა ელენა იანკოვიჩი და მეხუთედ ითამაშებს ამ ტურნირის ფინალში.

მეორე ნახევარფინალში სერენა უილიამსმა ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას შავი დღე აყარა და მივიღეთ პროგნოზირებადი ფინალი სერენასა და შარაპოვას შორის.

ამერიკელმა 65 წუთში 40 "ვინერსის" შესრულება შეძლო და რადვანსკა ვერ გაუმკლავდა მეტოქის ასეთ აგრესიულ თამაშს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სერენას თამაში პირველ სეტში, როცა მან ჯამური 26 ქულიდან 19 "ვინერსით" აიღო და მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე სეტი ნაკლებად კოშმარული იყო მსოფლიოს მეოთხე ნომრისთვის. პოლონელმა აიღო თავისი მოწოდება და ბრეიკ-პოინტამდეც მიაღწია, მაგრამ ამერიკელს მოწოდება დაეხმარა (ამ გეიმში სერენამ ოთხი ეისი ჩააწოდა). სეტის მეორე ნახევარში უილიამსმა დაალაგა თამაში და პარტია მოკრძალებული ერთბრეიკიანი უპირატესობით დაასრულა - 6:0, 6:3.

სერენამ მაიამის ტურნირზე მე-60 მატჩი მოიგო და გააუმჯობესა შტეფი გრაფის რეკორდი. თუ უილიამსი წელსაც აიღებს ტიტულს, ეს იქნება მისი მეექვსე ტრიუმფი ფლორიდაში და ამ მხრივაც გაუსწრებს გრაფს.

კაცები

1/4 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:4, 6:3; რიშარ გასკე (საფ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 6:3, 6:3.

ქალები

1/2 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:0, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამის მასტერსი: მარია შარაპოვა პირველი ფინალისტია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული