მაიამის მასტერსი: სერენა უილიამსის მეექვსე ტრიუმფი

AutoSharing Option
მარია შარაპოვასა და სერენა უილიამსის ურთიერთდაპირისპირების ისტორია 2004 წლის უიმბლდონდან იღებს სათავეს, როცა რუსმა სენსაციურად დაამარცხა ფინალში ამერიკელი. იმავე წელს, მარიამ წლის შემაჯამებელ ტურნირშიც მოუგო სერენას, მაგრამ იქედან მოყოლებული დაიწყო უმცროსი ამერიკელის დომინირების პერიოდი. ის ამარცხებდა შარაპოვას ნებისმიერი ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ საფარზე. ამერიკელს დაუგროვდა ზედიზედ ათი მოგება, აქედან რვა - ორი სეტში.

მაგრამ მაიამის ტურნირზე რუსის მიერ ნაჩვენები დამაჯერებელი თამაშის გათვალისწინებით, ამერიკელს ფინალში იოლი გასეირნება არ ელოდა. შარაპოვამ მთავარი შეძლო - არ ჩამორჩებოდა მეტოქეს აქტივობაში. რუსმა პირველმა მოახერხა
ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ საკუთარი შეცდომების შემდეგ დაკარგა ეს უპირატესობა. პარტიის ბოლოს თანაბარი თამაში იყო. შარაპოვამ დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, შემდეგ გეიმში მეორე ცდაზე აიღო ბრეიკი, რასაც "ნულზე" მოგებული თავისი გეიმი მოჰყვა და შარაპოვამ 2008 წლის შემდეგ პირველად მოუგო სეტი სერენას.

რა თქმა უნდა, ასეთ დაძაბულ მატჩში ეს დიდი უპირატესობა იყო, მაგრამ უილიამსი ნაადრევად დანებებას არ აპირებდა. სხვათა შორის, სერენას მოქმედ ჩოგბურთელებს შორის გამარჯვებათა საუკეთესო პროცენტი აქვს პირველი სეტის წაგების შემდეგ (45.5%). სეტის დასაწყისში მან ბრეიკი გააკეთა, თუმცა უკვე მომდენვო გეიმში დაეხმარა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრებაში. შემდეგი ორი გეიმი რუსმა ბრწყინვალედ ჩაატარა. მას შესანიშნავი სტილის შეტევები გამოსდიოდა და ამით მარიამ ბრეიკით წინ გასვლის საშუალება მიიღო - 3:2. იმ მომენტში ისე ჩანდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ ამის შემდეგ, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. იმის თქმა არ შეიძლება, რომ მარიას თამაში მთლიანად მოიშალა. მას ჰქონდა წარმატების განვრცობის შანსი. მაგალითად, ერთ-ერთ გეიმში სამმაგი გეიმბოლიდან წააგო, შემდეგ ორი ორმაგი შეცდომაც დაუშვა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო სერენამ დაფარული სეტბოლი, რაც კარგად გამოიყენა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მესამე სეტის წინ, მარიამ კორტზე თავისი მწვრთნელი - ტომას ჰოგსტედი გამოიძახა. ეს უკანასკნელი არწმუნებდა თავის შეგირდს, რომ საშიში არაფერი მომხდარა და ყველაფერი ნულიდან იწყებოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ინიციატივას გამოცდილი უილიამსი ფლობდა. შარაპოვა არ ნებდებოდა, მაგრამ ამერიკელმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა მნიშვნელოვან ბურთებზე. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შვიდიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა! უილიამსი ერთხელაც არ მოდუნდა, ზედიზედ 10 გეიმი მოიგო და მაიამიში მორიგი ტრიუმფი გაიფორმა - 4:6, 6:3, 6:0.

სერენამ მეექვსედ მოიგო მაიამის ტურნირი და ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - გაუსწრო ხუთგზის ჩემპიონ შტეფი გრაფს, მარია შარაპოვამ კი მეხუთედ ითამაშა ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში და მეხუთედ დამარცხდა.

ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 4:6, 6:3, 6:0.

უილიამსის ტიტულები (48)
2013 - მაიამი, ბრისბენი
2012 - შემაჯამებელი, აშშ-ის ღია, ოლიმპიადა, სტენფორდი, უიმბლდონი, მადრიდი, ჩარლტოსნი
2011 - ტორონტო, სტენფორდი
2010 - უიმბლდონი, ავსტრალიის ღია
2009 - შემაჯამებელი, უიმბლდონი, ავსტრალიის ღია
2008 - აშშ-ის ღია, ჩარლტოსნი, მაიამი, ბანგალორი
2007 - ავსტრალიის ღია, მაიამი
2005 - ავსტრალიის ღია
2004 - მაიამი, პეკინი
2003 - ავსტრალიის ღია, პარიზი, მაიამი, უიმბლდონი
2002 - სკოტსდეილი, მაიამი, რომი, როლან გაროსი, უიმბლდონი, აშშ-ის ღია, ტოკიო, ლაიპციგი
2001 - ინდიან უელსი, ტორონტო, WTA-ის ჩემპიონატი
2000 - ჰანოვერი, ლოს ანჯელესი, ტოკიო
1999 - პარიზი, ინდიან უელსი, ლოს ანჯელესი, აშშ-ის ღია, დიდი სლემის თასი

ბალახზე მეტს ითამაშებენ
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ბალახის სეზონის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი ცვლილებები 2015 წლიდან შევა ძალაში.

წლევანდელი კალენდრის მიხედვით, ბალახის სეზონი მოიცავს ლონდონის, ჰალეს, ისტბურნისა და ჰერტოგენბოშის ტურნირებს, რის შემდეგაც იმართება "დიდი სლემის" რიგით მესამე ჩემპიონატი - უიმბლდონი. ბოლოს კი ბალახის კორტების სპეციალისტები ამერიკის ქალაქ ნიუპორტში იკრიბებიან.

ATP-ის ხელმძღვანელებს სურდათ, ნიუპორტის ტურნირიც უიმბლდონამდე გადაეტანათ, რითაც როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის პერიოდში ბალახის სეზონი კიდევ ერთი კვირით გაიზრდებოდა, მაგრამ ამერიკული ტურნირის ორგანიზატორებმა ამაზე უარი განაცხადეს.

ამიტომაც გადაწყდა, რომ საფარსა და თარიღს შეიცვლის შტუტგარტის ტურნირი - Mercedes Cup, რომელიც აქამდე ივლისის შუა რიცხვებში იმართებოდა გრუნტის კორტებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამის მასტერსის პროგნოზირებადი ფინალი ქალებში მარია შარაპოვა VS სერენა უილიამსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული