ნოვაკ ჯოკოვიჩი სახლში გაუშვეს

AutoSharing Option
ქალების სუპერტურნირის შემდეგ, მადრიდში საინტერესო ფაზაში შევიდა კაცების მასტერსიც - იქ დაიწყო მეორე წრე და შესაბამისად, ბრძოლაში ჩაებნენ ძირითადი ფავორიტები. ერთისთვის ამ რაუნდის მატჩი სავალალოდ დასრულდა.

შარშანდელ სეზონამდე ნოვაკ ჯოკოვიჩი კარგად თამაშობდა მადრიდის გრუნტზე. 2009 წელს, მან ოთხსაათიანი ნახევარფინალი წააგო რაფაელ ნადალთან, ორი წლის შემდეგ კი (2010 წელს ესპანეთის დედაქალაქში არ ჩასულა) გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა რაფა. შარშან ნოვაკი ტიტულის დაცვას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად წააგო მესამე წრეში.

წელს, ნოვაკს პირველ მეტოქედ გრიგორ დიმიტროვი ერგო. ბულგარელი იოლი მოწინააღმდეგე არ არის, მაგრამ ნოვაკი
აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. უკვე პირველი გეიმების შემდეგ ცხადი იყო, რომ სერბს იოლი გასეირნება არ ელოდა. დიმიტროვი შესანიშნავად აწოდებდა, სწრაფად თამაშობდა და არ აძლევდა მეტოქეს ინიციატივის მოპოვების საშუალებას. ბულგარელმა პირველ პარტიაში ხასიათი გამოავლინა და სამი სეტბოლი მოიგერია. ყველაზე უცნაური ტაი-ბრეიკზე მოხდა - ნოვაკი 6:4-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულა დათმო.

მეორე სეტში ჩოგბურთელებს გაუჭირდათ სწრაფი ტემპის შენარჩუნება. თავდაპირველად სირთულეები პირველ ჩოგანს შეექმნა - ის უკანა ხაზზე დაეცა და მარჯვენა კოჭი დაიზიანა. ჯოკოვიჩმა ექიმის დახმარებას მიმართა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უჭირდა შეხვედრის გაგრძელება. ამ სირთულის მიუხედავად, სერბმა შეძლო პარტიის 2:4-დან გადარჩენა. ტაი-ბრეიკი ნამდვილი გამოცდა გახდა ორივესთვის. გულშემატკივრებს აშკარად დიმიტროვის მხარე ეჭირათ და ხანდახან არაეთიკურად იქცეოდნენ - მაგალითად, უხაროდათ ნოვაკის შეცდომები პირველი მოწოდებისას.

ბულგარელმა 7:6-ზე პირველი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ჯოკოვიჩი მოწოდებისთანავე ბადესთან გავიდა. მოულოდნელობის ეფექტმა გაამართლა - გრიგორმა ბადეს გაარტყა ბურთი. საბოლოოდ, სერბმა მოიგო ურთულესი ტაი-ბრეიკი და სეტი.

მაგრამ მეტის გასაკეთებლად ნოვაკს ძალა აღარ ეყო. სერბმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მონტე კარლოს მასტერსის მოგების შემდეგ, სხვადასხვა მიკროტრავმის გამო 12 დღე ჩოგანი არ აუღია ხელში. ამ ყველაფერმა თავი მესამე სეტში იჩინა, რომელიც დიმიტროვმა ბრეიკით დაიწყო, 5:3-ზე კი მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 7:6(6), 6:7(8), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდში ფავორიტები აგებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული