დამაჯერებელი როჯერ ფედერერი

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩისა და დიმიტროვის დაპირისპირება დღის ცენტრალურ მატჩად მოინათლა, თუმცა მადრიდის კორტზე სხვა დაძაბული შეხვედრებიც ვიხილეთ.

მაგალითად, გაჭირვებით მოიგო ბრიტანელმა ენდი მარეიმ. ფლორიან მაიერის წინააღმდეგ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შოტლანდიელისგან მაქსიმალური კონცენტრაცია მოითხოვა. აღვნიშნავთ, რომ გერმანელი შესანიშნავად აწვდიდა - გრუნტზე 12 ეისი მაღალი მაჩვენებელია. მაიერი ხშირად გადიოდა ბადესთან, მაგრამ ამას დიდი წარმატებით ვერ აკეთებდა. მარეის რეგულარულად ჰქონდა შანსები მიღებაზე, მაგრამ შვიდიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, გერმანელმა კი ერთადერთი ასეთი შანსი ბრეიკში გარდასახა. საბოლოოდ, ჩოგბურთელებმა ორი ტაი-ბრეიკი
ჩაატარეს და ორივე ბრიტანელმა მოიგო - 13:11 და 7:3.

ფავორიტთაგან ყველაზე დამაჯერებელი სტარტი მოქმედ ჩემპიონს როჯერ ფედერერს გამოუვიდა. მისმა მოწინააღმდეგემ რადეკ შტეპანეკმა კარგი ჩოგბურთი აჩვენა და ღირსეულადაც იბრძოლა. ჩეხმა რვა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ფედერერის კლასს თავისი გაჰქონდა - 6:3, 6:3.

რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩის წაგება მთავარი სენსაცია იყო, თუმცა იმ დღეს სხვა მოულოდნელობებიც ვიხილეთ. რიშარ გასკემ წააგო დანიელ ხიმენო-ტრავერთან, მილოშ რაონიჩმა კი გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი დაუთმო ფერნანდო ვერდასკოს.

* * *
ქალთა ტურნირზე ჩოგბურთელები მეორე წრეს ასრულებდნენ და ამჯერად, ყველაფერმა სენსაციის გარეშე ჩაიარა. დღის ბოლო მატჩში მარია შარაპოვა კრისტინა მაკჰეილს ეთამაშებოდა და სწრაფად მოამთავრა საქმე. პირველი პარტია მხოლოდ 25 წუთი გაგრძელდა - 6:1 რუსი ჩოგბურთელის სასარგებლოდ. მეორე სეტი უფრო ხანგრძლივი და დაძაბული გამოვიდა, თუმცა, საერთო ჯამში, შარაპოვა მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას და 6:1, 6:2 მოიგო. აღვნიშნავთ, რომ კრისტინას მხოლოდ ოთხი "ვინერსი” ჰქონდა და 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

სატურნირო ბადის ზედა ნაწილში სერენა უილიამსმა ლურდეს დომინგეს ლინო დაამარცხა - 6:2, 7:5. ამერიკელი ჯერ ვერ არის იდეალურ სპორტულ ფორმაში, რადგან დაახლოებით ასე იწვალა მან პირველი წრის მატჩში იულია პუტინცევას წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ ტურნირის შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს ლიდერი რეიტინგში. ამისთვის შარაპოვას ტურნირის მოგება სჭირდება, თუმცა მას სხვა ვარიანტების მიხედვითაც შეუძლია სერენას გასწრება.

ქალები

II წრე
იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:2, 4:6, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 7:5; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ნადია პეტროვა (რუს, 11) 7:6(2), 4:6, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:2, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:1, 6:2.

კაცები

I წრე
ხუან მონაკო (არგ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9) 7:6(5), 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს)-ფაბიო ფონინი (იტა) 7:6(4), 2:6, 7:6(5).

II წრე
დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ)-რიშარ გასკე (საფ, 8) 7:5, 3:6, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ფლორიან მაიერი (გერ) 7:6(11), 7:6(3); ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-მილოშ რაონიჩი (კან, 12) 6:4, 2:6, 7:6(7); გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:6(6), 6:7(8), 6:3.

შემაჯამებელი სინგაპურს მისცეს
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) გამოაცხადა, რომ 2014-18 წლებში სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ WTA-ის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ მექსიკის მონტერეი და ჩინეთის ტიანძინი.

"ჩემთვის დიდი პატივია იმის გამოცხადება, რომ შესანიშნავი ქალაქი სინგაპური 2014-18 წლებში WTA-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა იქნება”, - განაცხადა WTA-ის პრეზიდენტმა სტეისი ელასტერმა.

გარდა ამისა, ასოციაციამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ გამოაცხადა - პირველად წყვილთა თანრიგში გამარჯვებისთვის არა ოთხი, არამედ რვა დუეტი იბრძოლებს.

2013 წელს, WTA-ის ჩემპიონატს სტამბოლი უმასპინძლებს (როგორც წინა ორ სეზონში). ადრე ეს ტურნირი შემდეგ ქალაქებში ტარდებოდა: ბოკა-რატონში (აშშ, 1972-73), ლოს ანჯელესში (აშშ, 1974-76, 2002-05), ნიუ იორკში (აშშ, 1977, 1979-2000), ოკლენდში (აშშ, 1978), მიუნხენში (გერმანია, 2001), მადრიდსა (ესპანეთი, 2006-07) და დოჰაში (კატარი, 2008-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი სახლში გაუშვეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაონიჩის მარცხი მადრიდში, გრუნტზე ფერნანდო ვერდასკოსთან სენსაცია ნამდვილად არ არის.
თემო
12:02 09-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული