ანა ტატიშვილმა მსოფლიო რეიტინგში ორი საფეხური დათმო

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები ამჟამად ბრიუსელში (ბელგია), სტრასბურგსა (საფრანგეთი) და კასერტაში (იტალია) იმყოფებიან.

ოქსანა კალაშნიკოვამ ბელგიაში (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციოდან ძირითად ბადეში ვერ გააღწია, მაგრამ 20 მაისს ლატვიელ ლიგა დეკმეირესთან შეამხანაგებულმა წყვილებში შუკო აოიამას (იაპონია) და ტამარინ ტანასუგარნის (ტაივანი) აჯობა 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ სანია მირზას (ინდოეთი) და იე ჟენს (ჩინეთი) დაუპირისპირდება, რომლებმაც სტარტზე ევა ჰრდინოვას (ჩეხეთი) და ლინდსეი ლიი-უატერსს მოუგეს - 6:2, 6:4.

ანა ტატიშვილი სტრასბურგის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ჩაებმება. 20 მაისს ერთეულთა
თანრიგის ძირითად ბადეში "უაილდ ქარდით" დაშვებულ მასპინძელს - კაროლინ გარსიას უნდა შეხვედროდა, მაგრამ უამინდობის გამო მატჩი გადაიდო.

ჩვენებური წყვილებში ვესნა დოლონჩთან (სერბეთი) ერთად მე-3 ნომრად განთესილ გარა ბლექსა (ზიმბაბვე) და მარინა ერაკოვიჩთან (ახალი ზელანდია) გაარკვევს ურთიერთობას.

მარგალიტა ჩახნაშვილი იტალიური კასერტას 25.000-იანი ტურნირის სტარტზე კაროლინა პილოტს (იტალია) გაუწევს მეტოქეობას.

შეჯიბრება შეჯიბრებად, მაგრამ რა სიტუაციაა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში? ბოლო კვირის მონაცემებით, 23 წლის ანა ტატიშვილმა 2 საფეხური დათმო და 778 ქულით 83-ე ადგილზეა.

დანარჩენ ჩვენებურთა მდგომარეობა ასეთია: 256 (256). სოფიო შაფავათა (212), 320 (320). ოქსანა კალაშნიკოვა (139), 410 (415). მაკა ჩახნაშვილი (87), 477 (484). სოფიო ქვაცაბაია (66), 539 (542). ეკატერინე გორგოძე (432), 829 (825). ნათია გეგია (18 ქულა).

წყვილებში კალაშნიკოვა 888 ქულით 98-ეა, ტატიშვილი კი 466 ქულით 111-ედან 158-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

* * *
ვაჟები სან მარინოში "დევისის თასზე" ევროაფრიკული ზონის მესამე ჯგუფში იბრძოლებენ მე-2 ზონის ორი საგზურისთვის.

ვიქტორ ბაკშის განკარგულებაშია სამი ჩოგბურთელი: ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და შოთა მეფარიძე. ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გუნდთან ერთად არ არის.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATF) რეიტინგში ამჟამად მხოლოდ ოთხი ქართველის გვარი ფიგურირებს: 262 (260). ნიკოლოზ ბასილაშვილი (176), 965 (959). ალექსანდრე მეტრეველი (10), 1510 (1488). გიორგი ჯავახიშვილი (2), 1553 (1537). გიორგი ცივაძე (2).

21 მაისს სან მარინოში 16 გუნდი წილისყრით 4 ჯგუფში განაწილდება და მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული