უცნაური როჯერი როლან გაროსის წინ

AutoSharing Option
უცნაურ სიტუაციაში ხვდება მოახლოებულ როლან გაროსს ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. პირველად 2000 წლის შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ისე ერთვება საფრანგეთის ღია პირველობაში, რომ არც ერთი ტურნირი არ აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ როჯერს ამის შანსი გასულ კვირას, რომის მასტერსზე ჰქონდა, მაგრამ პირწმინდად წააგო ფინალი რაფაელ ნადალთან (1:6, 3:6).

"მე კარგად ვთამაშობ, ჯანმრთელი ვარ. ასე რომ, როლან გაროსის წინ ყველაფერი წესრიგშია. გასული კვირა სასარგებლო იყო იმის გასაგებად, თუ რა დონეზე ვიმყოფები ამ ეტაპისთვის", - განაცხადა ფედერერმა.

31 წლის შვეიცარიელი ამბობს, რომ
პარიზში მცირე შესვენების შემდეგ გაემგზავრება. "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი – საფრანგეთის ღია პირველობა უახლოეს კვირა დღეს დაიწყება. ფედერერმა მოახლოებული ტურნირის მთავარ ფავორიტად რაფაელ ნადალი დაასახელა.

"დიახ, ცოტა ხნის წინ ნოვაკმა რაფაელი მონაკოში დაამარცხა. ასე რომ, იცის, როგორ გაუმკლავდეს ესპანელს, მაგრამ პარიზში ნადალს მხოლოდ რობინ სიოდერლინგთან აქვს წაგებული, რომელიც ახლა არ თამაშობს. ასე რომ, მასთან გამკლავება ძალიან რთული იქნება", - გვთავაზობს თავის პროგნოზს ჯოკოვიჩი.

დელ პოტრო პარიზში არ მიდის... ვავრინკაც?
გასულ კვირას, მადრიდის მასტერსის მესამე წრეში ფრანგ ბენუა პერთან წაგების შემდეგ, ხუან მარტინ დელ პოტრო, ექიმის მითითებით, არგენტინაში დაბრუნდა.

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს ბრონქებში სპაზმების გამო სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როგორც Tennisworld იტყობინება, გრუნტის სეზონის მთავარი სტარტისთვის ხუან მარტინი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

უნდა დავამატოთ, რომ ამერიკის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონს ამ სეზონში ბევრი პრობლემა დაუგროვდა. მაგალითად, წლის დასაწყისში ის მაჯის არეში ტკივილებს უჩიოდა.

* * *
ასევე, როლან გაროსზე შეიძლება ვერ ითამაშოს სტანისლას ვავრინკამ - ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმა გახლავთ.

"არსებობს იმის ალბათობა, რომ როლან გაროსზე ვერ გამოვალ, - განაცხადა ვავრინკამ. - რომის ტურნირიდან გავარდნის შემდეგ ჩოგანი ერთხელაც არ ამიღია ხელში და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე გაგრძელდება მინიმუმ ხუთშაბათამდე. უარეს შემთხვევაში, ჩემი იძულებითი პაუზა რამდენიმე კვირა გასტანს".

რომის მასტერსზე ვავრინკამ პირველი წრე მოუგო კარლოს ბერლოკს, მაგრამ მეორე რაუნდში არ უთამაშია უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"როლან გაროსი" - ყველაზე პარიზული სტადიონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული