წაგება დარცისთან
სავსებით სწორი იქნება წლევანდელი წაგების შედარება შარშან, ლუკაშ როსოლთან მეორე წრეში განცდილ მარცხთან და ეს ძალიან მაშფოთებს, რადგან, ჩემი აზრით, ესპანელს ისევ აქვს პრობლემები მუხლებთან დაკავშირებით. უშლიდა თუ არა ეს ფაქტორი ხელს გრუნტის სეზონში? რა თქმა უნდა, უშლიდა.
მონტე კარლოს ტურნირზე შევამჩნიე, რომ ის ცუდად მოძრაობდა მარჯვნიდან
მეორე კვირის განმავლობაში კი, როგორც ჩანს, რაფა ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა იმისთვის, რომ თავის დონეზე ეთამაშა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები. მაგრამ ის ამას მუდმივად ვერ გააკეთებს, რადგან ეფექტი დაიკარგება.
რაფა და გრუნტი
გრუნტი მას ორ მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს: ჯერ ერთი, ამ საფარზე ბურთის ასხლეტა უფრო მაღალია, რაც ამცირებს მუხლზე დატვირთვას - ნადალს შეუძლია თითქმის არ მოიხაროს და შესაბამისად, ტკივილი აიცილოს თავიდან; მეორე ფაქტორი ის არის, რომ მიწაზე ის გაცილებით დამაჯერებლად გრძნობს თავს და წარმატებას აღწევს იმ შემთხვევაშიც, როცა თავის შესაძლებლობებზე სუსტად თამაშობს. სხვა საფარზე ეს ეფექტი საერთოდ არ შეიმჩნევა.
რაფა და ბალახი
ამ მომენტისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გადატანა უწევს ნადალს, ბალახი მისთვის ყველაზე ცუდი და მოუხერხებელი საფარია. ის ტურნირის წინ აღნიშნავდა, რომ თავს არც ისე კარგად გრძნობდა. რისი თქმა უნდოდა ამით ნადალს? ასეთი კორტებისთვის დამახასიათებელია მუხლებში უფრო მეტად ჩაჯდომა, რომლის დროსაც მუხლი მაქსიმალურ დატვირთვას იღებს. ხოლო, როცა ტრავმა გაქვს, ტკივილი აუტანელია. და კიდევ უფრო უარესი - ანთებითი პროცესი იმატებს.
გარდა ამისა, ნადალს არ გააჩნია ისეთი ავტომატიზმი ბალახზე, როგორც გრუნტზე. და როცა ის ფიზიკურ დისკომფორტს გრძნობს, ვერ ახერხებს თავისი რესურსის გამოყენებას. ეს კარგად ჩანდა დარცისთან მატჩში, როცა ხშირად ცდებოდა მოჭრილი დარტყმებისას და მიღებაზე.
პროგრამა
გაკვირვებული დავრჩი დაბრუნების შემდეგ რაფას გეგმებით. სამი ტურნირი გრუნტზე, შემდეგ ინდიან უელსი და ისევ გრუნტი: ცხრა ტურნირი სამი თვის განმავლობაში. სრულიად ჯანმრთელი ჩოგბურთელისთვისაც კი ეს ძალიან მძიმე გრაფიკია. ეჭვი არ არის იმაში, რომ დარცისთან ეს მარცხი - ერთგვარი მსხვერპლია, რომელიც სეზონის პირველი ნაწილისთვის იქნა გაღებული.
ნადალის მომავალი
მომხდარისგან კატასტროფის შექმნა საჭირო არ არის, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა ნადალის მომავლის შესახებ. გაამარტივებს თუ არა რაფა თავის კალენდარს? ეს საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია, თუმცა, თავად ჩოგბურთელი არ აღიარებს კალენდრის ფაქტორს. აღდგება თუ არა მისი მუხლი? გახდება ის მომავალში ქრონიკული ტკივილების მიზეზი?
რაფა გააგრძელებს გრუნტის ტურნირების უმრავლესობაზე თამაშს, მაგრამ შეცვლის კალენდარს სეზონის მეორე ნაწილისთვის. მას გაუჭირდება "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველ კვირას, თუნდაც ეს იყოს როლან გაროსი. უიმბლდონი ყოველთვის დარჩება ესპანელისთვის ყველაზე მეტი უსიამოვნების მომტანი იმის გათვალისწინებით, რომ ბალახი ფიზიკურად გამოფიტავს. შემდეგ კი მოუწევს ზედიზედ ორი საჰარდო მასტერსისა და აშშ-ის ღია თამაში.
მომავალში, თუ მისი მუხლი მოულოდნელად არ განიკურნება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: მშვიდობით, რაფა!