უიმბლდონი 2013: ნადალს ფედერერი და შარაპოვა მიჰყვნენ

AutoSharing Option
უიმბლდონზე ტრავმიანობა ორმა უდიდესმა სენსაციამ დაჩრდილა. მეორე რაუნდი ორი დიდი ფავორიტის - როჯერ ფედერერისა და მარია შარაპოვას გავარდნით აღინიშნა.

ათი წლის წინ, 2003 წელს, ფედერერმა როლან გაროსის პირველ წრე წააგო ჰორნასთან, ერთი თვის თავზე კი უიმბლდონზე მოიგო "დიდი სლემის" სერიის პირველი ტიტული. იქიდან მოყოლებული, შვეიცარიელი ზედიზედ 36 "მეიჯორზე" მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა და აი, ეს ბრწყინვალე სერია შეწყვიტა მსოფლიოს 116-ე ჩოგანმა, უკრაინელმა სერგეი სტახოვსკიმ, რომელმაც კარიერაში პირველად დაამარცხა TOP10-ის წევრი (21 ცდიდან) - 6:7(5), 7:6(5), 7:5, 7:6(5).

პირველი სეტის მოგების მიუხედავად,
ფედერერმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მეორე სეტის მე-11 გეიმში მოიპოვა, როცა 40:15 დაწინაურდა, მაგრამ სტახოვსკიმ ორი კარგი მოწოდებით გაათანაბრა ანგარიში და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:5 მოიგო. არადა, სეტი ფედერერმა კარგად ჩაატარა - მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა და 14 "ვინერსი" მიითვალა.

მატჩში პირველი ბრეიკი სტახოვსკიმ გააკეთა, რომელმაც მესამე სეტის მე-11 გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მეოთხე პარტიაში უკრაინელი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - ფედერერმა მატჩში პირველი და ერთადერთი ბრეიკით გაათანაბრა ანგარიში და ისევ დაინიშნა ტაი-ბრეიკი.

მე-13 გეიმში სტახოვსკი თავიდანვე დაწინაურდა - 3:1 და ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა. 6:4-ზე მან ორი მატჩბოლი მოიპოვა და მეორე ცდაზე, სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, უდიდესი სენსაციის ავტორი შეიქმნა.

ფედერერისგან განსხვავებით, მეორე მატჩი მოიგო ტურნირზე ბრიტანელმა ენდი მარეიმ, თან ეს კვლავ "მშრალი" ანგარიშით მოახერხა - 6:3, 6:3, 7:5 დაამარცხა ტაივანელი იენ-ჰსუნ ლუ. მარეის შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 11 ეისი, 41 "ვინერსი" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა.

* * *
რუსი მარია შარაპოვა კარიერაში მესამედ გამოეთიშა უიმბლდონს მეორე წრეში. ფავორიტის დამარცხება შეძლო 20 წლის პორტუგალიელმა, მსოფლიოს 131-ე ჩოგანმა მიშელ ლარშერ დე ბრიტუმ, თანაც ორ სეტში - 6:3, 6:4.

პორტუგალიელი იშვიათად აძლევდა შანსს მეტოქეს მიღებაზე. პირველ სეტში 2:2-ზე დე ბრიტუმ ბრეიკი გააკეთა და მართალია, მარიამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ამას მოჰყვა პირინეელის მხრიდან "მშრალი" ანგარიშით მოგებული მეტოქის გეიმი და სეტის 6:3 მოგება.

თამაშის სურათი დიდად არც მეორე სეტში შეცვლილა. მარია ისევ ბევრ შეცდომას უშვებდა, ბრაზობდა მსაჯებზე, გაზონზე, 3:4-ზე კი, სულის მოსათქმელად, სამედიცინო ტაიმ-აუტიც აიღო, მაგრამ არაფერმა უშველა. მატჩის კულმინაცია გახდა ბოლო გეიმი, რომელშიც 18 ქულა გათამაშდა, დე ბრიტუმ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მეხუთე მატჩბოლიდან მოიგო კარიერაში მთავარი მატჩი.

მარია შარაპოვას მარცხმა დაჩრდილა წვრილ-წვრილი სენსაციები, რასაც ქალთა ბადეში ჰქონდა ადგილი. გრძელდება მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, კაროლინ ვოზნიაცკის დაცემა. ამჯერად, დანიელმა უშანსოდ წააგო მსოფლიოს 196-ე ნომერთან, ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან - 2:6, 2:6.

ბოლო ოთხ უიმბლდონზე მესამედ ვერ გავიდა მესამე წრეში სერბი ანა ივანოვიჩი. მისი დამარცხება შეძლო კანადელმა თინეიჯერმა იუჯინი ბუშარმა - 6:3, 6:3.

II წრე
კაცები
ლუკაშ კუბოტი (პოლ)-სტივ დარცისი (ბელ) უარი; ბენუა პერი (საფ, 25)-სტეფან რობერი (საფ) 6:4, 7:5, 6:4; ადრიან მანარინო (საფ)-ჯონ ისნერი (აშშ, 18) 1:1 უარი; დასტინ ბრაუნი (გერ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:7(3), 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15)-გიიომ რუფენი (საფ) 7:5, 6:7(6), 6:3, 6:4; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 5:3 უარი; იურგენ მელცერი (ავსტრია)-იულიან რაისტერი (გერ) 3:6, 7:6(2), 7:6(5), 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:7(5), 7:6(5), 7:5, 7:6(5); ერნეტს გულბისი (ლატ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 3:6, 6:3, 6:3 უარი; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 31) 7:6(1), 7:6(4), 6:4; ხუან მონაკო (არგ, 22)-რაჯივ რამი (აშშ) 5:7, 6:2, 6:4, 6:2; კენი დე სხეპერი (საფ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 10) უარი; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:4, 6:3, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 20)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 6:2, 6:7(3), 7:6(7), 3:6, 6:4; ტომი რობრედო (ესპ, 32)-ნიკოლა მაუ (საფ) 7:6(3), 6:1, 7:6(5); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:3, 7:5.

ქალები
მონიკა პუიგი (პ-რიკ)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:2, 5:7, 6:4; ევა ბირნეროვა (ჩეხ)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:3, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 7:6(2), 2:6, 8:6; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9) 6:2, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 7:5, 6:4; კამილა ჯორჯი (იტა)-სორანა კირსტეა (რუმ, 22) 7:6(7), 7:6(6); კარინ კნაპი (იტა)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27) 4:6, 6:4, 6:4; მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 6:3, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) უარი; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 25)-გარბინ მუგურუსა (ესპ) 6:2, 6:7(3), 6:4; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 19)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 1:6, 6:3, 6:3; იუჯინი ბუშარი (კან)-ანა ივანოვიჩი (სერ, 12) 6:3, 6:3; ვესნა დოლონცი (სერ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 16) 7:5, 6:2; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 6:4; ალიზ კორნე (საფ, 29)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:3, 6:2; ფლავია პენეტა (იტა)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი გააფრთხილეს: ნარინჯისფერი არ შეიძლება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული