ჩოგბურთის ლეგენდა არტურ ეში

AutoSharing Option
ამ დღეებში 70 წელი შეუსრულდებოდა ამერიკელ ჩოგბურთელს, უიმბლდონის პირველ და ერთადერთ შავკანიან ჩემპიონს არტურ ეშს. ის არა მხოლოდ თავისი თამაშით, არამედ სამოქალაქო უფლებების დაცვით იყო ცნობილი.

არტურ ეში დაიბადა და ბავშვობა გაატარა რიჩმონდში - ვირჯინიის შტატის დედაქალაქში. დედა მაშინ გარდაეცვალა, როცა არტური ექვსი წლის იყო და მომავალ ჩოგბურთელსა და მის ძმაზე ზრუნვა მთლიანად მათ მამას დააწვა კისერზე. ამ უკანასკნელს უნდოდა, არტური ფეხბურთელი გამხდარიყო - მიუხედავად სუსტი აღნაგობისა (რა თქმა უნდა, ლაპარაკია ამერიკულ ფეხბურთზე).

მაგრამ ინტელიგენტი ბიჭი, რომელსაც კითხვა და მუსიკის
მოსმენა უყვარდა, უფრო ჩოგბურთით მოიხიბლა. ეშმა თამაში ისწავლა და მალე თავისი სკოლის ნაკრებში მოხვდა, შემდეგ საჩოგბურთო კარიერაში სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა.

არტური 20 წლის იყო, როცა პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი გახდა, ვინც დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების რიგებში მიიწვიეს. ნაკრებში მუდმივი ადგილი კი 22 წლის ასაკიდან მოიპოვა (1965 წელს). საბოლოოდ, მან სამჯერ მიიღო მონაწილეობა მოგებულ ფინალებში. აშშ-მ 1968 წელს მოიგო ტიტული და მომდევნო ორ წელს ის წარმატებით დაიცვა.

დევისის თასზე წარმატებების პერიოდს ემთხვევა არტურის ძირითადი გამარჯვებები პირად ტურნირებზე. 1968 წელს მან პირველად მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ეში ჯარში მსახურობდა - არმიის რიგები 1966 წელს შეავსო და 1969 წელს დაასრულა სამსახური მეორე ლეიტენანტის რანგში. ამის შემდეგ ეშმა ძალიან მალე მოიგო “დიდი სლემის” მეორე ტიტული ერთეულთა თანრიგში - ავსტრალიის ღია პირველობა (1970).

მაგრამ თავისი მთავარი გამარჯვება არტურმა 1975 წელს მოიპოვა, 32-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე. უიმბლდონის მეოთხედფინალში ის შეხვდა ბიორნ ბორგს, რომელსაც ახალი მოგებული ჰქონდა ზედიზედ მეორე როლან გაროსი. არტურმა ოთხ სეტში გაიმარჯვა და შვედს ამ კორტებზე მის კარიერაში ბოლოსწინა მარცხი აგემა.

ამის შემდეგ ამერიკელი ურთულეს ხუთსეტიან მატჩში გაუმკლავდა ავსტრალიელ ტონი როჩს და კარიერაში პირველად გავიდა უიმბლდონის ფინალში.

გადამწყვეტ მატჩში არტურს ელოდა საკმაოდ “თავხედი” და თვითდაჯერებული მოთამაშე, პუბლიკის ყურადღებით განებივრებული “ოქროს ბიჭი” - ჯიმი კონორსი. ამ უიმბლდონამდე ცოტა ხნით ადრე ჯიმიმ გააუქმა ნიშნობა კრის ევერტთან, რითაც დაანგრია იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საჩოგბურთო რომანი. თუმცა ამით მისი პოპულარობა არ შემცირებულა. კონორსი მოგვიანებით გახდა სოლიდური ჩოგბურთელი (ყოველ შემთხვევაში გარეგნულად), რომელმაც 10 წელი გაძლო რეიტინგის ტოპ-ათეულში და 40 წლამდე ითამაშა.

იმ დროს კი ჯიმი ღიად უპირისპირდებოდა არტურს. ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატებოდა, რომ კონორსი იკვეხნიდა თავისი მდიდარი წარმომავლობით და წინასწარ იყო დარწმუნებული ვეტერანზე გამარჯვებაში.

1974 წელს, კონორსმა თავისი აგენტის გავლენით, ეშის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი შეიტანა “თამაშის თავისუფლების შეზღუდვის” გამო. საქმე ისაა, რომ 1969 წელს არტური იმ ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, რომელსაც ახლა ATP ჰქვია. იმ დროს ამ ორგანიზაციას უპირისპირდებოდა World Team Tennis (WTT).

თანაც, კონორსს აკრძალული ჰქონდა 1974 წელს როლან გაროსზე თამაში იმის გამო, რომ WTT-სთან კონტრაქტი აკავშირებდა. თუმცა, მოგვიანებით, კონორსმა შეწყვიტა კავშირი თავის აგენტთან და გამოიწვია ეშის წინააღმდეგ ორმილიონიანი სარჩელი, მაგრამ უიმბლდონის ნახსენები ფინალისთვის სასამართლო დავა ძალაში იყო.

ჯიმი, რომელმაც 1974 წელს “დიდი სლემის” სამი ტურნირი მოიგო (ყველა, გარდა იმ გამოტოვებული როლან გაროსისა), იმ ფინალის აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. ეშის დრო თითქოს წასული იყო, მაგრამ მან მოახერხა პუბლიკის შოკირება, როცა ზედიზედ მოიგო პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით – 6:1. კონორსმა ძალები მოიკრიბა და ერთი პარტია აიღო, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა – 6:1, 6:1, 5:7, 6:4 ეშის სასარგებლოდ. ეს იყო არტურის მესამე და ბოლო გამარჯვება “დიდი სლემის” ტურნირების ერთეულთა თანრიგში.

აღვნიშნავთ, რომ ეში დღემდე ამ სამი ტურნირის ერთადერთი შავკანიანი გამარჯვებულია. მოგვიანებით, 1983 წელს, როლან გაროსი მოიგო შავკანიანმა იანიკ ნოამ. საინტერესოა, რომ იანიკი, დიდწილად არტურ ეშს უნდა უმადლოდეს თავის წარმატებულ კარიერას. 1971 წელს ამერიკელი კეთილი ნების ელჩის სტატუსით იმყოფებოდა კამერუნში და იქაურ იუნიორ ჩოგბურთელებს აკვირდებოდა. მათ შორის გამოარჩია ნოა და საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციას შესთავაზა მასზე მეურვეობის დაწესება.

საერთოდ, ეში დიდ ყურადღებას უთმობდა სხვადასხვა პროექტს. კეთილი ნების ელჩად მუშაობის გარდა, ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად იბრძოდა. 1969 წელს მას უარი უთხრეს სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირის ვიზაზე, რადგან ამ ქვეყანაში აპარტეიდი იყო გამეფებული.

ამის შემდეგ არტურმა მოითხოვა, გაეძევებინათ სამხრეთ აფრიკა ATP-ისა და დევისის თასიდან. საბოლოოდ, ჩოგბურთელმა თავისი ბრძოლით მაშინდელი რეჟიმის პრობლემების მიმართ სერიოზული ინტერესი გააღვივა. ეში აწყობდა საპროტესტო აქციებს, მხარს უჭერდა შავკანიანების უფლებებს და რამდენჯერმე ამ აქციებში მონაწილეობისთვის მცირე ხნით საპყრობილეში მოხვდა.

კარიერის დასრულების შემდეგ არტური დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების კაპიტანი იყო, აგრეთვე მუშაობდა კომენტატორად. 1985 წელს ეში შეიყვანეს ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში. თითქოს მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ გულზე ორი ოპერაცია გადაიტანა. მაგრამ 1988 წელს, სამედიცინო ტესტების გავლისას, არტურმა მოულოდნელად შეიტყო, რომ შიდსით იყო დაავადებული. როგორც ვარაუდობდნენ, ის 1983 წელს, გულზე მეორე ოპერაციის დროს, სისხლის გადასხმისას დაინფიცირდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ეში მალავდა თავის ავადმყოფობას და ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 1992 წელს გამოაცხადა. ეს მოხდა მუსიკალური ჯგუფის - Queen-ის ვოკალისტის, ფრედი მერკურის ამავე მიზეზით სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ. არტურმა დააარსა შიდსთან ბრძოლის საკუთარი ფონდი.

ჩოგბურთელი 1993 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა და რამდენიმე თვე დააკლდა თავის 50 წლის იუბილემდე. თუმცა მისი სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი ჩოგბურთში. საკმარისია აღინიშნოს, რომ აშშ-ის ღია პირველობის ცენტრალური კორტი მის სახელს ატარებს. სხვათა შორის, ეშს თავის საყვარელ ჩოგბურთელად ასახელებდნენ სულ სხვა თაობის მოთამაშეები - ჯეიმს ბლეიკი და გაელ მონფილსი.

არტურ ეში
დაიბადა: 10.07.43
გარდაიცვალა: 06.02.93
კარიერის დასაწყისი: 1962 (პროფესიონალებში 1969 წელს)
კარიერის დასასრული: 1980
უმაღლესი პოზიცია რეიტინგში: 2 (12.05.76)
32 ტიტული ერთეულებში
საუკეთესო შედეგი: დიდი სლემი
ავსტრალიის ღია - მოგება (1970)
როლან გაროსი - 1/4-ფინალი (1970, 71)
უიმბლდონი - მოგება (1975)
აშშ-ის ღია - მოგება (1968)
დევისის თასის სამგზის ჩემპიონი (1968-70)
საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრი (1985 წლიდან)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული