ახალი კლასიკა: ენდი მარეი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
უიმბლდონის ახალი ჩემპიონის ენდი მარეისა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება მამაკაცთა თანამედროვე ჩოგბურთის მთავარი დაპირისპირება ხდება.

დღეს მოგიყვებით ბრიტანელისა და სერბის ურთიერთობებზე კორტის მიღმა.

სანამ ესპანელი რაფაელ ნადალი მუხლის ქრონიკულ ტრავმას ებრძვის, 31 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კი ფიქრობს იმაზე, როგორ შეინარჩუნოს ადგილი ელიტაში, დიდ ტურნირებზე წინა პლანზე გამოდის ბავშვობის მეგობრების დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, მარეისა და ჯოკოვიჩს შორის ურთიერთშეხვედრათა რაოდენობა ჩამორჩება რაფაელისა და როჯერის შეხვედრათა რიცხვს (19 30-ის წინააღმდეგ).

და "დიდი სლემის" ტურნირებზეც შოტლანდიელმა და სერბმა ორჯერ
ნაკლები მატჩი ჩაატარეს, ვიდრე ესპანელმა და შვეიცარიელმა - 8 29-ის წინააღმდეგ. და ისეთი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, როგორსაც ნადალსა და ფედერერს შორის ჰქონდა ადგილი, ამ ორისგან ნაკლებად არის მოსალოდნელი. მაგრამ ის ფაქტი, რომ "დიდი სლემის" ბოლო ოთხი ტურნირიდან სამის ფინალში სწორედ მარეიმ და ჯოკოვიჩმა გაარკვიეს ურთიერთობა, იმაზე ლაპარაკობს, რომ ATP-ის ტურში აქცენტების შეცვლა ხდება.

"ნოვაკს 12 წლიდან ვიცნობ, - აღნიშნავს 26 წლის მარეი, რომელსაც უიმბლდონზე გამარჯვებისთვის, სულ მალე, ბრიტანეთის დედოფალი რაინდად აკურთხებს.

- დარწმუნებული ვარ, როცა თამაშს დავამთავრებთ, კარგი მეგობრები ვიქნებით. მაგრამ, კარიერის ამ ეტაპზე მეგობრობა რთულია, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩები ძალიან რთულ ბრძოლაში მიმდინარეობს - როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მოხარული ვარ, რომ ნოვაკს დიდი ხანია ვიცნობ და ერთად ვიზრდებოდით. მაგრამ ამის გამო, კორტზე მასთან ერთად ყოფნა იოლი არ არის. დღეს, ჩვენი ურთიერთობა შეიძლება ასე დავახასიათოთ – პროფესიული მეგობრობა".

"კორტზე და მის ფარგლებს გარეთ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, - აქებს ბრიტანელს მისი თანატოლი ჯოკოვიჩი. - დიახ, მე და ენდი პრინციპული მეტოქეები გავხდით, ამიტომაც, მასთან მეგობრობა ძალიან რთულია. ახლა, ჩვენ აღარ ვსადილობთ ერთად, არ ვაწყობთ საღამოებს, თუმცა ხშირად ვსაუბრობთ და ვიხსენებთ ბავშვობის მხიარულ წლებს.

ამასწინ, იმ ადგილას გავიარე, სადაც ენდი დიდი ხანი ცხოვრობდა. ფოტოზე გადავიღე საგზაო ნიშანი, რომელზეც ქალაქის სახელი ეწერა - დანბლეინი და მას ეს სურათი გავუგზავნე. მარეიმ მაშინვე მომწერა პასუხი: "მანდ რა დაგკარგვია?" მე ვუთხარი - "სტუმრად გეწვიე, მაგრამ შინ არ დამხვდი". ენდი შოკში იყო და დამპირდა, რომ ჩემთან ბელგრადში ჩამოვიდოდა. ბუნებრივია მაშინ, როცა მე იქ არ ვიქნები".

რა თქმა უნდა, ენდი და ნოვაკი დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ იქ,სადაც გაიზარდნენ. მარეი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, ჯოკოვიჩი კი საგადასახადო სამოთხეში - მონტე კარლოში. რა აერთიანებთ ამ ბიჭებს?

ჯერ ერთი, ორივეს სიგიჟემდე უყვართ თავიანთი მშობლები. ენდიზე დიდი ხანი ამბობდნენ - "დედიკოს ბიჭი", რადგან დედამისის - ჯუდის წყალობით გახდა ის, ვინც დღეს არის. ჯოკოვიჩს კი ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს იმაზე, რაც მის ოჯახში ხდება - იქნება ეს მამის მძიმე ავადმყოფობა (რასაც შარშან ჰქონდა ადგილი) თუ შესაძლო საუბრები მშობლების განქორწინების შესახებ.

სხვათა შორის, იმას, რომ მარეისა და ჯოკოვიჩის ოჯახები ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ, შემდეგი ფაქტიც ადასტურებს: უიმბლდონის ფინალის წაგების შემდეგ, ნოვაკის მშობლები - სდრიანი და დიანა, ვაჟიშვილის მძიმე მარცხის მიუხედავად, ენდის დედასთან მივიდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მარეისა და ჯოკოვიჩის კიდევ ერთი საერთო თვისებაა - მსოფლიოს ვარსკვლავებთან კონტაქტი და შემდგომი დაახლოება. ნოვაკი მეგობრობს ანა ივანოვიჩთან და მარია შარაპოვასთან, რომელთანაც საერთო სპონსორი ჰყავს. ენდი კი ძალიან ახლოსაა დევიდ ბექჰემთან და სერ ალექს ფერგიუსონთან. მარიეს მეგობრების სიაშია ყველა დროის საუკეთესო ჯეიმს ბონდი - შონ კონერი.

თუმცა, ბოლო დროს, ჩოგბურთელი თითქმის აღარ ხვდება მსახიობს, რომელიც არა მხოლოდ თავისი როლებით არის ცნობილი, არამედ იმითაც, რომ შოტლანდიის დიდ ბრიტანეთიდან გამოყოფის აშკარა მომხრეა. და ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დადებითად აისახა ენდის იმიჯზე დიდ ბრიტანეთში.

დადებითად ახასიათებს მარეისა და ჯოკოვიჩს მათი ხანგრძლივი ურთიერთობები მეგობარ გოგონებთან. ენდის გერლფრენდი - კიმ სირსი (ჩოგბურთის მწვრთნელის ნაიჯელ სირსის ქალიშვილი. ეს სპეციალისტი დიდი ხანი მუშაობდა დანიელა ჰანტუხოვასთან და ანა ივანოვიჩთან) ნისლიანი ალბიონის მოსახლეობისთვის გახდა სტილის კანონმდებელი.

სწორედ მან მოახერხა ფეთქებადი ხასიათის მქონე ჩოგბურთელის დაშოშმინება, როცა ჩამოაშორა ის ინტერნეტსა და კომპიუტერულ თამაშებს, აგრეთვე აიძულა ენდი შეეჭრა თავზე დადებული "ბუდე" და გაეკეთებინა მოდური ვარცხნილობა. ამ "მიღწევისთვის" კიმმა ჩოგბურთელის დედისგან განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა.

ჯოკოვიჩის შეყვარებული - ელენა რისტიჩი არა მხოლოდ მოგზაურობს ნოვაკთან ერთად ტურნირებზე, არამედ ხელმძღვანელობს ჩოგბურთელის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც სერბეთსა და მთელს მსოფლიოში ეხმარება გაჭირვებულ ახალგაზრდა ადამიანებს, ვისაც საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება არ გააჩნია. სხვათა შორის, უიმბლდონის ფინალის მეორე დღეს, ლონდონში გაიმართა ჯოკოვიჩის ფონდის საქველმოქმედო საღამო, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

საინტერესოა, რომ მარეი ამ ღონისძიებაზე დაპატიჟებული არ ყოფილა. ეს გასაგებია - არც ერთი არ აპირებს კარიერის დასრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მათ კიდევ ბევრი დაპირისპირება ელით. ერთობლივი ბანკეტების ჩატარებას ისინი მოგვიანებით მოასწრებენ.

ცონგამ სეზონი დაასრულა?
ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, შესაძლოა, ნაადრევად დაასრულოს წლევანდელი სეზონი. შეგახსენებთ, რომ ჟომ უიმბლდონის მეორე წრეში ვერ დაასრულა ბრძოლა ლატვიელ ერნესტ გულბისთან. როგორც ფრანგი ჩოგბურთელი ამბობს, მას ექვსი თვით იძულებითი დასვენება ემუქრება.

"ჯერჯერობით, ექიმები კონკრეტულს არაფერს მეუბნებიან. ორი კვირის განმავლობაში მყესებში ბზარი ვერ განიკურნება. დაძაბული გრაფიკი მქონდა და ამან იმოქმედა მუხლის მდგომარეობაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ რეაბილიტაციამ ერთიდან ექვსი თვე დაიკავოს", - ამბობს ფრანგი ჩოგბურთთელი.

"ძალიან მინდა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში. სეზონის ამერიკული ნაწილი სამი კვირის შემდეგ დაიწყება, ამიტომაც მრჩება იმედი, რომ იმ დროისთვის მოვასწრებ გამოჯანმრთელებას და ფორმის აკრეფას. ახლა კი უნდა დავისვენო", - დაამატა ცონგამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩოგბურთი, ქრისტიანობა და პაციფიზმი - ენდი მარეიმ უიმბლდონის ბრიტანული წყევლა განდევნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული