ქართველ ჩოგბურთელებს მძიმე კვირა ელით

AutoSharing Option
გასულ კვირას, როგორც გაუწყეთ, ოქსანა კალაშნიკოვამ თურქეთში უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკთან ერთად წყვილთა პაექრობა მოიგო.

ამის მიუხედავად, იგი WTA-ს წყვილთა რეიტინგში 1342 ქულით 65-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ანა ტატიშვილმა, რომელმაც ბუდაპეშტში წყვილთა შორის ნინა ბრატჩიკოვასთან (რუსეთი) ერთად მე-2 ადგილი დაიკავა, 23 საფეხურით წინ გადაინაცვლა და 840 ქულით 103-ეა.

ერთეულთა თანრიგში კი ქართველი ჩოგბურთელების სარეიტინგო მდგომარეობა ასეთია: 104 (101). ანა ტატიშვილი (649 ქულა), 222 (216). სოფიო შაფათავა (248), 324 (320). ოქსანა კალაშნიკოვა (137), 426 (443), მაკა ჩახნაშვილი (83), 571 (566). სოფიო ქვაცაბაია (48),
620 (618). ეკატერინე გორგოძე (40), 848 (854). ნათია გეგია (17).

ქართველი ჩოგბურთელებისთვის მიმდინარე კვირაც მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება.

შვედეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ითამაშებს ანა ტატიშვილი, რომელსაც ძირითადი ბადის სტარტზე 16 წლის შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ეყოლება მეტოქედ.

ჩვენებური წყვილებში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ითამაშებს და მე-4 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში ისინი დიანა მარცინკევიცას (ლატვია) და ნიკოლა სლეიტერის (დიდი ბრიტანეთი) დუეტს შეხვდებიან.

საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მე-6 ნომერია სოფიო შაფათავა. პირველ წრეში თბილისელ ჩოგბურთელს ესპანელი ბეატრის გარსია-ვიდაგანი გაუწევს მეტოქეობას.

სოფიო წყვილებში იულია კალიაბინასთან (რუსეთი) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე ისინი ისვენებენ. მეოთხედფინალში გერმანელებს - კაროლინ დანიელსსა და ანა კლასენს დაუპირისპირდებიან.

გერმანიაში 25.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.

ქვაცაბაია რუს იანა სიზიკოვას შეხვდება, ხოლო გორგოძე მეორე ნომრად განთესილ ალიაქსანდრა სასნოვიჩთან (ბელორუსი) გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში კინდი ბურგერი (ჰოლანდია) და ლენა-მარი ჰოფმანი (გერმანია) ეყოლებათ მეტოქედ.

იზმირის 10.000-იან ტურნირში ითამაშებს ანა ქადაგიძე. პირველ წრეში იგი მე-5 ნომრად განთესილ მასპინძელს - ჰულია ესენს ეთამაშება. წყვილებში თურქ დეფნე ბასბაკალთან ერთად ჩვენებურს ნურ გულსან ბიკენისა (თურქეთი) და საბინა ელენა პრედას (რუმინეთი) დუეტი გამოცდის.

მანდილოსნების მსგავსად, საერთაშორისო ტურნირებში აქტიურად იასპარეზებენ ვაჟებიც.

ესქიშეჰირის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირის (42.500 დოლარი) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩილელ ჰანს პოდლიპკინ-კასტილიოს შეხვდება. წყვილებში ჩვენებური და ბრიტანელი ბრიდენ კლეინი გზიდან ევგენი კარლოვსკისა (რუსეთი) და ლოვრო ზოვკოს (ხორვატია) ჩამოშორებას შეეცდებიან.

თურქეთის 10.000-იან ვაჟთა ტურნირში ოთხი ქართველი ჩაება: ალექსანდრე მეტრეველმა პირველ წრეში კარუნუდაი სინგხი (ინდოეთი) დაამარცხა - 6:3, 6:2, გიორგი ცივაძემ პუერტორიკოელ ალექს ლომპარტთან წააგო სამ სეტში - 6:4, 6:7, 2:6.

კვალიფიკაციიდან აღზევებულნი - მიხეილ ხმიადაშვილი (სძლია თურქ მეჰმეტ ბეიაზიტსა და ინდოელ რამან რაჯშეხარს) და გიორგი ჯავახიშვილი (რუსი კირილ რომანოვი და თურქი ათა ჰერგუნვარიმი დაამარცხა) ძირითადი ბადის პირველ წრეში, შესაბამისად, შარფ აგაბიგუნსა (თურქეთი) და მე-5 ნომრად განთესილ ტორსტენ ვიეტოსკას (გერმანია) შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული