18 წლის შემდეგ ქართველმა WTA-ის ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში 28 ივლისს დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბაქოს თასი" (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), რომლის დირექტორი გახლდათ ლეილა მესხი.

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან შეამხანაგებული მე-2 ნომრად იყო განთესილი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე ჩამოიშორა ალექსანდრა კადანტუ (რუმინეთი) და ინეს ფერერ სუარესი (ესპანეთი) - 6:1, 6:2, თამარ ჭალაგანიძისა და ნაზრინ ჯაფაროვას (აზერბაჯანი) მძლეველი ილონა კრემენისა (ბელარუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) დუეტი - 6:4, 7:5, ანა ტატიშვილისა და ვესნა დოლონჩის (სერბეთი) დამმარცხებელი ჩეხი დების -
კაროლინა და კრისტინა პლისკოვების ტანდემი - 6:1, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში კი ელენი დანილიდუსა (საბერძნეთი) და ალექსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) სამ სეტში აჯობა - 4:6, 7:6, 10:4. გამარჯვებულები ლეილა მესხმა დააჯილდოვა.

"ბაქოს თასზე" მიღწეული წარმატებისთვის წყვილთა რეიტინგში 1360 ქულით 66-ე ადგილზე მყოფი თბილისელი ჩოგბურთელი 280 ქულას შეიმატებს და საგრძნობლად დაწინაურდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსნებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში ასპარეზობდა ანა ტატიშვილიც, რომელიც ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა შეჯიბრებას.

30 ივლისიდან ჩვენებური ვაშინგტონის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ძირითად ბადეში ჩაებმება და სტარტზე ფრანგ კაროლინ გარსიას დაუპირისპირდება.

გერმანულ ჰორბში ქალთა 10.000-იან ტურნირზე სოფიო ქვაცაბაიამ ორი წრე წარმატებით გაიარა - კაროლინ უებელჰაუერი (გერმანია, 6:3, 6:3) და ნათელა ძალამიძე (რუსეთი, 6:3, 7:5) დაამარცხა, მეოთხედფინალში, ეტყობა, ტრავმის გამო პეტრა კრეიშოვასთან (ჩეხეთი) სათამაშოდ არ გამოცხადდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული