ჯონ ისნერმა ამერიკის ღირსება დაიცვა

AutoSharing Option
სანამ ჩოგბურთელები საბოლოოდ გადაბარგდებოდნენ ამერიკაში იქაური ტურნირების სერიაში მონაწილეობისთვის, გასულ კვირას ბოლო შეჯიბრებები გაიმართა გრუნტზე.

რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო შვეიცარიის გშტაადისკენ, სადაც ადგილობრივი პუბლიკის ორი კერპი - როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა უნდა გამოსულიყვნენ. როჯერის კრახზე ჩვენ უკვე დავწერეთ, როცა ლეგენდამ პირველივე მატჩი წააგო გერმანელ დანიელ ბრანდსთან, რაც შეეხება ვავრინკას, ის მეოთხედფინალში დამარცხდა ესპანელ ფელისიანო ლოპესთან.

ფედერერისა და ვავრინკას ჩავარდნის შემდეგ, რთული იყო რომელიმე ჩოგბურთელის ფავორიტად გამოცხადება. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მეოთხედფინალში გაიმართა ნაადრევი ფინალი რუს მიხაილ
იუჟნისა და არგენტინელ ხუან მონაკოს შორის. იუჟნიმ სამი მატჩბოლის მოგერიება შეძლო გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე, შემდეგ კი კარგი მოწოდებით თავისი პირველივე შანსი გამოიყენა.

როგორც რუსის მომდევნო ორმა შეხვედრამ აჩვენა, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი მთელს ტურნირზე, რადგან ნახევარფინალსა და ფინალში იუჟნის დიდი წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. ფინალამდე ის რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს გაუსწორდა – 6:3, 6:3, გადამწყვეტ მატჩში კი ასევე დომინირებდა ორი სეტის განმავლობაში ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს წინააღმდეგ – 6:3, 6:4. აღსანიშნავია, რომ ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია 5:0 რუსის სასარგებლოდ.

ასე რომ, იუჟნიმ კარიერაში ATP-ის მე-20 ფინალი ითამაშა და მეათე გამარჯვებას მიაღწია, ხოლო მისი ბოლო წარმატება პროფესიულ ტურში 2012 წლის თებერვლით თარიღდებოდა.

* * *
გრუნტის კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა უმაგში, სადაც მთავარი ვარსკვლავი იყო რიშარ გასკე. თუმცა ფრანგის ხორვატული დებიუტი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რიშარმა პირველივე მატჩში წააგო ალბერტ მონტანიესთან. ასევე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას მეოთხე ნომრად განთესილი ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რომელმაც მხოლოდ ოთხი გეიმი აუღო ალიაჟ ბედენეს.

ნახევარფინალისტთა შემადგენლობა სავსებით კანონზომიერი აღმოჩნდა. გასკეს მხრიდან ამ ეტაპზე გავიდა გაელ მონფილსი, რომელსაც უჩვეულო ნახევარფინალი გამოუვიდა ფაბიო ფონინის წინააღმდეგ. ფრანგმა პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით დათმო, მოიგო მეორე სეტი და მესამეში 0:5 ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, მონფილსმა გაათანაბრა ანგარიში და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მაინც დამარცხებულმა დატოვა კორტი. მეორე ნახევარფინალში ტომი რობრედო ანდრეას სეპის გაუსწორდა.

უმაგის ფინალს ფონინი 13-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, თანაც, იტალიელმა ეს სამ კვირაში მოახერხა, როცა შტუტგარტისა და ჰამბურგის ტურნირები მოიგო. მაგრამ, ტომიმ აპენინელს არ მისცა ზედიზედ მესამე ტურნირში გამარჯვების საშუალება. როგორც ჩანს, იტალიელს ძალები გამოელია, რადგან ფინალის პირველ სეტში მან ვერ ერთი გეიმი ვერ მოიგო. მიუხედავად ამისა, ფონინი მე-16 პოზიციამდე ავიდა რეიტინგში, რაც მისი პირადი რეკორდია, რობრედომ კი კარიერაში მე-12 ტიტული მიითვალა. გარდა ამისა, ესპანელი 2010 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხვდა კლასიფიკაციის TOP25-ში.

* * *
ოკეანის გაღმა გამართულ ერთადერთ ტურნირში, რომელსაც ატლანტა მასპინძლობდა, საშუალო შემადგენლობა შეიკრიბა, რომელშიც 11 ამერიკელი ირიცხებოდა. მოქმედი ჩემპიონი იყო დიდი სპორტიდან წასული ენდი როდიკი.

ამ ტურნირზე გულის ავადმყოფობის შემდეგ დიდ სპორტში დაბრუნების მორიგი მცდელობა ჰქონდა მერდი ფიშს, რომლის საწყისი მატჩი მაიკ რასელთან წვიმის გამო ორ დღედ გაიწელა და საბოლოო, 35 წლის რასელის გამარჯვებით დასრულდა.

ასევე უნდა აღინიშნოს ATP-ის დონეზე კრისტიან ჰარისონის დებიუტი. 19 წლის ჩოგბურთელმა სტარტი ალეხანდრო ფალას დამარცხებით აიღო, შემდეგ კი დიდი ბრძოლა გაუმართა ჯონ ისნერს, რომელსაც დაძაბული მესამე სეტი დაუთმო. რაც შეეხება კრისტიანის უფროს ძმას - რაიანს, მან შეწყვიტა წარუმატებლობების გრძელი სერია და 2012 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში.

საბოლოოდ, ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯონ ისნერი და კევინ ანდერსონი. სამხრეთაფრიკელმა ნახევარფინალში დამაჯერებლად მოუგო უფროს ჰარისონს, ისნერს კი რთული ბრძოლა ჰქონდა ლეიტონ ჰიუიტთან. მათ ამასწინ, ნიუპორტის ტურნირზე ითამაშეს და მაშინ გამარჯვება ავსტრალიელს დარჩა, ამჯერად კი საქმე მესამე სეტის ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ეს კი ისნერის შანსი იყო, რადგან მას 2012 წლიდან მოყოლებული არ წაუგია გადამწყვეტი პარტიის ტაი-ბრეიკი. ასე მოხდა ამჯერადაც.

ფინალში ისნერი ერთგვარად ამერიკული ჩოგბურთის ღირსებას იცავდა, რადგან ანდერსონის მოგების შემთხვევაში, ATP-ის რეიტინგის TOP20-ში არც ერთი ამერიკელი არ დარჩებოდა. ეს მატჩი ტაი-ბრეიკებზე ბრძოლად გადაიქცა. ჯონს ძალიან გაუჭირდა, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, სამხრეთაფრიკელს კი ასეთი 11 შანსი მიეცა. საბოლოო ჯამში, ფინალში არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა. აქაც საქმე გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ისნერმა გააგრძელა თავისი უცნაური სერია (8-0 ბოლო ორი სეზონის განმავლობაში) - 6:7(3), 7:6(2), 7:6(2). ამერიკელმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო, აქედან ექვსი - აშშ-ის ტერიტორიაზე.

გშტაადი (შვეიცარია)

ფინალი
მიხაილ იუჟნი (რუს, 6)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:4.

ატლანტა (აშშ)
ფინალი
ჯონ ისნერი (აშშ, 1)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 2) 6:7(3), 7:6(2), 7:6(2).

უმაგი (ხორვატია)
ფინალი
ტომი რობრედო (ესპ, 5)-ფაბიო ფონინი (იტა, 3) 6:0, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაქოს ტურნირზე უკრაინელი ვარსკვლავი დაიბადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული