მონრეალი: მოიგებს ჯოკოვიჩი ზედიზედ მესამედ?
პარასკევს, ძირითადი ბადის წილისყრის წინ, ტურნირის ორგზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ ზურგის პრობლემის გამო ვერ შეძლებს მონრეალში თამაშს. ამან მაშინვე წარმოშვა ხუმრობა - შეჯიბრისთვის შეეცვალათ სახელი და Rogers Cup-ის ნაცვლად დაეტოვებინათ, უბრალოდ, Cup.
მაგრამ, თუ სახელის გადარქმევაზე მივა საქმე, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ტურნირს მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელს მიანიჭებენ. სერბს კანადური მასტერსი
ჩვენ გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ სატურნირო ბადე, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედოთ მას. ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალის წაგების შემდეგ პირველად გამოჩნდება კორტზე. მისი პირველი მეტოქე უნდა გაირკვეს გერმანელი ფლორიან მაიერისა და ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის შეხვედრაში. მესამე წრეში ნოვაკი შეიძლება დაუპირისპირდეს თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩს, მეოთხედფინალში კი ფრანგ რიშარ გასკეს, ვისაც ერთი წლის წინ ფინალური მატჩი მოუგო.
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომელიც წელს ჰარდის მხოლოდ მეორე ტურნირზე ითამაშებს, ბადეში ჯოკოვიჩის მხარეს მოხვდა. ის პირველ მატში კანადელ იესი ლივაინსა და ბელგიელ ქსავიეს მალისეს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რის შემდეგაც, პოტენციურ მეტოქეებად ელოდება უიმბლდონის ნახევარფინალისტი იერჟი იანოვიჩი და სტანისლას ვავრინკა.
უიმბლდონის ჩემპიონს ენდი მარეის წილისყრამ უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა: თავის პირველ მატჩში ბრიტანელი შეიძლება შეხვდეს გრიგორ დიმიტროვს ან გასულ კვირას კიტცბუელის ტურნირის ჩემპიონს, ესპანელ მარსელ გრანოლერსს.
ხოლო, ენდის პირველი სავარაუდო განთესილი მეტოქე, წესით იტალიელი ფაბიო ფონინი უნდა იყოს, რომელსაც ტურში ბოლო 14 მატჩიდან 13 აქვს მოგებული. რაც შეეხება ვირტუალურ მოწინააღმდეგეს მეოთხედფინალში, მარეის, სავარაუდოდ, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ან ადგილობრივი პუბლიკის ფავორიტ მილოშ რაონოჩთან მოუწევს თამაში.
ტორონტო: შარაპოვასა და აზარენკას გარეშე
იმის შესახებ, რომ მარია შარაპოვა ვერ ითამაშებდა Rogers Cup-ზე, კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი, ბადის გამოქვეყნების შემდეგ კი ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა ვიქტორია აზარენკამ. ბელარუსმა ამის მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელა: "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ტორონტოში თამაშს ვერ შევძლებ. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი და ამიტომაც შევიტანე ის ჩემს განრიგში".
უკვე ცნობილია, რომ ბელარუსს ძირითად ბადეში რუსი სვეტლანა კუზნეცოვა შეცვლის, რომელმაც წააგო კვალიფიკაციის ფინალი ამერიკელ ლორინ დევისთან. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველ წრეში ისევ შეხვდებიან.
რა თქმა უნდა, შარაპოვასა და აზარენკას არყოფნაში, კიდევ უფრო იზრდება მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერენა უილიამსის შანსები. ამერიკელი, რომელსაც Rogers Cup ორჯერ მოუგია, დაელოდება პირველი წრის შეხვედრას, რომელშიც იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე და სამხრეთაფრიკელი შანელ სხეპერსი დაუპირისპირებიან ერთმანეთს. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა სერენას პირველი მეტოქე.
მესამე წრეში უმცროსი უილიამსი, შესაძლოა, თავის უფროს დას - ვინუსს შეხვდეს, თუმცა ამ უკანასკნელს სასტარტო რაუნდში რთული მეტოქე ჰყავს უიმბლდონის სენსაციის, ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის სახით. ბადის იმ მეოთხედში, რომელშიც სერენა უილიამსი იმყოფება, უიმბლდონის ჩემპიონი მარიო ბარტოლი მოხვდა, აგრეთვე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერს საბოლოო დაცემას უწინასწარმეტყველებენ