ამერიკული ჩოგბურთის დაცემა

AutoSharing Option
ერთი კვირის განმავლობაში, კანადა საჩოგბურთო ცენტრი გახდა. მონრეალში იმართება მამაკაცების მორიგი მასტერსი, ტორონტო კი ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს.

მონრეალში ისტორიული მომენტი დაფიქსირდა. კანადელმა უაილდ-ქარდის მფლობელმა ვაშეკ პოსპიშილმა სამსეტიან ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი, რაც, ჯერჯერობით, ტურნირის მთავარი სენსაციაა. ისნერი ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფებოდა - ორი კვირის განმავლობაში მოიგო ატლანტას ტურნირი და ვაშინგტონის შეჯიბრში ფინალში ითამაშა, სადაც სამ სეტში დამარცხდა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან. როგორც ჩანს, ზედიზედ მესამე ტურნირისთვის ისნერს ძალები აღარ ეყო, თუმცა პოსპიშილთან მატჩის მოგების
კარგი შანსი ჰქონდა.

ის 4:2-ს იგებდა გადამწყვეტ პარტიას, მაგრამ კანადელმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქაც ამერიკელი 4:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც, ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და მატჩი მეტოქეს ჩააბარა - 7:5, 6:7(5), 6:7(4). აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ისნერს მიმდინარე სეზონში 37-დან 28 ტაი-ბრეიკი ჰქონდა მოგებული.

ისტორიული მომენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ წაგების შემდეგ, ისნერი დატოვებს ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ოცეულს და იქ არც ერთი ამერიკელი აღარ დარჩება. ასეთი რამ კი ჩოგბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

საერთოდ, კანადელმა ჩოგბურთელებმა პირველ წრეში ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირეს. ძირითად ბადეში ამ ქვეყნის ხუთ წარმომადგენელს ვხედავთ და ხუთივემ შეძლო მეორე რაუნდში გასვლა: პოსპიშილის გარდა, მოიგეს თავიანთი შეხვედრები მილოშ რაონიჩმა, ფრენკ დანჩევიჩმა, იესე ლივაინმა და ფილიპ პელივომ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ უკანასკნელის გამარჯვება.

19 წლის პელივო თანამედროვე ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. შარშან ის დომინირებდა იუნიორთა დონეზე, იყო პირველი ნომერი და "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის ფინალში ითამაშა, აქედან უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე მთავარი პრიზი მოიგო. მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მან გამოცდილი ფინელი იარკო ნიემინენი დაამარცხა. პირველი სეტის 3:6 წაგების შემდეგ, პელივოს მეორე პარტიაში ერთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. ეს სეტი მან 7:5 მოიგო, მესამეში კი 3:1 დაწინაურდა, როცა ნიემინენმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

* * *
პარალელურად, სტარტი აიღო მეორე წრემ და პირველი მატჩი ჩაატარა რეიტინგის ლიდერმა და კანადური მასტერსის სამგზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა საკმაოდ კარგი ფორმა აჩვენა გერმანელი ფლორიან მაიერის წინააღმდეგ. მან 55 წუთში მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის - 6:2, 6:1 და არა მარტო კარგი თამაშით, არამედ მატჩის შემდეგ შესრულებული იმპროვიზებული ცეკვითაც გაართო მაყურებელი. ჯოკოვიჩისთვის ეს იყო კანადის მასტერსტზე ზედიზედ მოგებული მე-11 შეხვედრა. ამ სეზონში კი მას 40 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა.

მეორე რაუნდში ნოვაკის მეტოქე უკვე ნახსენებ პელივოსა და უზბეკ დენის ისტომინს შორის გამარჯვებული იქნება. ამ უკანასკნელმა პირველ რაუნდში ჯოკოვიჩის თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩი გამოთიშა ბრძოლას.

გაირკვა მეორე წრეში ბრიტანელი ენდი მარეის მეტოქე. ეს იქნება ესპანელი მარსელ გრანოლერსი, რომელმაც გასულ კვირას კიტცბუელის გრუნტის ტურნირი მოიგო, ახლა კი მონრეალის ჰარდზე ორ სეტში დაამარცხა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი - 6:4, 6:4.

გრანოლერსის მსგავსად, ბოლო პერიოდში კარგ ფორმას აჩვენებს იტალიელი ფაბიო ფონინი, რომელიც ამ ტურნირზე ენდი მარეის პოტენციური მეტოქეა მერვედფინალში. აპენინელმა 1:6, 6:1, 6:1 მოუგო კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს. უიმბლდონიდან მოყოლებული, ფონინიმ სამი ტურნირის ფინალში ითამაშა, მთავარი პრიზი მოიგო შტუტგარტსა და ჰამბურგში და უმაგში დამარცხდა ტომი რობრედოსთან.

კინაღამ კიდევ ერთი სენსაცია მოხდა პოლონელი იერჟი იანოვიჩისა და ფრანგი ჟულიან ბენეტოს შეხვედრაში. ეს მატჩი სამი სეტი გაიწელა და გადამწყვეტ პარტიაში უიმბლდონის ნახევარფინალისტი 2:4 ჩამორჩა, მაგრამ მოახერხა გადამრჩენი ბრეიკის გაკეთება და 5:5-ზე ზედიზედ ორი გეიმის აღებით, თავის სასარგებლოდ დაასრულა მატჩი.

* * *
კორტზე გასვლა მოუწია ესპანელ რაფაელ ნადალს. სათამაშო პრაქტიკის სწრაფად აღდგენისთვის, ის მონრეალში წყვილთა თანრიგშიც გამოდის. პირველ წრეში ნადალისა და პაბლო ანდუხარის დუეტმა ასევე ესპანური წყვილი დაამარცხა დავიდ ფერერისა და ფელისიანო ლოპესის შემადგენლობით - 6:7(2), 6:1, 12:10. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე ნადალი და ანდუხარი 7:9-ს აგებდნენ, მაგრამ მოახერხეს ორი მატჩბოლის მოგერიება.
ნადალი ანდუხართან ერთად პირველად თამაშობს წყვილებში, ისე კი შეგახსენებთ, რომ რაფას კარიერაში ATP-ის რვა ტიტული აქვს მოგებული წყვილთა თანრიგში.

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 887 085
ერნესტ გულბისი (ლატ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6(4), 6:4; დენის ისტომინი (უზბ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 16) 6:4, 6:3; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 15)-ჟულიან ბენეტო (საფ) 3:6, 6:3, 7:5; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12) 6:3, 6:7(4), 6:3; ალექს ბოგომოლოვი (რუს)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:2, 4:6, 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 13)-მარკო ბაღდატისი (კვიპ) 1:6, 6:1, 6:1; მიხაილ იუჟნი (რუს)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:4, 7:6(3); ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ჯონ ისნერი (აშშ) 5:7, 7:6(5), 7:6 (4); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 7:6(0), 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:4, 6:4; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ჟილ სიმონი (საფ, 14) 2:6, 6:1, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 11)-ჟერემი შარდი (საფ) 6:3, 4:6, 7:5; ტომი ჰაასი (გერ, 10)-დავიდ გოფენი (ბელ) 7:6(4), 6:3.

II წრე
კეი ნიშიკორი (იაპ, 9)-ანდრეას სეპი (იტა) 4:6, 7:5, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:2, 6:1; რიშარ გასკე (საფ, 7)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოკეანის გაღმა საჩოგბურთო ციებ-ცხელება იწყება
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არ ყოფილა ისნერი 21ე ადგილზე რომ იყო და ქუერი 22 ის არ იყოო??? ანდერსონს რომ მოუგო ფინალი მაშინ გახდა მე 20 ნომერი, მაგარი მატყუარა სტატიას წერს
lasha
15:00 09-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული