უიმბლდონის ჩემპიონებმა Rogers Cup-ზე ვერ ივარგეს

AutoSharing Option
მონრეალის მასტერსის მერვედფინალური ეტაპი დიდი სენსაციით აღინიშნა. ჩვენ გუშინდელ ნომერში აღვნიშნეთ ბრიტანელი ენდი მარეის არასახარბიელო სპორტული ფორმა, როცა მან გაჭირვებით დაამარცხა ესპანელი მარსელ გრანოლერსი.

ბრიტანელის პრობლემები უფრო კარგად გამოჩნდა ლატვიელ ერნესტ გულბისთან შეხვედრაში. ენდის აქამდე ბოლო მატჩი მაისში, რომის მასტერსზე ჰქონდა წაგებული და ლატვიელთან შეხვედრას 13-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, თუმცა ვერ შეძლო მისი გაგრძელება.

გულბისმა პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით აიღო და მეორეშიც მოახერხა ბრეიკით დაწინაურება. მართალია, მარეიმ შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, მაგრამ მერვე გეიმში ისევ გააკეთებინა ბრეიკი ბალტიისპირელს, რომელმაც
5:3-ზე მატჩზე ჩააწოდა და მეექვსე ცდიდან პირველად დაამარცხა ბრიტანელი ჩოგბურთელი.

გულბისი 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში და აქ მისი მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება, რომელიც დღის მეორე სენსაციის ავტორი გახდა. მასპინძელმა 12 ეისისა და 5 ბრეიკის დახმარებით დაამარცხა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო - 7:5, 6:4.

დღის მესამე სენსაციაც კანადელ ჩოგბურთელს ეკუთვნის. მონრეალში აგრძელებს ბრწყინვალე სვლას ვაშეკ პოსპიშილი - ჯონ ისნერისა და რადეკ შტეპანეკის შემდეგ, მან მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხიც გამოთიშა ბრძოლას. ორსაათნახევრიან დაპირისპირებაში კანადელმა 20 ეისი ჩააწოდა და სამ სეტში მოიგო - 7:5, 2:6, 7:6(5). 1998 წლის შემდეგ პირველად, კანადური მასტერსის მეოთხედფინალში ორი ადგილობრივი ჩოგბურთელი ითამაშებს.

* * *
მოიგეს თავიანთი შეხვედრები ფავორიტებმა - რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ესპანელი უიმბლდონის ნახევარფინალისტს, პოლონელ იერჟი იანოვიჩს ხვდებოდა და ორი რთული სეტი მოუგო მას. პირველ პარტიაში ბრეიკი არ შესრულებულა. ნადალს 5:4-ზე სამმაგი სეტბოლი ჰქონდა მეტოქის მოწოდებაზე, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, მომდევნო გეიმში კი თავად მოუწია ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება. ტაი-ბრეიკზე ესპანელმა კიდევ ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა მესამე ცდაზე მაინც მიაღწია საწადელს.

მეორე სეტი ნადალისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - 0:3 ჩამორჩა, თან ორი თავისი მოწოდება წააგო, მაგრამ ამით პოლონელის წარმატებები დასრულდა. რაფამ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, 4:4-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და 7:6(6), 6:4 გაიმარჯვა. ნადალისთვის წელს ეს მეშვიდე მატჩი იყო ჰარდის საფარზე და ჯერჯერობით, ესპანელს მოგებათა ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. შეგახსენებთ, რომ მან მარტში ინდიან უელსის მასტერსზე შეძლო გამარჯვება.

რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, მისი მატჩი უზბეკ დენის ისტომინთან მოულოდნელად დაიწყო - აზიელმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და 6:2 მოიგო, თუმცა შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მეორე სეტში გადამწყვეტი ბრეიკი სერბმა 3:2-ზე გააკეთა, მესამე სეტში კი ჩოგბურთელებმა ჯერ ბრეიკები გაცვალეს, 3:3-ზე კი ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 2:6, 6:4, 6:4.

მეოთხედფინაში ნოვაკი ფრანგ რიშარ გასკეს შეხვდება, რომელსაც შარშან, ამ ტურნირის ფინალი ორ სეტში მოუგო, სულ კი ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებს. გასკემ მეოთხედფინალის საგზური იაპონელი კეი ნიშიკორის დამარცხებით მოიპოვა - 1:6, 6:3, 6:3.

Rogers Cup
მონრეალი (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 887 085

1/8 ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 15) 7:6(6), 6:4; ერნესტ გულბისი (ლატ)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:4, 6:3; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 7:5, 2:6, 7:6 (7:5); ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 6:4, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 11)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 7:5, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 7)-კეი ნიშიკორი (იაპ, 9) 1:6, 6:3, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დენის ისტომინი (უზბ) 2:6, 6:4, 6:4; მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა)-ბენუა პერი (საფ) 7:6(7), 6:7(10), 6:3.

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-გასკე (7); ნადალი (4)-მატოშევიჩი; პოსპიშილი-დავიდენკო; რაონიჩი (11)-გულბისი.

უიმბლდონის ჩემპიონი ტორონტომაც დაკარგა
ქალთა მერვედფინალურ ეტაპზე პრაქტიკულად ყველა მატჩში ბრძოლა იყო, ყველაზე დრამატულად კი ჩინელ ნა ლისა და სერბ ანა ივანოვიჩს შორის შეხვედრაში წარიმართა მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩოგბურთელები დიდი ხანია ტურში გამოდიან, ეს მათი მხოლოდ მეორე შეხვედრა იყო. პირველი 2006 წელს, გრუნტზე გაიმართა და მაშინ, პირველი სეტის წაგების შემდეგ, ივანოვიჩმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მათი მეორე შეხვედრა ივანოვიჩმა კარგად დაიწყო და 6:3, 1:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ, სერბის თამაშში რაღაც მოიშალა, რასაც ნა ლის მხრიდან ზედიზედ ექვსი გეიმის მოგება და სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. თამაშის სურათი კიდევ ერთხელ მესამე სეტში შეიცვალა და ივანოვიჩმა 5:2 დაწინაურება მოახერხა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ნა ლიმ მომდევნო ხუთი გეიმიდან ოთხი თავის სასარგებლოდ დაასრულა და შემდეგ, ტაი-ბრეიკში გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური – 3:6, 6:1, 7:6(5).

მსგავი დრამატული მომენტები სხვა მატჩებშიც იყო. მაგალითად, სერა ერანიმ ფრანგ ალიზ კორნესთან მოიგო პირველი სეტი და მეორეში 5:1 დაწინაურდა, 5:2-ზე მატჩბოლი ჰქონდა, თუმცა ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია და გაჭირვებით მოახერხა მოგება – 7:5, 7:6(3). აგნიეშკა რადვანსკამ კი 1:4-დან გადაარჩინა მეორე პარტია ამერიკელ სლოუნ სტივენსთან და ამით გადაურჩა მესამე სეტის თამაშს - 6:1, 7:6(2).

ყველაზე იოლად იმ დღეს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა გაიმარჯვა, რომელმაც 6:0, 6:3 გაანადგურა უიმბლდონის ნახევარფინალისტი კირსტენ ფლიპკენსი. ეს იყო სერენას რევანში, რადგან ბელგიელმა პირველ წრეში ვინუს უილიამსს მოუგო. მატჩის შემდეგ უმცროსმა უილიამსმა განაცხადა კიდეც - როცა პირველი სეტი 6:0 მოვიგე, მაშინვე ვინუსი გამახსენდაო.

ასევე ორ სეტში მოიგო პეტრა კვიტოვამ. მან შვიდი ეისი ჩააწოდა, 11-დან 10 ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 6:3, 6:3 დაამარცხა კარლსბადის ტურნირის ჩემპიონი სამანტა სტოსური.

აგრძელებენ ტორონტოში წარმატებით გამოსვლას სორანა კირსტეა და დომინიკა ციბულკოვა. კირსტეამ კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხების შემდეგ, 6:3, 6:4 მოუგო ელენა იანკოვიჩს, ციბულკოვამ კი შეწყვიტა რობერტა ვინჩისთან ხუთმატჩიანი წაგებათა სერია, როცა 3:5-დან გადაარჩინა მეორე სეტი და 6:3, 7:6(4) მოიგო.

დაბოლოს, აქაც ვერ გავიდა მეოთხედფინალში უიმბლდონის ჩემპიონი. მარიონ ბარტოლიმ პირველი სეტი წააგო მაგდალენა რიბარკოვასთან, რის შემდეგაც ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

Rogers Cup
ტორონტო (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 369 000

1/8 ფინალი
სარა ერანი (იტა, 5)-ალიზ კორნე (საფ) 7:5, 7:6(3); სორანა კირსტეა (რუმ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 15) 6:3, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-რობერტა ვინჩი (იტა, 10) 6:3, 7:6(4); მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 7) 7:6(5), 1:0 უარი; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 13) 6:0, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 14) 6:1, 7:6(2); ნა ლი (ჩინ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ, 16) 3:6, 6:1, 7:6(5); პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 12) 6:3, 6:3.

1/4 ფინალი
ს. უილიამსი (1)-რიბარიკოვა; ა. რადვანსკა (3)-ერანი (5); ციბულკოვა-ნა ლი (4); კვიტოვა (6)-კირსტეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი წესრიგშია, ენდი მარეის ცოტა უკლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული