რაფაელ ნადალი წესრიგშია, ენდი მარეის ცოტა უკლია

AutoSharing Option
მონრეალის მასტერსზე მეორე წრე დასრულდა. ამ ეტაპიდან კიდევ ორი ფავორიტი ჩაება ბრძოლაში.

ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ, დამაჯერებელი დაბრუნება ჰქონდა ტურში რაფაელ ნადალს. ესპანელი სასტიკად გაუსწორდა მასპინძელ იესე ლივაინს და მას მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო. ეს იყო რაფასთვის პირველი მატჩში უიმბლდონის პირველ წრეში სტივ დარცისთან სენსაციური მარცხის შემდეგ.

თამაში საათი და 12 წუთი გაგრძელდა, აქედან პირველ ორ გეიმს ჩოგბურთელებმა 16 წუთი მოანდომეს და ანგარიში 1:1 იყო, როცა კორტზე ნადალის დომინირება დაიწყო და მომდევნო 12 გეიმში ესპანელმა 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2,
6:0.

მატჩის შემდეგ ნადალს მუხლების მდგომარეობაზე ჰკითხეს. "თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მუხლი თითქმის აღარ მაწუხებს. ბოლო ორი დღე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვვარჯიშობდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - უპასუხა ნადალმა.

ესპანელის მეტოქე მერვედფინალში პოლონელი იერჟი იანოვიჩი იქნება. რავა პირველად შეხვდება უიმბლდონის ფინალისტს. იანოვიჩმა ორსაათნახევრიანი რთული ბრძოლის შემდეგ დაამარცხა კიდევ ერთი კანადელი ფრენკ დანჩევიჩი - 7:6(5), 3:6, 6:4. ამაში პოლონელს 18 ეისი დაეხმარა.

მესამე კანადელი, რომელიც ამ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას, 19 წლის ფილიპ პელივო იყო. ის სამ სეტში დამარცხდა დენის ისტომინთან - 3:6, 6:3, 3:6. უზბეკმა ამ მოგებით სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან თამაშის უფლება მოიპოვა.

* * *
ასევე პირველი მატჩი ჩაატარა უიმბლდონის შემდეგ ენდი მარეიმ. მას სერიოზული მეტოქე ჰყავდა ესპანელი მარსელ გრანოლერსის სახით, რომელმაც, გასულ კვირას, კიტცბუელის ტურნირი მოიგო. თავის მხრივ, მარეი 13-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა ამ შეხვედრას და არ აპირებდა მის შეწყვეტას.

როგორც ჩანს, ბრიტანელი ბოლომდე კარგ ფორმაში არ არის. განსაკუთრებით მეორე მოწოდებისას გაუჭირდა, რადგან ამ დროს ქულების მხოლოდ 50 პროცენტი აიღო. გარდა ამისა, ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. ერთ-ერთი ასეთი წაფორხილების შემდეგ, ენდი მეორე სეტში 3:5 ჩამორჩა, თუმცა გრანოლერსმა ვერ შეძლო მატჩის მესამე სეტში გადაყვანა, რადგან ტაი-ბრეიკზე თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა და ვეღარ მოახერხა მეტოქის დაწევა - 4:6, 6:7(2).

მერვედფინალში მარეი ლატვიელ ერნესტ გულბისს შეხვდება, რომელსაც სამი სეტი დასჭირდა იტალიელი ფაბიო ფონინის დასამარცხებლად - 6:3, 1:6, 6:1. ბალტიისპირელს საკმაოდ რთული მატჩის გადატანა მოუწია და 13-დან 9 ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

* * *
როგორც ზემოთ გითხარით, მერვედფინალში რაფაელ ნადალი იერჟი იანოვიჩს შეხვდება და ეს იქნება ამ ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა. ასევე დიდი ინტერესს იწვევს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და კანადელი მილოშ რაონიჩის მომავალი მატჩი. თუმცა, დელ პოტროს შეიძლება ამ ეტაპამდე ვერ გაეღწია, რადგან ძალიან ახლოს იყო ხორვატ ივან დოდიგთან წაგებასთან. მესამე სეტში სამხრეთამერიკელი ორმაგი ბრეიკით აგებდა, დოდიგი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ხუან მარტინმა მოახერხა ზედიზედ ორი ბრეიკის გაკეთება და 2 საათსა და 18 წუთში გამარჯვება - 6:4, 4:6, 7:5.

რაც შეეხება რაონიჩს, მან როლან გაროსის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი. მონრეალში მან ჯერ სამ სეტში მოუგო ჟერემი შარდის, სამაგიეროდ, გუშინ გაუადვილდა რუსი მიხაილ იუჟნის დამარცხება. საათსა და 13 წუთში 6:4, 6:4 დაფიქსირდა.

თუმცა რუსების კარგი დღე ჰქონდათ, რადგან ალექს ბოგომოლოვი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა. მან საკმაოდ იოლად - 6:2, 6:4 დაამარცხა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი დავიდ ფერერი და ახლა, თანამემამულე ნიკოლაი დავიდენკოს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი ესპანელი - პაბლო ანდუხარი გამოთიშა ბრძოლას.

Rogers Cup
მონრეალი (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 887 085

II წრე
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 7:6; ერნესტ გულბისი (ლატ)-ფაბიო ფონინი (იტა, 13) 6:3, 1:6, 6:1; ბენუა პერი (საფ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8) 6:2, 7:6; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 6:4; დენის ისტომინი (უზბ)-ფილიპ პელივო (კან) 6:3, 3:6, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-იესე ლივაინი (კან) 6:2, 6:0; მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა)-ტომი ჰაასი (გერ, 10) 5:0, უარი; მილოშ რაონიჩი (კან, 11)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:4, 6:4; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 4:6, 6:3; ალექს ბოგომოლოვი (რუს)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:2, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ივან დოდიგი (ხორ) 6:4, 4:6, 7:5; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 15)-ფრენკ დანჩევიჩი (კან) 7:6(5), 3:6, 6:4; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 6:4.

1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ისტომინი; გასკე (7)-ნიშიკორი (9); ნადალი (4)-იანოვიჩი; პერი-მატოშევიჩი; ბერდიხი (5)-პოსპიშილი; დავიდენკო-ბოგომოლოვი; დელ პოტრო (6)-რაონიჩი (11); მარეი (2)-გულბისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა პასუხი გასცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული