მონრეალი დასრულდა, ცინცინატი დაიწყო

AutoSharing Option
მონრეალის მასტერსის დასრულების შემდეგ, ამერიკის ქალაქ ცინცინატიში ანალოგიური სერიის ტურნირი დაიწყო. იქ ჯერ პირველი წრის მატჩები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ისვენებენ პირველ რვა ნომრად განთესილები, თუმცა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და მოულოდნელი შედეგებიც ვიხილეთ.

მაგალითად, მოულოდნელი იყო 33 წლის ამერიკელის, მსოფლიოს 97-ე ნომრის ჯეიმს ბლეიკის გამარჯვება უიმბლდონის ნახევარფინალისტის, პოლონელი იერჟი იანოვიჩის წინააღმდეგ - 6:1, 7:5. ამერიკელმა, რომელიც 2007 წელს ცინცინატის ტურნირის ფინალამდე გააღწია, სამი ბრეიკი გააკეთა, იანოვიჩმა კი ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთის რეალიზება ვერ შეძლო.

სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
მან ტაი-ბრეიკზე წააგო პირველი სეტი ამერიკელ სემ კუერისთან, მაგრამ მომდევნო ორ სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და 6:7(5), 6:3, 6:4 მოიგო. სერბმა 15 ეისი ჩააწოდა და ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, კუერის კი 17 ეისმა ვერ უშველა.

გაირკვა მეორე წრეში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე. ეს იქნება არგენტინელი ხუან მონაკო, რომელმაც სეზონში 24-ე გამარჯვება იზეიმა. მან 59 წუთში ორ სეტში დაამარცხა ავსტრიელი იურგენ მელცერი - 6:3, 6:2. მონაკო ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში 0:7-ს აგებს.

რამდენიმე განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. იანოვიჩის ბედი გაიზიარა იტალიელმა ფაბიო ფონინიმ. აპენინელმა დაკარგა ის სპორტული ფორმა, რომლის წყალობითაც, ცოტა ხნის წინ, ზედიზედ სამი ტურნირის ფინალში ითამაშა და ორი მოიგო. ამჯერად, ფონინი პირველივე წრეში დამარცხდა ჩეხ ვეტერან რადეკ შტეპანეკთან - 2:6, 4:6. უნდა აღინიშნოს, რომ ფაბიომ ის სამი წარმატებული ტურნირი გრუნტზე ითამაშა, ამერიკულ ჰარდზე კი მას ჯერჯერობით არაფერი გამოსდის - გასულ კვირას, მონრეალში მეორე წრეში დამარცხდა ლატვიელ ერნესტ გულბისთან.

მესამე განთესილი ჩოგბურთელი, რომელმაც პირველი წრე წააგო, ტურნირის მე-13 ნომერი ნიკოლას ალმაგროა. მან ვერაფერი მოუხერხა გრიგორ დიმიტროვის ჩაწოდებებს. ბულგარელმა 19 ეისი მიითვალა და ორჯერ აიღო ალმაგროს მოწოდება.

ტურში ორი ამერიკელის დაბრუნება ვიხილეთ. ბრაიან ბეიკერმა იანვრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო - 80 წუთში დაამარცხა უზბეკი დენის ისტომინი (7:5, 6:3), რომელმაც მონრეალის მასტერსზე სეტი აართვა ჯოკოვიჩს.

სამაგიეროდ, არ გაუმართლა ცინცინატის მასტერსის ორგზის ფინალისტს მერდი ფიშს. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ის წელს მხოლოდ მეოთხე ტურნირში ჩაება და პირველ მატჩში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა - 2:6, 5:7.

Western & Southern Open
ცინცინატი (აშშ). ჰარდი
საპრიზო ფონდი: $3 720 000

I წრე
დმიტრი ტურსუნოვი (რუს)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 4:5, 7:6(6), 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 13) 7:6(3), 6:4; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 16) 6:1, 7:5; დავიდ გოფენი (ბელ)-მაკენზი მაკდონალდი 6:1, 6:1; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-სემ კუერი (აშშ) 6:7(5), 6:3, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 5:7, 6:4, 6:0; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ფაბიო ფონინი (იტა, 14) 6:2, 6:4; ჟერემი შარდი (საფ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:4, 6:3; ბრაიან ბეიკერი (აშშ)-დენის ისტომინი (უზბ) 7:5, 6:3; ხუან მონაკო (არგ)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:3, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-მერდი ფიში (აშშ) 7:5, 6:2.

ვინუს უილიამსი: პირველი მოგება აპრილის შემდეგ
ცინცინატიში, პარალელურად ქალებმა დაიწყეს ასპარეზობა. გუშინდელი მატჩებიდან ყველაზე დიდი ინტერესს იწვევდა ამერიკელი ვინუს უილიამსის გამოსვლა, რომელსაც ძველი დიდებისა არაფერი შერჩენია და ყველა უახლოეს მომავალში უწინასწარმეტყველებს კარიერის დასრულებას. უფროსი უილიამსი გასულ კვირას, ტორონტოს ტურნირზე დაუბრუნდა კორტს და პირველივე წრეში წააგო უიმბლდონის ნახევარფინალისტ კირსტენ ფლიპკენსთან. ამჯერად, ამერიკელს უფრო იოლი მეტოქე ჰყავდა იანა ჩეპელოვას სახით, თუმცა პირველი პარტიის 2:4-დან გადარჩენა მოუწია, რაც მოახერხა (ამის შემდეგ, ზედიზედ რვა გეიმი აიღო), მეორე სეტში კი პრობლემა აღარ შექმნია - 6:4, 6:1. ეს იყო ვინუს უილიამსის პირველი მოგება აპრილის შემდეგ, მეორე რაუნდში კი ის, შესაძლოა, კვლავ ფლიპკენსს დაუპირისპირდეს (თუ ბელგიელი პირველ წრეში რუს ელენა ვესნინას დაამარცხებს).

ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო, გერმანელი ანჟელიკ კერბერი ცინცინატიში პირველ რვა განთესილს შორის ვერ მოხვდა და პირველი რაუნდის თამაში მოუწია. შარშანდელმა ფინალისტმა ერთსაათიანი პირველი სეტი წააგო იტალიელ კარინ კნაპთან, სამაგიეროდ, მომდევნო ორ სეტში მეტოქის განადგურებას მხოლოდ 48 წუთი მოანდომა - 6:7(6), 6:0, 6:1.

ასევე უნდა გამოვყოთ რეიტინგის TOP20-ის ყოფილი წევრის, რუსი ალისა კლეიბანოვას მოგება შვედ სოფია არვიდსონთან მატჩში - 4:6, 6:4, 7:6(7). კლეიბანოვა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩამოშორდა დიდ ჩოგბურთს, რადგან ექიმებმა კიბოს ნაირსახეობის - ე. წ. ჰოჯკინის ლიმფომას დიაგნოზი დაუსვეს. რუსმა მთელი ეს დროს მკურნალობას მოანდომა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ეს მოგება შეიძლებოდა არ ყოფილიყო, რადგან კლებიანოვას 3:5-დან მოუწია გადამწყვეტი სეტის გადარჩენა.

გვერდს ვერ ავუვლით წყვილებში შვეიცარიელი მარტინა ჰინგისის შეხვედრას. მან დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად დაამარცხა საკმაოდ ძლიერი დუეტი ფლავია პენეტასა და ანაბელ მედინა გარიგესს შორის - 4:6, 6:4, 10:5. აღსანიშნავია, რომ ჰინგისი და ჰანტუხოვა 1:4 იყვნენ ჩამორჩენილნი მეორე სეტში.

Western & Southern Open
ცინცინატი (აშშ). ჰარდი
საპრიზო ფონდი: $2 210 000

I წრე
ვენუს უილიამსი (აშშ)-იანა ჩეპელოვა (ჩეხ) 6:4, 6:1; ლორენ დევისი (აშშ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 7:6(3), 7:6(1); ეჟენი ბუშარი (კან)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:3, 6:4; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:3, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 11)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:1, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:2, 3:6, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:7(5), 6:1, 6:2; ვანია კინგი (აშშ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:3, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ)-კარინ კნაპი (იტა) 6:7(6), 6:0, 6:1; ალისა კლეიბანოვა (რუს)-სოფია არვიდსონი (შვედ) 4:6, 6:4, 7:6(7); რობერტა ვინჩი (იტა, 12)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 5:7, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილმა ცინცინატიში მარია კირილენკოსთან 3-საათიანი ორთაბრძოლა დათმო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული