მარია შარაპოვა და ჯიმი კონორსი გაიყარნენ

AutoSharing Option
რუსი მარია შარაპოვასა და ამერიკელი ჯიმი კონორსის თანამშრომლობა მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა გადაწყვიტა მწვრთნელის დათხოვნა მას შემდეგ, რაც ცინცინატის ტურნირზე საწყისი შეხვედრა წააგო ამერიკელ სლოუნ სტივენსთან.

ეს იყო შარაპოვასთვის პირველი მატჩი ივნისის შემდეგ. ასე რომ, მარიასა და კონორსის თანამშრომლობამ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიცვა.

ცინცინატის ტურნირის წინ შარაპოვამ განაცხადა, რომ მას მოსწონს კონორსთან მუშაობა. რუსის თქმით, ლეგენდარული ჩოგბურთელის გამოცდილება შეუფასებელია.

კონორსთან გამოთხოვების შემდეგ რუსი მოთამაშე მწვრთნელის გარეშე დარჩა აშშ-ის ღია პირველობის წინ, რომელიც 26 აგვისტოს დაიწყება.

რუსმა და
ამერიკელმა თანამშრომლობა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყეს. შარაპოვამ 60 წლის კონორსთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. სხვათა შორის, ისინი 2008 წელსაც მუშაობდნენ ერთად.

სანამ კონორსთან დაიწყებდა მუშაობას, შარაპოვამ შეწყვიტა თანამშრომლობა ტომას ჰოგსტედტთან. შვედმა პირადი მიზეზების გამო ვერ შეძლო მარიასთან მუშაობის გაგრძელება.

2013 წელს შარაპოვამ მოიგო ორი ტურნირი - ინდიან უელსსა (აშშ) და შტუტგარტში (გერმანია). კიდევ სამჯერ მარიამ ფინალში ითამაშა და სამივე შემთხვევაში ამერიკელ სერენა უილიამსთან დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული