აშშ-ის ღია პირველობა: ნადალის ზედიზედ 11 და 16

AutoSharing Option
ნიუ იორკში სტარტი აიღო აშშ-ის ღია პირველობის 133-ე გათამაშებამ. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ისტორიაში პირველად, ეს ტურნირი 15 დღე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ხუთი წელი უამინდობის გამო ტურნირი ორშაბათს სრულდებოდა. 2013 წლიდან მოყოლებული, მამაკაცთა ფინალი, ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე კვირის დასაწყისში გაიმართება. და საერთოდაც, იცვლება ფინალური დღეების მთელი პროგრამა. ასე მაგალითად, წარსულს ჩაბარდა სახელგანთქმული "სუპერშაბათი".

ამ დღეს იმართებოდა მამაკაცების ნახევარფინალები და ქალების ფინალი. რა თქმა უნდა, მაყურებლებისთვის უქმეები მართლაც საინტერესო გამოდიოდა - ერთბაშად ოთხი უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ მოთამაშეები, განსაკუთრებით, მამაკაცები, ძალიან დიდ
დატვირთვას იღებდნენ: ხუთსეტიანი ფორმატის ორი მატჩი ორი დღის განმავლობაში.

ამიერიდან ძლიერი სქესის წარმომადგენლები კვირას დასვენების დღეს მიიღებენ, ქალები კი ტურნირის ჩემპიონს გამოავლენენ.

* * *

პირველ დღეს ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა რაფაელ ნადალის გამოსვლა, რომელიც მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ესპანელი 10-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა ამერიკის ღია პირველობას. გარდა ამისა, წელს ჰარდზე ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული (15-0).

პირველ წრეში ნადალს იოლი მეტოქე არ ჰყოლია - ამერიკელი რაიან ჰარისონი, რომელიც სოლიდურად გამოიყურებოდა ამერიკულ საჰარდო სერიაში. ამიტომაც იყო ვარაუდი, რომ მასპინძელი შეძლებდა ნადალისთვის ბრძოლის თავს მოხვევას, მაგრამ ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რაფა ძალიან კარგ ფორმაშია.

ორ საათსა და ხუთ წუთში ესპანელმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ამერიკელს, რომელიც ჰარისონმა ვერ გამოიყენა. ნადალს სამი ეისი და 28 "ვინერსი" ჰქონდა, თუმცა ხუთი ორმაგი და 21 უნებლიე შეცდომაც დაუგროვდა.

ასევე დამაჯერებლად ითამაშა პირველ წრეში კიდევ ერთმა ესპანელმა დავიდ ფერერმა, რომელსაც 18 წლის მეტოქე ჰყავდა, ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის სახით.

თინეიჯერმა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა მეოთხე ნომრად განთესილს, მეორე და მესამე სეტებში კი ფერერის უპირატესობა აშკარა იყო. დავიდმა ძალიან საიმედო თამაში აჩვენა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რასაც 11 ეისი და 28 "ვინერსი" დაუმატა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა მამაკაცებს შორის მე-11 ნომრად განთესილი კეი ნიშიკორის წაგება იყო. იაპონელმა ერთ სეტიც ვერ მოუგო ახალგაზრდა ევანსს და 38 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მისი სტილიდან გამომდინარე, ძალიან ბევრია.

ევანსი, რომელიც კვალიფიკაციიდან გავიდა ძირითად ბადეში, 2009 წლის შემდეგ დაბრუნდა ნიუ იორკში. ის მარტში 367-ე პოზიციამდე დაეშვა კლასიფიკაციაში, მაგრამ შემდეგ ორი ფინალი ითამაშა ჩელენჯერის სერიაში და 200 პოზიციით ამაღლდა, რამაც აშშ-ის ღიაზე მონაწილეობის მიღების საშუალება მისცა.

ევანსი მეორე წრეში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება, რომელსაც ხუთსეტიანი მარათონის გადატანა მოუწია ალბერტ რამოსის წინააღმდეგ. ტომიჩი 1:2-ს აგებდა სეტებში და მეოთხეში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ეს პარტია ტაი-ბრეიკზე გადაარჩინა, მეხუთე სეტში კი გაანადგურა მეტოქე.

ნიშიკორის გარდა, 27 აგვისტოს კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. ლატვიელმა ერნესტ გულბისმა (30-ე ნომერი) ტრადიციას არ უღალატა და მორიგი ხუთსეტიანი თრილერი შემოგვთავაზა, ოღონდ ამჯერად დამარცხებულმა დატოვა კორტი - წააგო ავსტრიელ ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან.

არადა, თითქოს ლატვიელი კარგ ფორმაში იყო, რადგან მაღალ დონეზე ჩაატარა ბოლო ორი მასტერსი მონრეალსა და ცინცინატიში.

27 აგვისტოს ასევე უნდა ეთამაშა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს, მაგრამ დღის ბოლოს ნიუ იორკს ციკლონმა გადაუარა და როჯერისა და გრეგა ჟემლიას მატჩი მეორე დღისთვის გადაიდო. იგივე ბედი ეწია მამაკაცთა ერთეულების კიდევ 12 შეხვედრას.

I წრე
რიშარ გასკე (საფ, 8)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 6:4, 6:2; სტეფან რობერი (საფ)-ალბანო ოლივეტი (საფ) 6:3, 6:3, 6:4; გიიომ რუფენი (საფ)-იან-ლენარდ შტრუფი (გერ) 7:6(4), 6:3, 2:6, 2:6, 6:1; დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 32)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 7:5, 4:6, 6:3, 6:0; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23)-ფლორან სერა (საფ) 6:7(4), 6:2, 6:3, 6:3; ბრედლი კლანი (აშშ)-კენი დე სხეპერი (საფ) 6:7(5), 6:2, 7:6(0), 7:6(4); დუდი სელა (ისრ)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 7:6(2), 6:3, 6:7(2), 5:7, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 18)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:3, 6:7(5), 6:3 უარი; ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია)-ერნესტ გულბისი (ლატ, 30) 3:6, 6:3, 1:6, 7:6(4), 6:4; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ანდრეი მარტინი (სლოვაკ) 6:4, 7:6(2), 7:5; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:3, 6:2, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 7:5, 6:3, 6:2; ტომი რობრედო (ესპ, 19)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:3, 6:7(6), 6:3, 6:2; ფრენკ დანჩევიჩი (კან)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 7:6(5), 3:6, 7:5, 7:6(3); ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:3, 3:6, 4:6, 7:6(1), 6:3; დანიელ ევანსი (ბრიტ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 11) 6:4, 6:4, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 27) 6:3, 7:5, 1:6, 4:6, 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-რინ უილიამსი (აშშ) 6:3, 4:6, 1:6, 7:5, 6:0; როჟერიო დუტრა სილვა (ბრა)-ვაშეკ პოსპიშილი (კან); რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული