თავდაპირველად ფავორიტებზე ვილაპარაკოთ, რომლებსაც ამჯერად იოლი გასეირნება გამოუვიდათ. მსოფლიოს პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო ჟოაო სოუზას. ეს იყო სერბის მეორე მატჩი ამ ტურნირზე, როცა მან მეტოქისთვის ხუთი ან ნაკლები გეიმი გაიმეტა და ზედიზედ მეთვრამეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში.
სერბის შემდეგი მეტოქე იქნება ესპანელი მარსელ გრანოლერსი, რომელმაც პირველ სამ წრეში ხუთსეტიანი შეხვედრები მოიგო. ამჯერად მან ტურნირს გამოთიშა ერთადერთი შემორჩენილი ამერიკელი ტიმ
ტომაშ ბერდიხმა ერთით მეტი გეიმი წააგო ჟულიან ბენეტოსთან, ვიდრე ჯოკოვიჩმა სოუზასთან. ჩეხმა 36 "ვინერსითა" და 11 ეისით დაასრულა მატჩი და ჯერჯერობით ამ ტურნირზე სეტი არ წაუგია. მისი მეტოქე იქნება შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა, რომელიც კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს ეთამაშებოდა. ვავრინკა გაჭირვებით გადაურჩა ხუთი სეტის თამაშს.
პირველი ორი პარტიის დამაჯერებლად მოგების შემდეგ შვეიცარიელმა ტემპი დააგდო და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. მარკოსი თავისუფლად ათამაშდა და სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს ლამაზი შეტევებით. კვიპროსელმა მოიგო მესამე სეტის ტაი-ბრეიკი და მეტოქის მოწოდება აიღო მეოთხე სეტის სტარტზე.
ბაღდატისმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო მატჩში მეორე ტაი-ბრეიკი. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მესამე შეხვედრა და ვავრინკას მესამე მოგება. რაც შეეხება შვეიცარიელის ურთიერთშეხვედრებს ბერდიხთან, აქ ანგარიშია 6:5 ვავრინკას სასარგებლოდ.
მივადექით ენდი მარეის, რომელიც, ტრადიციულად, ტურნირის მსვლელობისას იკრეფს ფორმას. მან ბრძოლაში მოიგო პირველი სეტი ფლორიან მაიერის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში გადაუარა მოწინააღმდეგეს. ეს იყო ბრიტანელის მე-40 მოგება მიმდინარე სეზონში.
მარეის მეტოქე მერვედფინალში დენის ისტომინისა და ანდრეას სეპის შეხვედრაში ირკვეოდა. უზბეკმა შეწყვიტა იტალიელის შვიდი ხუთსეტიანი მატჩის მოგებათა სერია. საინტერესოა, რომ ეს სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპიმ 2012 წლის უიმბლდონზე... ისტომინთან წააგო. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ მას შემდეგ ანდრეასმა ორჯერ მოასწრო ხუთ სეტში ისტომინის დამარცხება - წელს ავსტრალიის ღიასა და უიმბლდონზე. ასე რომ, ამ ჩოგბურთელთა ზედიზედ მეოთხე დაპირისპირება ხუთსეტიანი გამოვიდა.
აგრძელებს ბრწყინვალე სვლას ამერიკის ღიაზე ავსტრალიელი ვეტერანი ლეიტონ ჰიუიტი. მესამე წრეში ხუან მარტინ დელ პოტროს მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, 32 წლის ჩოგბურთელი ფავორიტად მიიჩნეოდა რუს ევგენი დონსკოისთან მატჩში. ამ უკანასკნელმა ჩააგდო მატჩის დებიუტი, როცა თავიდანვე დათმო საკუთარი მოწოდება და ეს სეტის წაგებად დაუჯდა. ავსტრალიელს კარგად გამოსდიოდა პირველი მოწოდება, რომლის დროსაც ქულების 75 პროცენტი აიღო.
ლეიტონს პირველი რთული მომენტი მეორე სეტის ბოლოს დაუდგა, როცა 5:5-ზე დონსკოიმ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ჰიუიტმა საფრთხე მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, სადაც ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. მესამე სეტში დონსკოიმ სტაბილურად ითამაშა და შეძლო მატჩში ერთადერთი ბრეიკის გაკეთება, რამაც პარტიაში მოგება მოუტანა, მაგრამ რუსმა მეოთხე სეტში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და შანსი აღარ ჰქონდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის წინააღმდეგ.
მერვედფინალში ჰიუიტი ასევე რუს ჩოგბურთელს, მიხაილ იუჟნის შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებს. ამ ჩოგბურთელთა ბოლო მატჩი შარშან, ცინცინატის მასტერსზე გაიმართა და ავსტრალიელმა ორ სეტში გაიმარჯვა.
III წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:0, 6:2, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 4:6, 0:6, 6:3, 7:5; მიხაილ იუჟნი (რუს, 21)-ტომი ჰაასი (გერ, 12) 6:3, 6:2, 2:6, 6:3; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ევგენი დონსკოი (რუს) 6:3, 7:6(5), 3:6, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ფლორიან მაიერი (გერ) 7:6(2), 6:2, 6:2; დენის ისტომინი (უზბ)-ანდრეას სეპი (იტა, 20) 6:3, 6:4, 2:6, 3:6, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:2, 6:7(1), 7:6(7); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ჟულიან ბენეტო (საფ, 31) 6:0, 6:3, 6:2.
1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-გრანოლერსი; იუჟნი (21)-ჰიუიტი; მარეი (3)-ისტომინი; ვავრინკა (19)-ბერდიხი (5); გასკე (8)-რაონიჩი (10); ტიპსარევიჩი (18)-ფერერი (4); ფედერერი (7)-რობრედო (19); კოლშრაიბერი (22)-ნადალი (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: დაუბრეიკებელი რაფაელ ნადალი