ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაისეირნა ამ ეტაპზე. მან 79 წუთში გაანადგურა ესპანელი მარსელ გრანოლერსი - 6:3, 6:0, 6:0. სერბს თითქმის არ შეხვედრია წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მიღებაზე პირველი ქულა მხოლოდ მეორე სეტის შუაში აიღო და 3:3-დან მოყოლებული, ჯოკოვიჩმა ზედიზედ 15 გეიმის აღება შეძლო! ნოვაკს ამ ტურნირზე ჯერ სეტი არ წაუგია, ოთხი მატჩიდან კი სამი ისე მოიგო, რომ ხუთ გეიმზე მეტი არ დაუთმო მეტოქეებს.
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე
ავსტრალიელმა ვერ მოახერხა დარჩენილი ორი ქულის აღება, მისმა მეტოქემ ამჯერადაც ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სასწაულებრივ გააღწია მეოთხედფინალში.
იუჟნი კარიერაში მეორედ არის “დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალში. პირველად ეს 2012 წელს მოხდა, როცა მან უიმბლდონის საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის შეაღწია. რაც შეეხება მის ურთიერთშეხვედრებს ჯოკოვიჩთან, სერბს არც ისე დიდი უპირატესობა აქვს - 5:3.
* * *
აგრძელებს ნიუ იორკში ტიტულის დაცვას ენდი მარეი, რომელსაც თითქოს იოლი მეტოქე ჰყავდა უზბეკი დენის ისტომინის სახით. თუმცა ეს უკანასკნელი კარგად თამაშობს სწრაფ კორტებზე და თავისი ძალა მსოფლიოს მესამე ნომერსაც დაანახა. საერთო ჯამში, მარეი ფლობდა უპირატესობას და პირველ პარტიაში სეტზეც აწვდიდა, თუმცა ისტომინმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ ტაი-ბრეიკზე შეძლო გამარჯვება.
ამის შემდეგ მარეი სტაბილურად ათამაშდა. სულ მას მატჩში 15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელთაგანაც ექვსი გამოიყენა, 38 “ვინერსი” მიითვალა, მაგრამ ამასთან, 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა. აშშ-ის ღიაზე ბრიტანელის მოგებათა სერიამ 11 მატჩს მიაღწია.
მატჩებამდე ჯოკოვიჩი და ბერდიხი იყვნენ ის ჩოგბურთელები, რომლებსაც სეტი არ ჰქონდათ წაგებული. თუმცა, ნოვაკისგან განსხვავებით, ჩეხს სერიოზული მეტოქე ჰყავდა სტანისლას ვავრინკას სახით. მართალია, ფავორიტმა პირველი სეტი იოლად მოიგო, მაგრამ მეორეში ძალიან მძლავრ თამაშს წააწყდა შვეიცარიელისგან და მხოლოდ ერთი გეიმი აიღო.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე სეტი, რომელიც 70 წუთი გაგრძელდა. შვეიცარიელმა ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება, ტაი-ბრეიკზე კი 1:4 ჩამორჩა, მაგრამ კარგად გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან და მეოთხე სეტში იოლად მოუგო ფსიქოლოგიურად გატეხილ მეტოქეს. ვავრინკა მეცხრედ თამაშობს ამერიკის ღიაზე და მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. ის ჩამორჩება თავის მომდევნო მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში - 5:8.
1/8-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:3, 6:0, 6:0; მიხაილ იუჟნი (რუს, 21)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:3, 3:6, 6:7(3), 6:4, 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დენის ისტომინი (უზბ) 6:7(5), 6:1, 6:4, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 3:6, 6:1, 7:6(6), 6:2.
1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-იუჟნი (21); მარეი (3)-ვავრინკა (19); გასკე (8)-ფერერი (4); რობრედო (19)-ნადალი (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: "კლასიკო" არ იქნება