აშშ-ის ღია პირველობა: საუკეთესოების ფინალი

AutoSharing Option
უნიკალური სიტუაცია დაფიქსირდა ამერიკის ღია პირველობის ფინალების წინ - იშვიათად ხდება “დიდი სლემის” ტურნირებზე, როცა გადამწყვეტ მატჩში გადიან რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები.

პირველები კორტზე სტანისლას ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდნენ. ეს მატჩი უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მეორე ნახევარფინალი. ჯერერთი, ვავრინკამ წინა ორ ეტაპზე ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ტომაშ ბერდიხი და ენდი მარეი, რაც მის კარგ ფორმაზე მეტყველებდა, გარდა ამისა, ყველას ახსოვდა ამ ჩოგბურთელთა თრილერი ავსტრალიის ღია პირველობაზე. საერთოდ, ჯოკოვიჩისა და ვავრინკას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო - 12:2 ნოვაკის სასარგებლოდ. ძირითადად, სერბი
მძიმედ იგებდა - ხუთი შეხვედრა გადამწყვეტ სეტში დასრულდა. ასევე უნდა აღინიშნოს საინტერესო ტენდენცია: ვავრინკამ ხუთჯერ მოიგო პირველი სეტი, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთხელ მიაღწია გამარჯვებას.

ისევე როგორც მელბურნში, ვავრინკამ კარგად დაიწყო შეხვედრა. საერთოდაც, მატჩის სცენარი ძალიან ჰგავდა მათ შეხვედრას ავსტრალიის ღიაზე. იქ ანგარიში იყო 6:1, 5:2 შვეიცარიელის სასარგებლოდ. აქ კი ვავრინკა 6:2, 4:2 დაწინაურდა. და ორივე შემთხვევაში, ნოვაკი გადაურჩა სეტებში 0:2-ს. სწორედ ამ დროს დაიწყო ნამდვილი თამაში. მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მეტოქე მასზე გაცილებით კარგად და აქტიურად თამაშობდა, ნოვაკი კი ძირითადად მეტოქის შეცდომების მოლოდინში იყო, მაგრამ მოახერხა ბრეიკის დაბრუნება და მძიმე სეტის აღება ტაი-ბრეიკზე. შვეიცარიელს ნერვებმა უმტყუნეს – 2:3-ზე მან ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მართალია, სერბმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ნოვაკი თავის ჩვეულ დონეზე გავიდა. ორივენი დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, 3:4-ზე კი ჯოკოვიჩი ზედიზედ ოთხჯერ შეცდა და მეტოქეს ბრეიკი აჩუქა. შვეიცარიელმა ეს საჩუქარი მიიღო და სეტზე ჩააწოდა.

ვავრინკა გრძნობდა, რომ ჯოკოვიჩი არ იყო ფორმაში, ამიტომაც მესამე სეტის აქტიურად დაწყება და საქმის რაც შეიძლება სწრაფად მომთავრება სცადა, მაგრამ პირიქით მოხდა – სტანისლასმა წააგო პირველი სამი გეიმი, ჩოგანი დაამტვრია, მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო და ფეხი დაიზიანა. ექიმმა მას დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ შვეიცარიელმა მეხუთე სეტის თამაში ვერ აიცილა.

ნოვაკმა ისევ მოუმატა, გაცილებით ენერგიულად გამოიყურებოდა და უკეთ აღმოჩნდა მომზადებული მძიმე მატჩისთვის. გავლენა იქონია თამაშის მსვლელობაზე შვეიცარიელის დაზიანებამ: ის ყველა ბურთზე ვეღარ ასწრებდა და ვეღარ იყო ისეთი ზუსტი უკანა ხაზიდან. ვავრინკამ გაუძლო მარათონულ მესამე გეიმს (12-ჯერ დაფიქსირდა “თანაბარი”), რომელიც 21 წუთი გრძელდებოდა. მან მოიგო ეს დაძაბული გეიმი, მაგრამ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა და წააგო მომდევნო საკუთარი მოწოდება, ხოლო ამის შემდეგ, მიღებაზე შანსი თითქმის აღარ ჰქონია - 2:6, 7:6 (7:4), 3:6, 6:3, 6:4.

ამ მოგებით, ჯოკოვიჩი შეინარჩუნებს პირველ ადგილს ახალ რეიტინგში. სერბი ზედიზედ მეოთხედ, ჯამში კი მეხუთედ გავიდა ამერიკის ღიას ფინალში. ეს გამარჯვება 50-ე იყო მისთვის ამ სეზონში.

* * *
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთი ჩოგბურთელის მეორეზე უპირატესობა ძალიან დიდი იყო - რიშარ გასკეს ათიდან ერთხელაც არ ჰყავდა დამარცხებული რაფაელ ნადალი. მათი მე-11 მატჩის წინ, ბევრმა გაიხსენა შეხვედრა 1999 წელს, როცა ისინი 13 წლისანი იყვნენ და რიშარმა შეძლო რაფას დამარცხება.

ნადალმა მოიგო წილისყრა და მოწოდების მიღება აირჩია. როგორც გაირკვა, რაფამ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ფრანგი ძალიან ნერვიურობდა და მაშინვე წააგო საკუთარი მოწოდება. სეტის ბოლომდე ბრეიკი აღარ დაფიქსირებულა და ნადალმა ანგარიში წაიყვანა.

ესპანელმა იგივე მეორე სეტის სტარტზე გაიმეორა – ისევ აიღო მეტოქის მოწოდება პირველივე გეიმში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურნირზე რაფას არც ერთი საკუთარი მოწოდება არ ჰქონდა წაგებული, ამ სეტის მისთვის მიკუთვნება თავისუფლად შეიძლებოდა. მაგრამ გასკემ პატარი სასწაული მოახდინა – საპასუხო ბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა (ნადალის სერია 73-ე საკუთარ გეიმზე შეწყდა). ის გარკვეული ხანი ფლობდა ინიციატივას, მაგრამ ნადალი გაუმკლავდა რთულ მომენტს და ტაი-ბრეიკამდე მივიდა. შემოკლებულ გეიმში ბრძოლა არ გამოვიდა: ფრანგმა მაშინვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა და მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

0:2-ზე რიშარი აგრძელებდა ბრძოლას, მაგრამ მარჯვნიდან დარტყმები და მისი საფირმო ბექჰენდი ნადალს დიდ პრობლემას არ უქმნიდა, არადა, ესპანელი თავის შესაძლებლობებზე სუსტად თამაშობდა. სეტის შუაში ნადალმა ბრეიკი გააკეთა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4, 7:6(1), 6:2.

ნადალი მე-13 ტურნირს თამაშობს წელს და მე-12 ფინალში გავიდა. ჰარდზე მისი მოგებათა სერია 21 მატჩამდე ავიდა, TOP10-ის წევრებთან კი ამ სეზონში 16 მოგება და ერთი წაგება აქვს. რაფაელი მეთვრამეტედ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ამერიკელ პიტ სამპრასს. ამ დუეტის წინ მხოლოდ ივან ლენდლი და როჯერ ფედერერი არიან.

1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19) 3:6, 7:6(4), 3:6, 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-რიშარ გასკე (საფ, 8) 6:4, 7:6(1), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩის 14 ნახევარფინალი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფა ძალიან მინდა რომ მოიგო, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს!
brola
22:53 09-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული