აშშ-ის ღია პირველობა: ახლა უკვე ჰარდის მეფე

AutoSharing Option
ესპანელმა რაფაელ ნადალმა დაამტკიცა, რომ დღეისთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია. მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ფინალი მან 3 საათსა და 21 წუთში მოიგო. ამისთვის ოთხი სეტი გახდა საჭირო - 6:2, 3:6, 6:4, 6:1.

ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. უპირატესობა ჯოკოვიჩს ჰქონდა - 3:2, მთლიანად ურთიერთშეხვედრებში კი ნადალი იყო წინ - 21:15.

ამ შეხვედრაში თითოეულს ჰქონდა აშშ-ის ღიას მეორედ მოგების შანსი. გარდა ამისა, ესპანელი აპირებდა ჰარდზე მოგებათა სერიის გაგრძელებას, ნოვაკს კი სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ამ
მომენტისთვის ის ჯერაც მსოფლიოს პირველი ნომერია.

I სეტი
სერბმა საკმაოდ რთულად აიღო თავისი მოწოდება, თუმცა უკვე მესამე გეიმში ნადალმა ბრეიკი გააკეთა. რაფაელი ძალიან დამაჯერებლად გრძნობდა თავს უკანა ხაზზე და თითქმის არ ცდებოდა, ჯოკოვიჩი კი მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. პირველ პარტიაში მას 14 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა - 10-ით მეტი, ვიდრე მის მეტოქეს. ამასთან, ესპანელმა უფრო მეტი "ვინერსი" დააგროვა.

ნოვაკს საერთოდ არ ეხმარებოდა მოწოდება: ნადალი მშვიდად იღებდა ბურთებს და უპირატესობასაც კი ეუფლებოდა. შედეგად, რაფამ მეორე ბრეიკი გააკეთა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ნადალმა პირველი მოწოდებით ქულების 80 პროცენტი აიღო, ჯოკოვიჩმა - 50.

ამ ჩოგბურთელთა წინა 36 შეხვედრაში 31 მატჩი მოიგო იმან, ვინც პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. გარდა ამისა, ბოლო 20 წელიწადში ამერიკის ღიას ფინალებში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ერთმა მოთამაშემ მატჩი მოიგო პირველი სეტის წაგების შემდეგ (ხუან მარტინ დელ პოტრომ 2009 წელს დაამარცხა ხუთსეტიან ფინალში როჯერ ფედერერი).

II სეტი
მეორე სეტი აბსოლუტურად განსხვავებული გამოვიდა. ნოვაკმა დაალაგა თამაში უკანა ხაზზე, ალღო აუღო მეტოქის მოჭრილ დარტყმებს და ტემპსაც მოუმატა. სულ უფრო ხშირი იყო ამ ჩოგბურთელებისთვის დამახასიათებელი გრძელი გათამაშებები, ხოლო სეტის უმნიშვნელოვანესი მომენტი გახდა გათამაშება მეექვსე გეიმში. მეტოქეებმა 54 დარტყმა შეასრულეს!

საბოლოოდ, ესპანელი შეცდა და ამან ნოვაკს ბრეიკი მოუტანა - 4:2. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ესპანელმა ამ ტურნირზე საკუთარი მოწოდება წააგო. თუმცა სერბს ამ გათამაშებამ დიდი ძალა წაართვა და იქვე წააგო თავისი გეიმი, მაგრამ შემდეგ ისევ მოუმატა, კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და სეტზე ჩააწოდა. აშკარა იყო, რომ სერბმა ინიციატივა მოიპოვა.

III სეტი
ტენდენცია, რომელიც წინა პარტიის შუაში გამოჩნდა, მესამე სეტში გაგრძელდა - ნოვაკმა 2:0 წაიყვანა ანგარიში და ორმაგი ბრეიკის შანსი მიიღო. ნადალი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და მოთმინებისა და ხასიათის სიმტკიცის გამოჩენა მოუწია ამ რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად.

3:2-ზე ჯოკოვიჩმა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში ფანტასტიკურად თამაშობდა, უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თამაში კი ფანტასტიკური სანახავი იყო: ძალიან მაღალი სიჩქარეები, ბურთის შესანიშნავი გრძნობა, იდეალური სიზუსტე, არასტანდარტული სვლები და ფიზიკური მომზადება, რომლის წყალობითაც ისინი უმძიმეს გათამაშებებს უძლებდნენ.

მესამე სეტში მაყურებელმა მიიღო ყველაფერი, რისთვისაც სტადიონზე მივიდა: ორივენი საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებდნენ და ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდნენ. ჯოკოვიჩს სეტის მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, როცა 4:4-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. სწორედ ამ გეიმის გადარჩენის შემდეგ გამოვიდა საბოლოოდ კრიზისიდან ნადალი და ერთი ნაბიჯი რჩებოდა სეტის მოგებამდე.

მეათე გეიმში ნოვაკმა 30:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ რაფაელმა ბადესთან ლამაზი გათამაშებით მოიგო ქულა. შემდეგ ნოვაკმა ორ შეცდომა დაუშვა, სეტბოლზე კი უკანა ხაზიდან დარტყმისას სერბი კიდევ ერთხელ შეცდა. ტერმინი - "მოპარული სეტი" ძალიან უხდებოდა ამ პარტიას: ნოვაკი გაცილებით აქტიურად თამაშობდა, თითქმის ყველა კომპონენტში უფრო ძლიერი იყო, მაგრამ სეტებს შორის სწორედ რაფაელი დაწინაურდა.

IV სეტი
მაგრამ სპექტაკლს ისეთი გაგრძელება არ ჰქონია, როგორსაც მაყურებელი ელოდა. ისეთი შეგრძნება დარჩა, რომ ნოვაკი ბოლომდე ვერ მოვიდა გონს წინა სეტში დასანანი მარცხის გამო. მეოთხე სეტში ინტრიგა თითქმის არ ყოფილა: სერბი ემოციის გარეშე მოქმედებდა და არც კი ღიზიანდებოდა საკუთარი შეცდომების გამო.

ისევე, როგორც პირველ სეტში, ნადალმა ამჯერადაც ორმაგი ბრეიკით მოიგო და მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

ნადალი აინშტაინია
"მატჩი ძალიან ემოციური გამოვიდა. ალბათ, მხოლოდ ჩემმა გუნდმა იცის, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს გამარჯვება. ნოვაკის წინააღმდეგ ნებისმიერი შეხვედრა - განსაკუთრებულია. მხოლოდ მას შეუძლია მაიძულოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე თამაში", - განაცხადა რაფა ნადალმა.

"ნადალი იშვიათად ცდებოდა, კარგად მოქმედებდა, დროულად გადიოდა ბადესთან. მე მქონდა თამაშში გარდატეხის შეტანის შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენე. საბოლოოდ კი იმის თქმა შეიძლება, რომ ამ მატჩში არ ვიმსახურებდი გამარჯვებას", - ეს მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩის სიტყვებია.

ჯონ მაკინროი შედარებების ოსტატია. აი, რა განაცხადა ლეგენდარულმა ამერიკელმა მატჩის შემდეგ: "ნადალმა მოახერხა მასსა და ჯოკოვიჩს შორის მანძილის შემცირება. მე ვლაპარაკობ ფსიქოლოგიაზეც და თამაშზეც. მან უფრო მეტად დაიწყო მოწოდების ვარირება, უფრო ხშირად ურტყამდა ხაზის გასწვრივ - როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან. ის უფრო ხშირად უტევს ისეთ სიტუაციებში, როცა არავინ ფლობს ინიციატივას.

ორი წლის წინ ჯოკოვიჩი დომინირებდა მასზე. ახლა კი ტრავმისა და შვიდთვიანი შესვენების შემდეგ რაფაელმა ამოხსნა სერბული ამოცანა. მიმაჩნია, რომ ნადალი - ეს არის ჩოგბურთის ლეონარდო და ვინჩი ან ალბერტ აინშტაინი"
.

ნადალის სტატისტიკა
ბოლოს კი ნადალის ფანტასტიკური სტატისტიკის შესახებ. 27 წლის ესპანელმა "დიდი სლემის" ტურნირებზე მე-18 ფინალი ითამაშა და მე-13 ტიტული მოიგო. მასზე წინ მხოლოდ ორი ჩოგბურთელია - პიტ სამპრასი 14 ტიტულით და როჯერ ფედერერი - 17-ით.

ნადალმა ამ სეზონში ყველა მატჩი მოიგო ჰარდზე - 22-დან 22. ასე რომ, ის ახლა არა მხოლოდ გრუნტის, არამედ ჰარდის მეფეცაა.

რაფაელმა ამ სეზონში 13 ტურნირი ითამაშა, 12-ჯერ გავიდა ფინალში და 10 ტიტული მოიგო. მოგება/წაგების ბალანსია - 60/3.

აშშ-ის ღია პირველობის მოგებისთვის ნადალმა 3.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან ერთი მილიონი ბონუსია ამერიკური ტურნირების სერიის მოგებისთვის.

რაფა პირველი ჩოგბურთელია 2003 წლის შემდეგ, ვინც ამერიკის საჰარდო სერიაში ჰეთ-თრიკი შეასრულა: მოიგო მონრეალისა და ცინცინატის მასტერსები და აშშ-ის ღია. ბოლოს ეს ამერიკელმა ენდი როდიკმა გააკეთა. ჰარდზე დაუმარცხებელი სერია მოიცავს ამ სამ ტურნირსა და ინდიან უელსის მატერსს.

სხვა ჩემპიონები
მამაკაცთა წყვილებში ჩემპიონები გახდნენ ლეანდერ პაესი და რადეკ შტეპანეკი. ამ ინდურ-ჩეხურმა წყვილმა ერთხელ უკვე მოიგო "დიდ სლემზე" - 2012 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ქალთა წყვილების თანრიგში ჩეხებმა - ანდრეა ჰლავაჩკოვამ და ლუსი ჰრადეცკამ გაიმარჯვეს. ამასთან, ჰლავაჩკოვამ დუბლი შეასრულა - ბელორუს მაქს მირნისთან ერთად მოიგო მიქსტი. ასე რომ, სამივე წყვილთა თანრიგში ჩეხეთს ჰყავს თავისი გამარჯვებული.

იუნიორთა დონეზე კი ხორვატები დომინირებდნენ: გოგონებს შორის უძლიერესი გახდა ანა კონიუხი, ბიჭებში - ბორნა ჩორიჩი.

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:2, 3:6, 6:4, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფა წელს რომ შემჯამებელიც მოიგო, მართლა მაგატრი იქნებიიიიი! - დახურული კორტები არ გიყვარს მაგრამ უნდა ძალიან მოინდომო!
brola
15:03 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული