სხვათა შორის, ეს არის მესამე შემთხვევა ისტორიაში, როცა ერთმა ჩოგბურთელმა ზაფხულში სამი მთავარი ამერიკული ტურნირი მოიგო. ადრე ეს შეძლეს პატრიკ რაფტერმა და ენდი როდიკმა.
და კიდევ ერთი მიღწევაა აღსანიშნავი: ნადალი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში ახერხებს სეზონში "დიდი
ნიუ იორკში ტრიუმფის შემდეგ ნადალმა ილაპარაკა ამ ტიტულის მნიშვნელობაზე, ტრავმის შემდეგ დაბრუნების სირთულეებსა და სამომავალო გეგმებზე...
- როგორ მოახერხეთ მესამე სეტის მოგება?
- ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. ნოვაკი იმ მომენტისთვის ბრწყინვალედ თამაშობდა. როცა ის ასეთ დონეზე მოქმედებს, წინ ვერავინ დაუდგება. ვგრძნობდი, რომ არ შეიძლებოდა მისი შორს გაშვება. თუ მას კიდევ ერთი ბრეიკის შესრულების საშუალებას მივცემდი, უნდა გამოვთხოვებოდი მესამე სეტის მოგებაზე ფიქრს. ამიტომაც, უბრალოდ, ვცადე, ყოველი ბურთისთვის მებრძოლა, კონცენტრირებული ვყოფილიყავი მატჩის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე და დავლოდებოდი საკუთარ შანსს.
და ეს შანსი მოვიდა, თუმცა მანამდე, ჩემს მოწოდებაზე იყო 0:40. თავიდან ეისი შევასრულე, შემდეგ მარცხნიდან ხაზის გასწვრივ დარტყმა გამომივიდა... შემდეგ გეიმში კი ბრეიკი შევასრულე.
- ნახევარ წელზე მეტი გაატარეთ თამაშგარეთ. რამდენად ძლიერი იყო გამარჯვებებისადმი შიმშილის გრძნობა?
- ასეთი გრძნობა არ მქონია. არასოდეს მიფიქრია, რომ ამდენ მატჩს მოვიგებდი - მთელი ეს მასტერსები, ორი სლემი... ჩემთვის ეს ოცნებაზე მეტი იყო, ამიტომაც ვარ ბედნიერი. ძალიან გამიმართლა, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. მართალია, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ ამდენი გამარჯვებისთვის იღბალიც საჭიროა.
- ამაყობთ იმის გამო, რომ ისევ და ისევ ახერხებთ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას?
- ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მე უფრო ის მახარებს, რომ ამდენმა შრომამ შედეგი მოიტანა.
- "მეიჯორებზე" 13 გამარჯვებით თქვენ შემდეგი ხართ სიაში როჯერ ფედერერისა და პიტ სამპრასის შემდეგ. რას ფიქრობთ ამაზე? შეგიძლიათ ამ ლეგენდების გასწრება? თქვენ ხომ სულ რაღაც 27 წლის ხართ.
- მე უკვე მივაღწიე იმას, რაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი. ამას ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, როცა გაცილებით ნაკლები მქონდა მოგებული. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: გავაგრძელებ ბევრ მუშაობას. მინდა ისევ ვითამაშო დიდ ტურნირებზე და მივაღწიო გამარჯვებებს.
- თქვენ გაქვთ გამარჯვებები მელბურნში, ლონდონში, ნიუ იორკში, მაგრამ ამას გარდა, რვაჯერ აიღეთ მთავარი პრიზი პარიზში. გულშემატკივრებს დღემდე მიაჩნიხართ გრუნტის სპეციალისტად. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ჰარდზეც ერთ-ერთი საუკეთესო ხართ?
- მე ისედაც ვიცოდი, რომ ჰარდზე კარგად ვთამაშობ. იმის გაცნობიერება, საუკეთესო ვარ თუ უარესი, გავლენას არ ახდენს ჩემს კარიერაზე. ამიტომაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოვიგებდი თუ არა ამ ტურნირს.
- მაგრამ თქვენ არასოდეს ყოფილხართ ასეთი წაუგებელი ჰარდზე, როგორც წელს.
- ნუ ნერვიულობთ, მე წავაგებ. ოდესღაც ყველა მარცხდება.
- მუხლებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, წელს დაუმარცხებელი ხართ. როგორ მოხდა ეს? რა შეცვალეთ თქვენს თამაშში?
- განსაკუთრებული არაფერი შემიცვლია. უბრალოდ, ახლა კარგად ვთამაშობ. ეს არის მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, უფრო აგრესიულად დავიწყე მოქმედება. ვცდილობ, სწორედ ასეთ სტილში ვიმოქმედო, რადგან ყველაფერი კარგად გამომდის, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. თუ თქვენ ბევრს ცდებით და საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, გაგიჭირდებათ აგრესიულად მოქმედება.
- ჯოკოვიჩის მწვრთნელმა ერთხელ განაცხადა, რომ ჩოგბურთში ყველაზე რთულია ნადალის პარიზში დამარცხება. ახლა შეიძლება მისი სიტყვების შეცვლა - ყველაზე დიდი სირთულეა ნადალის დამარცხება. რა არის თქვენთვის მომავალი წლის გამოწვევა? იქნებ ნადალს "დიდი სლემის" შეგროვება სურს?
- არა. ახლა ჩემი ამოცანაა სეზონის კარგად დასრულება, თამაშის გაგრძელება პოზიტიური შეგრძნებებით და შემდეგ კარგად მომზადება მომავალი სეზონისთვის. ეს წელი დაუვიწყარი გამოვიდა, ამიტომაც ვაგრძელებ მუშაობას და ყველანაირი შანსის გამოყენებას. მიმაჩნია, რომ ერთ წელიწადში ოთხივე "სლემის" მოგება დღეს არავის შეუძლია. ეს ჩემი აზრია.
როცა ოდნავ ვარდება თამაშის დონე, აუცილებლად წააგებ როჯერთან, ნოვაკთან ან ენდისთან. ჩემი მიზანია გავაგრძელო თამაში, მივიღო სიამოვნება და ვიყო ჯანმრთელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- ფინალამდე ამბობდით, რომ გერჩივნათ, ტიტულისთვის ვინმე სხვასთან გებრძოლათ და არა ნოვაკთან. ამის გამო ეს ჩემპიონობა უფრო განსაკუთრებული გახდა?
- ბოლოს და ბოლოს, მთავარია, რომ მე მაქვს ეს ტიტული. დღეისთვის, ნებისმიერ დიდ მეტოქესთან გამარჯვება ტიტულს განსაკუთრებულს ხდის. ისე კი, შემიძლია დადებითი პასუხი გაგცეთ კითხვაზე: გამარჯვება მართლაც უფრო მნიშვნელოვანია, როცა ფინალში ისეთ მეტოქეს ამარცხებ, როგორიც ნოვაკია.
მაგრამ თუ მკითხავთ, ვის ვისურვებდი მოწინააღმდეგედ შემდეგ ფინალში, გეტყვით, რომ არ მინდა, ეს ჯოკოვიჩი იყოს. მე არ ვგავარ იმ სულელს, რომელიც ისურვებდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოსთან შეხვედრას. არ მინდა უძლიერესებთან თამაში. მინდა უფრო სუსტებს შევხვდე.
- 3.6 მილიონი დოლარი – ეს არის სარეკორდო თანხა, რომელიც სამი ტურნირის მოგებისთვის მიიღეთ. რას ფიქრობთ ამაზე? აპირებთ, თანხის ნაწილი დახარჯოთ ინდოეთში სკოლების მშენებლობაზე? თქვენ ხომ ამით ხართ დაკავებული...
- სინამდვილეში, ჩვენ უფრო მეტი პროექტი გვაქვს, ვიდრე ინდოეთში სკოლების მშენებლობაა. ბევრი გეგმა გვაქვს ესპანეთში, და საერთოდაც, ჩემი ფონდი სულ უფრო მეტად ვითარდება. ამ საქმეში აქტიურად ვარ ჩართული და სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე საგამოფენო მატჩს ჩავატარებ ფონდის დასახმარებლად.
რაც შეეხება საპრიზო თანხებს, კარგია, რომ ჩოგბურთში ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. ამით სპორტის ჩვენი სახეობა უფრო პოპულარულია. მართლაც დიდი თანხა მივიღე. მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია ამერიკული ტურნირების ორგანიზატორებისთვის. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საპრიზო თანხების გასაზრდელად. თუმცა ამ ფულს სრულად ვერ მივიღებ. გადასახადი ესპანეთში 56 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მაინც დიდი თანხა გამოდის.
- რამდენად დიდია შემაჯამებელ ტურნირზე მოგების შანსი? დღემდე რატომ არ გაქვთ წლის ბოლო ჩემპიონატი მოგებული?
- დიახ, ეს სწორედ ის ტურნირია, რომელზეც ადრე არასოდეს მიმართლებდა. არასოდეს მომიგია შემაჯამებელი ჩემპიონატი, რადგან ის ყოველთვის დახურულ ჰარდზე იმართებოდა. ეს ყველაზე რთული საფარია ჩემთვის. დღეს, შესაძლოა, ასეთ კორტზე თამაში აღარ მიჭირს, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი უსამართლობად მიმაჩნია.
ეს არის სეზონის დასასრული, წლის ბოლო ტურნირი, სადაც რვა საუკეთესო ჩოგბურთელი იკრიბება. ისინი მთელი წელი თამაშობდნენ დარბაზში, ღია ცის ქვეშ, ჰარდზე, გრუნტზე, ბალახზე... მაგრამ შემაჯამებელი ტურნირი ყოველთვის რატომღაც სწორედ დარბაზში, ჰარდის კორტზე იმართება. რატომ არ შეიძლება ყოველ წელს საფარის შეცვლა? ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ყველა მოთამაშის შანსებს გაათანაბრებდა.
ყველაზე დიადი დაბრუნების ისტორია
სეზონის დასაწყისში, როცა რაფაელ ნადალი ფრთხილად ბრუნდებოდა ტურში, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ის უკვე ნახევარ წელიწადში იბრძოლებდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულისთვის. ბრიტანული პორტალის, The Tennis Space-ის მიმომხილველი მარკ ჰოჯკინსონი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი დაბრუნების საშუალედო შედეგებს აჯამებს.
"შეძლებს თუ არა რაფაელ ნადალი, რომელსაც ამ მომენტისთვის "დიდი სლემის" 13 ტურნირი აქვს მოგებული, უფრო მეტი "მეიჯორის" მოგებას და როჯერ ფედერერის რეკორდის დამხობას, რომელიც "დიდ სლემზე" 17 გამარჯვებას უტოლდება?
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ბევრი ფიქრობდა, რომ "სლემებზე" ესპანელის მოგებების ისტორია დასრულებული იყო, მაგრამ ახლა, როლან გაროსზე და ამერიკის ღიაზე ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ, ის ერთი ტიტულით ჩამორჩება პიტ სამპრასს და მხოლოდ ოთხი "მეიჯორი" აშორებს როჯერ ფედერერამდე, რომელიც, სავარაუდოდ, ვეღარ შეავსებს თავის კოლექციას.
თუ ნადალის მუხლები ნორმალურ მდგომარეობაში დარჩება, იოლი სავარაუდოა, რომ მინიმუმ კიდევ ორჯერ მოიგებს როლან გაროსის ტიტულს. ასე რომ, მას ექნება 15 გამარჯვება. იმისთვის, რომ შვეიცარიელს გაუთანაბრდეს, რაფას კიდევ ორი ტიტული დასჭირდება მელბურნში, ლონდონში ან ნიუ იორკში".
"თუ ის ჯანმრთელი იქნება, იოლად მოიგებს კიდევ ოთხ ან ხუთ "სლემს" - ეს ეჭვგარეშეა. პირადად მე მიმაჩნია, რომ დღეს რაფა თავის საუკეთესო ფორმაშია იმყოფება, - მიაჩნია ჯონ მაკინროის. – გასაოცარია ის, თუ როგორ ძლიერ სურს მას მოგება. მსგავსი არაფერი მინახავს. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ის ჯანმრთელი დარჩება, რადგან ეს მხოლოდ წაადგება სპორტის ჩვენს სახეობას".
შეიძლებოდა ასეთი რამის წარმოდგენა ჯერ კიდევ იანვარში, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღიას ფინალში დაამარცხა ენდი მარეი? მაშინ ბევრი სერიოზულად ფიქრობდა, რომ სწორედ სერბი და შოტლანდიელი დიდი ხნით გაბატონდნენ მსოფლიო ჩოგბურთში.
ახლა ნადალმა ნიუ იორკი მსოფლიოს მეორე ჩოგანის რანგში დატოვა, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ის სეზონს მსოფლიოს რეიტინგის პირველ ადგილზე დაასრულებს. მას წლის ბოლომდე არ სჭირდება სარეიტინგო ქულების დაცვა. ასე რომ, რაფა მხოლოდ საკუთარი უპირატესობის გაზრდით იქნება დაკავებული.
ჩოგბურთის ისტორიას არასოდეს უნახავს ასეთი დაბრუნება. ნადალის გრანდიოზული გამარჯვებების ფონზე მას შეიძლება ვაპატიოთ უიმბლდონის პირველ წრეში წაგება, რადგან სხვა დანარჩენ ტურნირზე ის, უბრალოდ, ბრწყინვალედ გამოვიდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩავიდა ნიუ იორკში და აშშ-ის ღიას სტარტის წინ მოაწყო უგლუკოზო დიეტის შესახებ თავისი წიგნის პრეზენტაცია. მისი თქმით, კვების ახალმა სისტემამ და წვრთნებმა შეცვალეს მისი ცხოვრება. თუმცა ახლა სერბ ჩოგბურთელს მოუწევს ისევ შეცვალოს თავისი მიდგომა თამაშის მიმართ, რათა გაუსწორდეს აღორძინებულ ნადალს შემდეგ საჰარდო მეიჯორზე – ავსტრალიის ღიაზე".
ნოვაკის გუნდი რაფაზე
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მისი გუნდის წევრებმა კომენტარი გაუკეთეს იმ ფაქტს, რომ რაფაელ ნადალმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 13 გამარჯვებას მიაღწია.
"13 "სლემი" ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ 27 წლისაა - ეს დაუჯერებელია. ეს არის მიღწევა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ეს ეჭვგარეშეა. მე ადრეც ვამბობდი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა იმათგან, ვისაც ოდესმე უთამაშია ჩოგბურთი. საკმარისია თვალი გადავავლოთ მის მიღწევებსა და მის ასაკს. მას კიდევ მრავალი წელი შეუძლია თამაში. სხვა არაფრის თქმა არ შემილია", - ამბობს მსოფლიოს პირველი ჩოგანი.
* * *
პოლონელმა მწვრთნელმა ვოიცეხ ფიბაკმა, რომელიც აშშ-ის ღიას დროს ჯოკოვიჩის გუნდში შევიდა, რაფაელ ნადალისთვის საინტერესო შედარება იპოვა.
"როგორც შოპენი იყო დაბადებული იმისთვის, რომ მუსიკა შეექმნა, ნადალი დაბადებულია იმისთვის, რომ საჩოგბურთო მატჩები მოიგოს. ფინალის მსვლელობისას თავში მუდმივად მიჩნდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ გენიოსის მუშაობას ვადევნებდი თვალს", - განაცხადა პოლონელმა სპეციალისტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფულისთვის არასოდეს მითამაშია