ენდი მარეი: დევისის თასი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანს ენდი მარეის არ ესმის, რატომ არ შეიძლება დევისის თასის მატჩები შეიტანონ აუცილებელი ტურნირების სიაში, როგორც ეს მასტერსებისა და "დიდი სლემის" ტურნირების შემთხვევაში ხდება.

"გახადეთ დევისის თასი სავალდებულო, რათა მასში მონაწილეობის საკითხი არ განიხილებოდეს. ტურში ჩვენი გამოსვლების გრაფიკი რამდენიმე ფანჯარას მოიცავს, ამიტომაც, არ მესმის, რატომ არ შეაქვთ დევისის თასი აუცილებელი ტურნირების სიაში. ჩვენ უნდა ვითამაშოთ 18 სავალდებულო ტურნირი ყოველ წელს, რაც 27-28 კვირას იკავებს, ჩვენ გვაქვს არჩევანი - სად ვითამაშოთ და სად არა", - ამბობს მარეი BBC-თან კომენტარში.

დევისის თასზე საუკეთესო მოთამაშეების გამოსვლაში შოტლანდიელი მთავარ პრობლემას ორგანიზმზე დატვირთვაში ხედავს, რაც უკავშირდება ერთი საფარიდან მეორეზე გადასვლას.

"საფარის შეცვლა - ყოველთვის მძიმე მომენტია. ძალიან რთულია, როცა ჰარდს გრუნტი ცვლის და პირიქით. და ეს ყველაფერი სამი კვირის განმავლობაში ხდება. დევისის თასის მატჩები კვირას სრულდება, სამშაბათს კი უკვე იწყება ATP-ის ტურნირები სხვა საფარზე, რაც არ არის მიზანშეწონილი ორგანიზმისთვის", - აგრძელებს უიმბლდონის ჩემპიონი.

დევისისა და ფედერაციის თასის მატჩები ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება და მარეის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო რიჩი. მან თქვა, რომ მესამე ჩოგანის ინიციატივა საინტერესოა და ის მზად არის დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

როჯერის უცნაური პარტნიორი
მსოფლიოს ყოფილი პირველ ჩოგანი როჯერ ფედერერი ჩინეთის ქალაქ შანხაიში, მასტერსის სერიის ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამოვა.

როგორც Tennis.com იუწყება, "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონი პარტნიორად აირჩევს დღეისთვის საუკეთესო ჩინელ ჩოგბურთელს ჟე ჟანგს, რომელიც ამჟამად 180-ე ადგილს იკავებს ATP-ის რეიტინგში.

ფედერერი წყვილებში არც ისე ხშირად თამაშობს, თუმცა მოგებული აქვს 2008 წელს დუეტებში ოლიმპიური თამაშები. მაშინ მისი მეწყვილე იყო თანამემამულე სტანისლას ვავრინკა. უკანასკნელად, ეს შვეიცარიელი ჩოგბურთელები ერთად კორტზე 2011 წელს, ინდიან უელსის ტურნირზე გავიდნენ, სადაც ფინალში ითამაშეს.

შარშან, შანხაის მასტერსზე როჯერი ერთეულებში გამოვიდა და ფინალში ენდი მარეისთან წააგო.
2013 წლის სეზონში ბოლოსწინა მასტერსი შანხაიში 6 ოქტომბერს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი: ნუ ნერვიულობთ, მეც წავაგებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული