პეკინის ტურნირის ფინალში რაფა ნადალის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა შანხაის მასტერსი ესპანელი მარსელ გრანოლერსის განადგურებით დაიწყო. 71 წუთში სერბმა მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო - 6:2, 6:0.
ჯოკოვიჩმა 10 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა, 26 "ვინერსი" მიითვალა და ასე მოიგო
დიდ ინტერესს იწვევდა როჯერ ფედერერის თამაში. ეს იყო ლეგენდარული შვეიცარიელის პირველი მატჩი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ტომი რობრედოსთან მარცხის შემდეგ.
შვეიცარიელი იტალიელ ანდრეას სეპის ხვდებოდა, რომელთანაც ცხრიდან ცხრა მატჩი ჰქონდა მოგებული. აპენინელმა კარგად დაიწყო, პირველმა გააკეთა ბრეიკი და 3:2 დაწინაურდა, მაგრამ როჯერი კარგად გამოვიდა ამ რთული სიტუაციიდან. მართალია, მას მეშვიდე გეიმში ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, მაგრამ ორი ბრეიკის გაკეთება მოასწრო და 6:4 მოიგო პირველი სეტი. მეორე პარტიაში ნაადრევი ბრეიკის შემდეგ ფედერერს პრობლემა აღარ შექმნია და 74 წუთში გაიმარჯვა - 6:4, 6:3.
ფედერერის შემდეგი მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება. როჯერს ძალიან სჭირდება შანხაიში წარმატებით გამოსვლა, რადგან წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის. შვეიცარიელი ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა ATP-ის საჩემპიონო რბოლაში.
რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან ყველაზე სწრაფ გამარჯვებას მიაღწია - 59 წუთში მოუგო უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს - 6:3, 6:2. ესპანელმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი სამი ბრეიკი შეასრულა.
ჩატარებული სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ ესპანელი დავიდ ფერერის სეზონში 50-ე მოგება. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა 6:3, 6:4 მოუგო ჩეხ ლუკაშ როსოლს.
ნოვაკს 2011 წელი უნდა
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვს, გაიმეოროს ორი წლის წინანდელი წარმატებები, თუმცა აღიარებს, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
2011 წელს ჯოკოვიჩმა 10 ტურნირი მოიგო, მათ შორის, "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი - ავსტრალიის ღია, უიმბლდონი და აშშ-ის ღია. საერთო ჯამში, სერბმა იმ სეზონში 70 მატჩი მოიგო და მხოლოდ ექვს მატჩში დამარცხდა.
"მესმის, რომ 2011 წლის სეზონის შედეგების გამეორება ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ მე ეს შევძელი და მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მატჩი წავაგე, დამაჯერებლობასა და რწმენას მმატებს, რომ ამის გაკეთებას კიდევ შევძლებ, - ამბობს ჯოკოვიჩი ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - მე ყოველთვის დიდ მოთხოვნებს ვუყენებ საკუთარ თავს და დიდი ამბიციები მაქვს. ყოველი სეზონი სხვადასხვაგვარად ვითარდება. შეუძლებელია ყოველთვის ფორმის პიკზე იყო და ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობას იღებ".
შეგახსენებთ, რომ ამ კვირას ჯოკოვიჩი კლასიფიკაციის პირველი საფეხურიდან ჩამოაქვეითა რაფაელ ნადალმა, რომელთანაც ნოვაკმა აშშ-ის ღიას ფინალში წააგო.
"ტრავმის შემდეგ რაფა ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებდა და მან დაიმსახურა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული. ნადალი - ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია ამ სეზონში. ახლა მეც კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ შევძელი კონცენტრაცია და საბრძოლველად განვეწყვე აშშ-ის ღიას ფინალში რაფასთან წაგების შემდეგ", - ამბობს ჯოკოვიჩი.
გასულ კვირას ჯოკოვიჩმა შეძლო, ნაწილობრივ აეღო რევანში ესპანელისთვის, როცა ის პეკინის ტურნირის ფინალში დაამარცხა და პირველი ტიტული მოიპოვა აპრილში მონტე კარლოს მასტერსის მოგების შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი დანებდა